Digest Logo

„პერიოდი გარდამტეხია, ვითარებას რამდენიმე ძლიერი ფაქტორი ამძაფრებს: „დიდი ჯვრის კონფიგურაცია“ - მიმდინარე კვირის ტენდენციები

1790573705
ასტროლოგია

28 სექტემბრიდან 4 ოქტომბრამდე წლის ერთ-ერთი ყველაზე ინტენსიური და წინააღმდეგობრივი კვირა გველოდება. ასტროლოგიური თვალსაზრისით, ეს პერიოდი გარდამტეხია, რადგან აქამდე დაგროვილმა პრობლემებმა და დაძაბულობამ შესაძლოა კრიტიკულ წერტილს მიაღწიოს.

ვითარებას ერთდროულად რამდენიმე ძლიერი ასტროლოგიური ფაქტორი ამძაფრებს: „დიდი ჯვრის“ კონფიგურაცია, ვენერას რეტროგრადული მოძრაობის დაწყება და მერკურის მომზადება რეტროგრადული ფაზისთვის.

ამ პერიოდის სირთულე მხოლოდ გარეგნული მოვლენებით არ შემოიფარგლება. შინაგანადაც მძაფრდება სურვილი, რომ ყველაფერი დაუყოვნებლივ გავარკვიოთ, დავასრულოთ ან საბოლოო პასუხი მივიღოთ. თუმცა, შინაგანი დაძაბულობის სწრაფად მოხსნის მცდელობამ შესაძლოა ისეთი გადაწყვეტილებებისკენ უბიძგოს ადამიანს, რომელთა შედეგებიც თავდაპირველ პრობლემაზე გაცილებით სერიოზული აღმოჩნდება. ამიტომ, ახლა მთავარია არა ნაჩქარევი რეაქცია, არამედ რეალობის ცივი გონებით გააზრება.

2 ოქტომბრამდე აქტიური იქნება მზისა და ნეპტუნის ოპოზიცია. ნეპტუნის გავლენით რეალობასა და ილუზიას შორის საზღვარი ბუნდოვანი ხდება. ამ დროს ადვილია სასურველის რეალობად აღქმა, ლამაზი დაპირებების დაჯერება, აგრეთვე სიტუაციების, ადამიანებისა თუ საკუთარი შესაძლებლობების გადაფასება.

კვირის პირველ დღეებში განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ პრაქტიკული საკითხების გადამოწმებას. ჰკითხეთ საკუთარ თავს, რამდენად რეალისტურია თქვენი გეგმა, გაქვთ თუ არა მისი განხორციელების რეალური რესურსი და ეყრდნობა თუ არა თქვენი გადაწყვეტილება ფაქტებს, თუ ის მხოლოდ იმედებსა და მოლოდინებს ეფუძნება. ამავდროულად, მზისა და ნეპტუნის ოპოზიცია ქმნის ჰარმონიულ „იალქნის“ კონფიგურაციასაც, რაც დაძაბულობიდან გამოსვლის შანსს იძლევა. როდესაც ცხოვრება გვიჩვენებს, რომ ძველი სცენარი აღარ მუშაობს, ახალი მიმართულების არჩევა გაცილებით პროდუქტიულია, ვიდრე ძველის ძალდატანებით შენარჩუნება.

კვირის მეორე ნახევარში მზისა და სატურნის ოპოზიცია გამოავლენს იმ სისუსტეებს, რომლებიც აქამდე არ ჩანდა ან რომელთა დანახვაც არ გვსურდა. სატურნი გვეკითხება, თუ რამდენად მყარია ის, რასაც ეყრდნობით. თუ რაღაც აღარ მუშაობს, ნუ აღიქვამთ ამას მარცხად, არამედ გაიაზრეთ, რას გასწავლით არსებული ვითარება და რა უნდა შეიცვალოს. ილუზია ქრება მაშინ, როდესაც ახალი, უფრო რეალური შესაძლებლობები ჩნდება.

29 სექტემბერს მარსი ლომის ნიშანში გადადის. კირჩხიბიდან ცეცხლის სტიქიაში გადანაცვლებით მარსის ენერგია უფრო პირდაპირი და აქტიური ხდება. იზრდება მოქმედების, გადაწყვეტილებების მიღებისა და საკუთარი პოზიციის ღიად დაცვის მოთხოვნილება. თუმცა, საერთო დაძაბული ფონის გამო, თავდაჯერებულობა ადვილად შეიძლება გადაიზარდოს საკუთარი უპირატესობის დამტკიცების სურვილში, რის გამოც აუცილებელია ერთმანეთისგან გავმიჯნოთ პრობლემის მოგვარება და საკუთარი სიმართლის ნებისმიერ ფასად დამტკიცება.

30 სექტემბერს მერკური მორიელის ნიშანში გადადის. სასწორისთვის დამახასიათებელი კომპრომისების ძიებას სიღრმეებში ჩასვლის სურვილი ჩაანაცვლებს და გვაინტერესებს არა მხოლოდ ნათქვამი, არამედ სიტყვების მიღმა დამალული რეალური მოტივი. ეს ტრანზიტი ხელსაყრელია კვლევის, სიღრმისეული ანალიზისა და ფსიქოლოგიური პროცესების გააზრებისთვის, თუმცა მაინც ერიდეთ ზედმეტ ეჭვიანობასა და უსაფუძვლო ბრალდებებს.

29 სექტემბრიდან კვირის ბოლომდე აქტიურდება „დიდი ჯვარი“, რომელიც ორ დაძაბულ ოპოზიციას აერთიანებს: მერკური-ქირონსა და მარსი-პლუტონს. ეს კონფიგურაცია მრავალმხრივ დაძაბულობას ქმნის. მარსისა და პლუტონის დაპირისპირება ამწვავებს ძალაუფლების, კონტროლისა და ინტერესთა კონფლიქტის თემებს, სადაც პრობლემის გადაჭრის სურვილი ადვილად შეიძლება გადაიქცეს ოპონენტზე გამარჯვების ჟინად. მერკურისა და ქირონის ოპოზიცია კი კომუნიკაციას განსაკუთრებით მგრძნობიარეს ხდის — ნეიტრალური ფრაზაც კი შესაძლოა საყვედურად აღიქვას და ძველმა წყენებმა იჩინოს თავი.

დაძაბული საუბრისას ყურადღება გადაიტანეთ პრობლემის მოგვარებაზე და არა ადამიანის პიროვნებაზე. მოერიდეთ ულტიმატუმებს, მუქარასა და მანიპულაციას. სიმართლის თქმა აუცილებელია, თუმცა არა ყველაზე მტკივნეული ფორმით. ამასთანავე, „დიდ ჯვარს“ მეორე მხარეც აქვს — ის უზარმაზარ ენერგეტიკულ პოტენციალს ატარებს. ის, რაც დიდხანს გადადებული იყო, საბოლოო მოგვარებას მოითხოვს, ამიტომ ეს ენერგია მიმართეთ რთული, მაგრამ აუცილებელი საქმეებისკენ და ნუ დახარჯავთ მას კონფლიქტებში. გლობალურ დონეზეც ეს სიმბოლიკა უკავშირდება გავლენის, რესურსებისა და კონტროლის გადანაწილების გამწვავებას, რაც ზრდის მკაცრი გადაწყვეტილებებისა და რთული მოლაპარაკებების ალბათობას.

კვირის ბოლოს ვენერა რეტროგრადულ ფაზაში გადადის, რაც 14 ნოემბრამდე გაგრძელდება. ეს პერიოდი უკავშირდება ურთიერთობების, სიყვარულის, ფინანსებისა და პირადი ღირებულებების გადახედვას. შესაძლოა კვლავ გააქტიურდეს ძველი გრძნობები, დაუმთავრებელი ურთიერთობები, წარსულის ადამიანები ან ფინანსური ისტორიები. ვენერას რეტროგრადულობისას განსაკუთრებული სიფრთხილე გმართებთ ქორწინების, მსხვილი ფინანსური გადაწყვეტილებებისა და ახალი ბიზნესის დაწყებისას, რადგან ეს პერიოდი არსებული სიტუაციის გააზრებასა და შეფასებას უფრო უწყობს ხელს, ვიდრე ახალი ციკლის სწრაფად დაწყებას.

28 სექტემბრიდან 4 ოქტომბრამდე პერიოდი მოგვიწოდებს, რომ ყველა პრობლემა ერთ კვირაში ვერ მოვაგვაროთ, თუმცა მნიშვნელოვანია დავინახოთ, თუ რომელი საკითხების გადადებაა შეუძლებელი. რამდენჯერმე გადაამოწმეთ ინფორმაცია, ყურადღებით წაიკითხეთ დოკუმენტები და მოერიდეთ ემოციურ ნიადაგზე დასკვნების გამოტანას. ნუ ჩაერთვებით კონფლიქტში მხოლოდ პრინციპის გამო და, თუ სიტუაცია იძლევა საშუალებას, აიღეთ პაუზა. ახლა ცა გვთხოვს არა იმპულსურ მოქმედებას, არამედ რეალობის თვალებში შეხედვას, სუსტი ადგილების აღიარებასა და ძველი მიდგომების შეცვლას.

ასევე დაგაინტერესებთ:

⭕28 სექტემბერს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია ღირსი აბბა იოსებ ალავერდელის ხსენების დღეს აღნიშნავს

⭕როგორი ამინდია მოსალოდნელი 28 სექტემბერს საქართველოში

✕