„2026 წლის 25 ნოემბერი — მარსი ქალწულში გადადის და იწყება 2027 წლის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და ხანგრძლივი ასტროლოგიური ციკლი!“, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში ასტროლოგი ნინა ხომერიკი წერს
„ცეცხლოვანი მარსი ქალწულში, მიწის სტიქიაში, ეს იქნება მოქმედების, ბრძოლისა და ცვლილებების რვათვიანი პერიოდი!
2026 წლის 25 ნოემბერს, მარსი, ენერგიის, ბრძოლის, ნების, ამბიციის, კონკურენციისა და მოქმედების პლანეტა, ლომის ნიშანს ტოვებს და ქალწულის ზოდიაქოში გადადის და ეს არ იქნება მარსის ჩვეულებრივი ტრანზიტი, მარსი, რომელიც, როგორც წესი, ერთ ზოდიაქოს ნიშანში დაახლოებით 6–8 კვირას ატარებს, ამჯერად ქალწულისა და ლომის ნიშნებს შორის, 2027 წლის ივლისის შუა რიცხვებამდე იმოძრავებს.
მნიშვნელოვანია: 25 ნოემბერი, საერთაშორისო ასტროლოგიური კალენდრის თარიღია; საქართველოს დროით, მარსი ქალწულში 26 ნოემბერს, დაახლოებით 03:37 საათზე შევა. ამ ხანგრძლივი ციკლის მთავარი მიზეზი, მარსის რეტროგრადული მოძრაობაა, რომელიც 2027 წლის დასაწყისში დაიწყება.
რატომ არის ეს ტრანზიტი განსაკუთრებული
მარსი წარმოადგენს ჩვენი მოქმედების სტილს, შინაგან ძალას, ინსტიქტებს, თავდაცვის უნარს, სექსუალურ ენერგიას, კონკურენციასა და მიზნის მიღწევის სურვილს. ქალწული კი მერკურის მმართველობაში მყოფი მიწის ნიშანია, რომელიც დაკავშირებულია ანალიზთან, შრომასთან, წესრიგთან, ჯანმრთელობასთან, ყოველდღიურ პასუხისმგებლობებთან, დეტალებთან და პრაქტიკულ აზროვნებასთან. ამ ორი ენერგიის გაერთიანება სრულიად განსხვავებული მოქმედების მოდელს ქმნის. თუ ლომში მარსი ცდილობდა გამარჯვებას, აღიარებას, საკუთარი ძალისა და ავტორიტეტის დემონსტრირებას, ქალწულში გადასვლის შემდეგ, მთავარი ხდება შედეგის მიღწევა შრომით, ცოდნით, გათვლითა და დისციპლინით.
ამ პერიოდში წარმატებას ნაკლებად განსაზღვრავს ის, ვინ უფრო ხმამაღლა აცხადებს საკუთარ ამბიციებს. უპირატესობას მიიღებს ის, ვინც უკეთ გეგმავს, ამჩნევს დეტალებს და საქმე ბოლომდე მიჰყავს.
ქალწულში მარსის მთავარი პრინციპია:
„ნუ დახარჯავთ ენერგიას ქაოსურ ბრძოლაში — იმოქმედეთ ზუსტად, გონივრულად და მიზანმიმართულად!“
მარსის მოძრაობის მნიშვნელოვანი თარიღებია:
• 25 ნოემბერი, 2026 — მარსი ქალწულში გადადის. იწყება საქმიანობის, შრომის, ჯანმრთელობისა და ყოველდღიური ცხოვრების გადახედვის ეტაპი.
• 10 იანვარი, 2027 — მარსი ქალწულის დაახლოებით მე-10- ე გრ-ზე რეტროგრადულ მოძრაობას იწყებს. ჩნდება შეფერხებების, დაუმთავრებელი საქმეების, წარსული კონფლიქტებისა და ძველი პრობლემების დაბრუნების ტენდენცია.
• 21 თებერვალი, 2027 — რეტროგრადული მარსი ლომში ბრუნდება. განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს პირადი ამბიციები, ავტორიტეტი, თვითშეფასება, ლიდერობა და ურთიერთობები, რომლებშიც ძალაუფლების საკითხი პრობლემურია.
• 1 აპრილი, 2027 — მარსი ლომის დაახლოებით 21-ე გრ-ზე დირექტულ მოძრაობას იწყებს. თანდათან შესაძლებელი ხდება გაჭიანურებული პროცესების დაძვრა.
• 14 მაისი, 2027 — მარსი კვლავ ქალწულში შედის. იწყება პრაქტიკული განხორციელების, საქმეების დასრულებისა და მიღებული გამოცდილების გამოყენების ეტაპი.
• 15 ივლისი, 2027 — მარსი ქალწულს საბოლოოდ ტოვებს და სასწორში გადადის.
ამრიგად, მთელი ციკლი დაახლოებით რვა თვეს მოიცავს, თუმცა, ამ დროის გარკვეულ ნაწილს მარსი ლომში გაატარებს.
კარიერა, სამსახური და პროფესიული ცვლილებები
ეს ტრანზიტი განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იქნება მათთვის, ვისი საქმიანობაც დაკავშირებულია მედიცინასთან, მომსახურებასთან, ტექნოლოგიებთან, ფინანსურ აღრიცხვასთან, ანალიტიკასთან, ადმინისტრირებასთან, განათლებასა და ორგანიზაციულ მართვასთან.
ასტროლოგიური თვალსაზრისით, მოსალოდნელია:
• სამუშაო პროცესების რეორგანიზაცია;
• თანამშრომლებისა და ხელმძღვანელების მიმართ მოთხოვნების ზრდა;
• პროფესიული შეცდომებისა და სისტემური ხარვეზების გამოვლენა;
• ძველი პროექტების გადახედვა და დახვეწა;
• პასუხისმგებლობების გადანაწილება;
• კონკურენციისა და პროფესიული კრიტიკის გაძლიერება.
განსაკუთრებით საინტერესო იქნება, 2027 წლის იანვრიდან აპრილამდე პერიოდი. რეტროგრადულმა მარსმა შესაძლოა სიმბოლურად გაააქტიუროს ძველი სამუშაო კონფლიქტები, ხელმძღვანელობასთან უთანხმოებები, პროფესიული გადაღლა და უკმაყოფილება საკუთარი საქმიანობით. ეს არ ნიშნავს, რომ სამსახურის შეცვლა აუცილებლად წარუმატებელი იქნება, თუმცა, მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებამდე აუცილებელია პირობების, ვალდებულებებისა და შესაძლო შედეგების საფუძვლიანი შეფასება.
2027 წლის პირველი ოთხი თვე უფრო მეტად ძველი სისტემის გადახედვისა და შეცდომების გამოსწორების პერიოდია, ხოლო მაისი–ივლისი, უკვე მიღებული გადაწყვეტილებების პრაქტიკულად განხორციელების.
ფინანსები და ბიზნესი — ფულის დაკარგვა თუ ფინანსური დისციპლინა
ქალწული დაკავშირებულია რესურსების სწორ გამოყენებასთან, ამიტომ, მარსის ამ ნიშანში, ხანგრძლივმა მოძრაობამ, შესაძლოა ყურადღება გაამახვილოს ხარჯებზე, ბიზნესის ეფექტიანობასა და ფინანსურ ვალდებულებებზე.
განსაკუთრებით მნიშვნელოვანი გახდება:
• არაეფექტიანი ხარჯების შემცირება;
• ბიუჯეტის, გადასახადებისა და დოკუმენტაციის მოწესრიგება;
• თანამშრომლების მუშაობის ეფექტიანობის შეფასება;
• ბიზნესის შიდა სტრუქტურის გაუმჯობესება;
• ვალდებულებებისა და კონტრაქტების გადამოწმება.
მარსის რეტროგრადული პერიოდი განსაკუთრებით მოითხოვს სიფრთხილეს იმ გადაწყვეტილებებში, რომლებიც ემოციურ დაძაბულობას, კონკურენციას ან დაუფიქრებელ ფინანსურ რისკებს უკავშირდება.
ამ ციკლის მთავარი ფინანსური გაკვეთილია: მეტი შემოსავალი ყოველთვის მეტ მუშაობას არ ნიშნავს, ზოგჯერ შედეგის მისაღებად არსებული რესურსების სწორად განაწილებაა საჭირო.
პირადი ურთიერთობები, სიყვარული კრიტიკისა და უკმაყოფილების გამოცდის წინაშე.
ქალწულში მარსი ემოციებს უფრო რაციონალურ და კრიტიკულ ფორმას აძლევს. ამ პერიოდში, შეიძლება გაიზარდოს პარტნიორის ყოველდღიური ქცევების მიმართ მგრძნობელობა. ურთიერთობებში შესაძლოა გამოიკვეთოს ისეთი საკითხები, რომლებიც აქამდე უმნიშვნელოდ ითვლებოდა:
• ვინ იღებს მეტ პასუხისმგებლობას?
• რამდენად სამართლიანად არის გადანაწილებული ვალდებულებები?
• რატომ არ ასრულებს პარტნიორი დანაპირებს?
• რამდენად ემთხვევა სიტყვები რეალურ მოქმედებებს?
ქალწულის ენერგიის უარყოფითი გამოვლინებაა გადაჭარბებული კრიტიკა, წვრილმანებზე კამათი, მუდმივი უკმაყოფილება და პარტნიორის შეცვლის სურვილი. განსაკუთრებით 2027 წლის იანვარ–აპრილში შესაძლოა დაბრუნდეს ძველი უთანხმოებები ან ურთიერთობები, რომლებშიც გადაუჭრელი კონფლიქტები დარჩა, თუმცა, დაბრუნება ყოველთვის შერიგებას არ ნიშნავს. ზოგჯერ წარსული იმისთვის აქტიურდება, რომ ადამიანმა საბოლოოდ გააცნობიეროს, რისი შეცვლა სჭირდება.
მთავარი გაფრთხილება: ნუ გადააქცევთ სიყვარულს მუდმივ კრიტიკად და პარტნიორის სრულყოფის მცდელობად!
ჯანმრთელობა, რატომ ხდება ეს სფერო განსაკუთრებით მნიშვნელოვანი
ასტროლოგიურად ქალწული უკავშირდება საჭმლის მომნელებელ სისტემას, ნაწლავებს, კვების რეჟიმსა და ჯანმრთელობაზე ყოველდღიურ ზრუნვას. მარსი კი ენერგიის ხარჯვას, დატვირთვას, დაძაბულობასა და აქტიურ მოქმედებას განასახიერებს, ამიტომ, აღნიშნული ტრანზიტის ერთ-ერთი მთავარი თემა იქნება სხეულზე ზრუნვა, სამუშაო დატვირთვასა და დასვენებას შორის ბალანსის დაცვა.
განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ:
• გადაღლასა და არასაკმარის დასვენებას;
• არარეგულარულ კვებას;
• ქრონიკული სტრესის მართვას;
• ფიზიკური დატვირთვის სწორ განაწილებას;
• ჯანმრთელობის გეგმიური შემოწმებების ჩატარებას.
ეს კარგი პერიოდია საკუთარი, ყოველდღიური ჩვევების გადაფასებისა და ჯანსაღი რეჟიმის ჩამოყალიბებისთვის.
მარსის რეტროგრადული მოძრაობა, 2027 წლის მთავარი გამოცდა
10 იანვრიდან 1 აპრილამდე, მარსი რეტროგრადული იქნება. ეს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მონაკვეთია მთელი ციკლის განმავლობაში. რეტროგრადული მარსი ხშირად უკავშირდება დაგროვილი აგრესიის, უკმაყოფილების, ჩახშობილი სურვილებისა და დაუმთავრებელი ბრძოლების ხელახლა გააქტიურებას. ამ პერიოდში, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საკუთარი რეაქციების კონტროლი. არ არის სასურველი მხოლოდ გაღიზიანების საფუძველზე სამსახურის დატოვება, ურთიერთობის გაწყვეტა, კონფლიქტის გამწვავება ან დიდი ფინანსური ვალდებულების აღება. შესაძლოა იგრძნოთ, რომ საქმეები სასურველი სიჩქარით აღარ ვითარდება, მაგრამ ეს არ უნდა აღიქვათ მხოლოდ უარყოფით მოვლენად.
ზოგჯერ შეფერხება სწორედ იმის შესაძლებლობას გვაძლევს, რომ დავინახოთ შეცდომა, რომელსაც სიჩქარეში ვერ ვამჩნევდით.
ამ რეტროგრადული მოძრაობის განსაკუთრებულობა ისიცაა, რომ მარსი ქალწულიდან ლომში დაბრუნდება, ამიტომ, ერთმანეთს დაუპირისპირდება ორი მნიშვნელოვანი თემა:
ქალწული: პასუხისმგებლობა, მოვალეობა, წესრიგი და პრაქტიკული შედეგი.
ლომი: სიამაყე, ეგო, ავტორიტეტი, აღიარება და პირადი სურვილები.
შესაბამისად, ბევრს შეიძლება მოუწიოს არჩევანის გაკეთება პირად ამბიციებსა და რეალურ პასუხისმგებლობებს შორის.
ვის შეეხება ეს ტრანზიტი ყველაზე ძლიერად.
განსაკუთრებით აქტიური იქნება ეს ციკლი მათთვის, ვისაც მზე, მთვარე, ასცენდენტი ან მნიშვნელოვანი ნატალური პლანეტები ქალწულის, თევზების, ტყუპებისა და მშვილდოსნის ნიშნებში აქვს.
ქალწული — პირადი ძალის, ცხოვრების მიმართულების, ჯანმრთელობისა და პროფესიული გადაწყვეტილებების გადაფასება.
თევზები — პარტნიორული ურთიერთობების, ქორწინების, თანამშრომლობისა და ღია დაპირისპირებების თემების გააქტიურება.
ტყუპები — საცხოვრებელი, ოჯახური პასუხისმგებლობები, უძრავი ქონება და სამსახურსა და პირად ცხოვრებას შორის ბალანსი.
მშვილდოსანი — კარიერა, ხელმძღვანელობასთან ურთიერთობები, პროფესიული სტატუსი და ამბიციების რეალიზაცია.
ეს მიმართულებები განსაკუთრებით აქტუალურია მზისა და ასცენდენტის ნიშნების მიხედვით.
მნიშვნელოვანი იქნება გავლენა მიწის ნიშნებზეც:
კურო — შემოქმედებითი პროექტები, პირადი ცხოვრება, შვილებთან დაკავშირებული პასუხისმგებლობები.
თხის რქა — განათლება, უცხოეთი, იურიდიული საკითხები, პროფესიული ცოდნის გაღრმავება.
ხოლო ლომის ნიშნის წარმომადგენლებისთვის და მათთვის, ვისაც მნიშვნელოვანი პლანეტები ლომის 20-დან – 30-ე გრადუსებში ჰყავს, განსაკუთრებით საყურადღებო იქნება 2027 წლის თებერვალი–მაისი.
ინდივიდუალური პროგნოზისთვის გადამწყვეტია ნატალური რუკის სახლები და მარსის ასპექტები.
როგორ გამოვიყენოთ ეს პერიოდი სწორად
მარსის ქალწულში ხანგრძლივი მოძრაობა გვასწავლის, რომ ნამდვილი ძალა ყოველთვის სისწრაფეში არ არის, ზოგჯერ ყველაზე დიდი გამარჯვება მოთმინებას, დისციპლინას, სწორ გათვლასა და საკუთარ თავზე ყოველდღიურ მუშაობას მოაქვს. 2026 წლის ნოემბრიდან 2027 წლის ივლისამდე სასურველია განსაკუთრებული ყურადღება დაუთმოთ პროფესიულ განვითარებას, ფინანსურ წესრიგს, ჯანსაღ ჩვევებს, დაუმთავრებელი საქმეების დასრულებასა და ყოველდღიური ცხოვრების გაუმჯობესებას.
ნუ ეცდებით ყველაფრის ერთდროულად შეცვლას.
ნუ მოითხოვთ საკუთარი თავისა და სხვებისგან იდეალურ შედეგს.
ნუ დაკარგავთ დროს იმ ბრძოლებში, რომლებიც რეალურ სარგებელს არ მოგიტანთ.
2027 წლის მარსის მთავარი გზავნილია:
„საკუთარი ძალა მხოლოდ ბრძოლისთვის არ გამოიყენოთ, გამოიყენეთ ის იმის შესაქმნელად, რაც თქვენს ცხოვრებას რეალურად შეცვლის.“
ეს არის პერიოდი, როდესაც დაუფიქრებელი სიჩქარე შეიძლება შეცდომების მიზეზი გახდეს, ხოლო გონივრული მოქმედება, შრომა და მოთმინება, მნიშვნელოვანი წარმატების საფუძველი.
2027 წელი გვაჩვენებს, ვინ უბრალოდ იბრძვის და ვინ იცის, რისთვის იბრძვის!
პროგნოზი ზოდიაქოს 12 ნიშნისთვის
პროგნოზი წაიკითხეთ როგორც მზის, ისე ასცენდენტის ნიშნის მიხედვით.
ვერძი:
სამსახური, ჯანმრთელობა და ყოველდღიური პასუხისმგებლობები.
თქვენთვის იწყება სამუშაო პროცესების გადახედვისა და პროფესიული დატვირთვის ზრდის პერიოდი. შესაძლოა შეიცვალოს სამუშაო გარემო, თანამშრომლებთან ურთიერთობები ან ყოველდღიური რეჟიმი. იანვარ–აპრილში მოსალოდნელია ძველი პროფესიული პრობლემების დაბრუნება და პირად ცხოვრებაში დაძაბულობა. მაისიდან მდგომარეობა უფრო ნათელი გახდება.
რჩევა: მოაწესრიგეთ სამუშაო გრაფიკი, მოერიდეთ გადაღლას და კოლეგებთან კონფლიქტებს.
კურო:
სიყვარული, შვილები, შემოქმედება და ფინანსური რისკები.
მარსი გაააქტიურებს რომანტიკულ ურთიერთობებს, შემოქმედებით საქმიანობასა და შვილებთან დაკავშირებულ საკითხებს. შესაძლებელია ახალი გატაცება ან არსებული ურთიერთობის გადაფასება. იანვარ–აპრილში ძველმა სასიყვარულო ისტორიებმა და ოჯახურმა უთანხმოებებმა შესაძლოა თავი შეგახსენოთ. სიფრთხილეა საჭირო სარისკო ინვესტიციებთან.
რჩევა: ნუ მიიღებთ ემოციურ, ფინანსურ გადაწყვეტილებებს და სიყვარულში მოერიდეთ ზედმეტ კონტროლს.
ტყუპები:
ოჯახი, საცხოვრებელი, უძრავი ქონება და ემოციური სტაბილურობა.
თქვენთვის განსაკუთრებით აქტიურდება ოჯახური და საცხოვრებელთან დაკავშირებული საკითხები. შესაძლებელია რემონტი, გადაადგილების ან საცხოვრებელი პირობების შეცვლის სურვილი. იანვარ–აპრილში მოსალოდნელია ძველი ოჯახური უთანხმოებების დაბრუნება, დოკუმენტაციასთან დაკავშირებული შეფერხებები ან ახლობლებთან კომუნიკაციის გართულება.
რჩევა: უძრავ ქონებასთან დაკავშირებული გადაწყვეტილებები მიიღეთ კარგად გააზრებულად, ნუ გაამწვავებთ ოჯახურ კონფლიქტებს.
კირჩხიბი:
კომუნიკაცია, დოკუმენტები, სწავლა და ფინანსური გადაწყვეტილებები.
იწყება ინტენსიური მოლაპარაკებების, ახალი ცოდნის მიღებისა და მნიშვნელოვანი დოკუმენტების მოწესრიგების პერიოდი. შესაძლოა გააქტიურდეს გადაადგილება, ახლო გარემოსთან ურთიერთობები და კომერციული საქმიანობა. იანვარ–აპრილში მეტი ყურადღება დაუთმეთ ფინანსებს, გადახდებსა და ძველ ვალდებულებებს.
რჩევა: გადაამოწმეთ ხელშეკრულებები, აკონტროლეთ ხარჯები და მოერიდეთ სიტყვიერ დაპირისპირებებს.
ლომი:
ფინანსები, შემოსავალი, თვითშეფასება და პირადი ამბიციები.
მარსი ფინანსური დამოუკიდებლობისა და შემოსავლების ზრდის სურვილს გააძლიერებს. შესაძლებელია დამატებითი შემოსავლის წყაროების ძიება, მაგრამ ხარჯების მატებაც. 2027 წლის თებერვლიდან მაისამდე, როდესაც მარსი თქვენს ნიშანს დაუბრუნდება, განსაკუთრებულად გააქტიურდება პირადი გადაწყვეტილებები, ურთიერთობები და ლიდერობის საკითხები.
რჩევა: მოერიდეთ დაუფიქრებელ ხარჯებს, კონფლიქტებსა და ძალაუფლებისთვის ბრძოლას, ენერგია საკუთარი პოზიციების გამყარებას მოახმარეთ.
ქალწული:
პირადი ცხოვრების გარდაქმნა, ენერგია, ურთიერთობები და მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები.
თქვენ ამ ციკლის ერთ-ერთი მთავარი მონაწილე ხართ, მარსის თქვენს ნიშანში მოძრაობა გააძლიერებს აქტიურობას, ამბიციებს, დამოუკიდებლობის სურვილსა და საკუთარი ცხოვრების შეცვლის მოთხოვნილებას. შესაძლოა გადაწყვიტოთ სამსახურის, ცხოვრების წესის ან ურთიერთობის შეცვლა. იანვარ–აპრილში ძველი საკითხები და შინაგანი დაძაბულობა უფრო მძაფრად გამოვლინდება. მაისიდან მოქმედების ახალი შესაძლებლობები გაჩნდება.
რჩევა: ნუ იჩქარებთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას. აკონტროლეთ გაღიზიანება, გაუფრთხილდით ენერგიას და იმოქმედეთ წინასწარ შედგენილი გეგმით.
სასწორი:
ფარული პროცესები, წარსული, ფსიქოლოგიური მდგომარეობა და პარტნიორობა.
თქვენთვის ეს პერიოდი შინაგანი გადაფასებისა და დაუმთავრებელი საკითხების დასრულებას უკავშირდება. შესაძლოა გააქტიურდეს ფარული კონკურენცია, ძველი წყენა ან ისეთი საკითხები, რომლებიც აქამდე ყურადღების მიღმა რჩებოდა. იანვარ–აპრილში მეგობრულ წრეში ან კოლექტიურ საქმიანობაში მოსალოდნელია უთანხმოებები. ივლისიდან მარსის თქვენს ნიშანში გადასვლა მოქმედების ახალ ეტაპს გახსნის.
რჩევა: ნუ ჩაერთვებით ინტრიგებში, დაიცავით პირადი საზღვრები და მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები მშვიდ ვითარებაში მიიღეთ.
მორიელი:
მეგობრები, სოციალური კავშირები, კარიერა და სამომავლო გეგმები.
მარსი გაააქტიურებს პროფესიულ კონტაქტებს, გუნდურ პროექტებსა და ახალი მიზნების განხორციელებას. შესაძლებელია გავლენიანი ადამიანების დახმარება, თუმცა კონკურენციის გაძლიერებაც. იანვარ–აპრილში განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ კარიერას, ხელმძღვანელობასთან ურთიერთობებსა და პროფესიულ რეპუტაციას.
რჩევა: სწორად შეარჩიეთ პარტნიორები და თანამოაზრეები, ნუ ჩაერთვებით კოლექტიურ დაპირისპირებებში.
მშვილდოსანი:
კარიერა, პროფესიული სტატუსი, ავტორიტეტი და საზოგადოებრივი აღიარება.
თქვენთვის ეს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პროფესიული ციკლია. შესაძლებელია ახალი პასუხისმგებლობების მიღება, დაწინაურებისთვის ბრძოლა ან საქმიანობის მიმართულების შეცვლა. იანვარ–აპრილში, განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ უცხოეთთან დაკავშირებულ გეგმებს, განათლებას, იურიდიულ საკითხებსა და დოკუმენტაციას. მაისიდან პროფესიული წინსვლისთვის მეტი შესაძლებლობა გაჩნდება.
რჩევა: ნუ დაუპირისპირდებით ხელმძღვანელობას ემოციურად. პროფესიული წარმატება დისციპლინასა და სწორ სტრატეგიაზე ააგეთ.
თხის რქა:
ემიგრაცია, უცხოეთი, განათლება, სამართლებრივი საკითხები და ფინანსური ვალდებულებები.
მარსი გაააქტიურებს უცხოეთთან დაკავშირებულ გეგმებს, სწავლას, საერთაშორისო თანამშრომლობასა და იურიდიულ საკითხებს. შესაძლოა გაჩნდეს გადაადგილების ან საქმიანობის გაფართოების სურვილი. იანვარ–აპრილში ყურადღება მიაქციეთ კრედიტებს, გადასახადებს, საერთო ფინანსებსა და პარტნიორულ ვალდებულებებს.
რჩევა: მოაწესრიგეთ საბუთები, გადაამოწმეთ ფინანსური პირობები და მოერიდეთ სარისკო ვალდებულებების აღებას.
მერწყული:
საერთო ფინანსები, კრედიტები, პარტნიორობა და მნიშვნელოვანი გარდაქმნები.
თქვენთვის აქტიურდება ფინანსური ვალდებულებების, გადასახადების, სესხებისა და პარტნიორთან საერთო რესურსების თემა. შესაძლებელია ძველი ფინანსური საკითხების გადახედვა. იანვარ–აპრილში განსაკუთრებულ ყურადღებას მოითხოვს პირადი და საქმიანი პარტნიორობა. შესაძლოა დაბრუნდეს ძველი კონფლიქტები ან ურთიერთობებში კონტროლის საკითხი გამწვავდეს.
რჩევა: ნუ აიღებთ დაუფიქრებელ ფინანსურ ვალდებულებებს. პარტნიორებთან ყველა მნიშვნელოვანი შეთანხმება მკაფიოდ განსაზღვრეთ.
თევზები:
ქორწინება, სიყვარული, პარტნიორობა და მნიშვნელოვანი ურთიერთობების გამოცდა.
თქვენთვის მარსის ეს ციკლი განსაკუთრებით გაააქტიურებს პირად და საქმიან ურთიერთობებს. შესაძლოა გაიზარდოს დაძაბულობა პარტნიორთან, კონკურენცია ან ურთიერთობის გარკვევის აუცილებლობა. ზოგიერთისთვის ეს პერიოდი ახალი ურთიერთობის დაწყების შესაძლებლობას შექმნის, სხვებისთვის კი არსებული კავშირის გადაფასების დრო იქნება. იანვარ–აპრილში სამუშაოსა და ყოველდღიური პასუხისმგებლობების საკითხებიც გააქტიურდება.
რჩევა: მოერიდეთ ულტიმატუმებს, ეჭვიანობასა და ემოციურ დაპირისპირებებს. პარტნიორული საკითხები დიალოგით მოაგვარეთ.
მთავარი გზავნილი ყველა ზოდიაქოს ნიშნისთვის
2026 წლის 25 ნოემბრიდან 2027 წლის ივლისის შუა რიცხვებამდე, მარსის ციკლი გვასწავლის, რომ წარმატება მხოლოდ სწრაფ მოქმედებას არ მოაქვს.
2027 წლის იანვარ–აპრილი, ძველი პრობლემების გადახედვის, შეცდომების აღმოჩენისა და სტრატეგიის შეცვლის პერიოდია.
მაისი–ივლისი კი დაგროვილი გამოცდილების გამოყენებისა და პრაქტიკული ნაბიჯების გადადგმის შესაძლებლობას ქმნის.
ამ ციკლში ყველაზე მეტად ის ადამიანები ისარგებლებენ, რომლებიც საკუთარ ენერგიას სწორად გადაანაწილებენ, არ აჰყვებიან პროვოკაციებს და მიზნისკენ თანმიმდევრულად იმოძრავებენ.
ასტროლოგიური გავლენის ინდივიდუალური სიძლიერე დამოკიდებულია ნატალურ რუკაზე, განსაკუთრებით იმ სახლებზე და პლანეტებზე, რომლებსაც ტრანზიტული მარსი შეეხება.
⭕ აგრეთვე დაგაინტერესებთ:
⭕„ფიზიკურად ვერ გპასუხობთ, მადლობა თითოეულ თქვენგანს ამხელა სიყვარულისთვის“ - მარიამ შარმანაშვილი