Digest Logo

„პირველი კვირა საკმაოდ ინტენსიური, ხისტი და დინამიკური იქნება...“ - რამაზ გიგაური 27 აპრილის ახალმთვარეობაზე

1745343029
რამაზ გიგაური

ასტროლოგი, ფსიქოლოგი და რამდენიმე წიგნის ავტორი, რამაზ გიგაური, სოციალურ ქსელში სხვადასხვა ასტროპროგნოზთან ერთად საზოგადოებას ხშირად უზიარებს სასარგებლო რჩევებსაც.

ამჯერად იგი ვრცელ პოსტს აქვეყნებს და 27 აპრილის ახალმთვარეობის შესახებ, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

„27 აპრილს, თბილისის დროით 23:31 საათზე ახალმთვარეობა კუროს ზოდიაქოს მე-8 გრადუსში იქნება. ეს გრადუსი სიმბოლურად უკავშირდება ლოგიკურ, რაციონალურ და პრაგმატულ მიდგომას. აქედან გამომდინარე, უახლოეს ერთი თვის მანძილზე ძალიან მნიშვნელოვანი იქნება კონკრეტული და რაც მთავარია, პრაქტიკული ნაბიჯების გადადგმა. საქმეებში, პროექტებში და თუნდაც, ურთიერთობებში ზედმეტი ფანტაზია შესაძლოა ძალიან მალე იქცეს ილუზიად და საკუთარი თავის შეცდომაში შეყვანის საშიშროება შექმნას.

ამ ახალმთვარეობის პირველი კვირა საკმაოდ ინტენსიური, ხისტი და დინამიკური იქნება, თუმცა თავდაჯერებულმა ადამიანებმა მოსალოდნელია სასიკეთოდ გამოიყენონ, რადგან ამ „სწრაფმა დინებებმა“ მათ არა პრობლემების შექმნა, არამედ პერსპექტივების განვითარება მოუტანოს. თუმცა აჩქარებამ, წინდაუხედაობამ და მოუთმენლობამ მოსალოდნელია კონფლიქტური სიტუაციები შექმნას.

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი დეტალი, ეს ახალმთვარეობა წარმოადგენს ნეგატიური კონფიგურაციის ე. წ. „ტაუ-კვადრატის“ წვერს, სადაც მზე-მთვარის გარდა, მონაწილეობას იღებენ მარსი და პლუტონი. საერთოდ, პლუტონი მარსის ასე ვთქვათ, „მაღალ ოქტავას“ წარმოადგენს, ამიტომ ამ ახალმთვარეობის პერიოდში გაზრდილი იქნება ავარიების და ხანძრების ალბათობა. როგორც წინა პროგნოზშიც მივუთითეთ, მოსალოდნელია გაჩნდეს ახალი შეიარაღებული შეტაკებების კერებიც.

ასტროლოგიური თვალსაზრისით, მთვარე - კუროს ნიშანში ეგზალტირებულია, რაც იმას ნიშნავს, რომ ის მთელი სისავსით ავლენს თავის დადებით თვისებებს. ამიტომ ეს ახალმთვარეობა საფუძველს დაუდებს საინტერესო ერთთვიან პერიოდს, რომელიც დიდწილად კავშირში იქნება ფინანსური სფეროს განვითარებასთან, ფინანსური პრობლემების გააზრებასთან და მათ მოგვარებასთან. მიუხედავად ამისა, ფინანსური სფერო მაინც ყურადღებას ითხოვს, განსაკუთრებული ის სფეროები, სადაც რისკის ალბათობა ძალიან მაღალია. სჯობს მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები საფუძვლიანი გააზრების შემდეგ იქნეს მიღებული.

გარდა ფინანსური სფეროსი, ეს პერიოდი ასევე კავშირში იქნება პირად ცხოვრებასთან, სასიყვარულო ურთიერთობებთან და საერთოდ, ყველანაირ კავშირთან, სადაც ემოცია უფრო ძლიერად ვლინდება, ვიდრე გონება. ასე რომ, მოსალოდნელია წინ წამოიწიოს ოჯახურ საკითხებმა, პირადმა ურთიერთობებმა. ამ მიმართულებით აუცილებელი გახდება გარკვეული პასუხისმგებლობის საკუთარ თავზე აღება, რათა ყველაფერი მშვიდობიან და ჰარმონიულ კალაპოტში განვითარდეს.

ზოდიაქოს ნიშნებთან დაკავშირებით, ცხადია, ეს ახალმთვარეობა პირველ რიგში მნიშვნელოვანი იქნება:

* კუროს ნიშნით დაბადებული ადამიანებისთვის და განსაკუთრებით იმათთვის, ვინც აპრილის ბოლოს არის დაბადებული (25-30 აპრილის შუალედი);
* ასევე მნიშვნელოვანი იქნება იმ ადამიანებისთვის, ვის პირად ჰოროსკოპშიც კუროს, ლომის, მორიელის და მერწყულის ზოდიაქოს მე-7, მე-8 ან მე-9 გრადუსში რომელიმე პლანეტა აქვთ განთავსებული“, - წერს რამაზ გიგაური.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 სააღდგომო სამზადისი იმდენად კარგი და ლამაზი რიტუალია, ბავშვობიდან ასე მახსოვს...“ - ასმათ ტყაბლაძე

⭕„მე მგავს, კორეელის არაფერი ეტყობა ჯერჯერობით და ყველა შოკშია“ - სოფია კვინიკაძე

⭕ნუცა ბუზალაძე „ამერიკის ვარსკვლავში“ დაბრუნდა – რა კადრებს აქვეყნებს მომღერალი