Digest Logo

რა არის 29 ივლისის სავსემთვარეობის მთავარი გზავნილი? - „თავისუფლების, თვითმყოფადობისა და ავთენტიკურობის თემას ეხება“

1785303050
სავსემთვარეობა

29 ივლისს, თბილისის დროით 18:37 საათზე, მერწყულის 6-7 გრადუსზე, წლის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და სიმბოლური სავსემთვარეობა დადგება. ეს პირველი სავსემთვარეობაა მას შემდეგ, რაც 27 ივლისს მთვარის კარმული კვანძები მერწყული-ლომის ღერძზე გადავიდნენ, ამიტომ იგი ახალი კარმული ციკლის ერთგვარ გახსნას წარმოადგენს.

იგი მნიშვნელოვანი ეტაპია, რომელიც გვამზადებს 12 აგვისტოს მზის სრული დაბნელებისთვის და შესაბამისად დაბნელებების გარდამტეხი პერიოდისთვის. ახლა საუკეთესო დროა საკუთარ თავში ჩავიხედოთ, დავინახოთ, რა არის უკვე ამოწურული, რას ვეჭიდებით მხოლოდ ინერციით და რა გვიშლის ხელს, რომ ახალი ეტაპი უფრო თავისუფლად, ძლიერად და გაცნობიერებულად დავიწყოთ.

ჩრდილოეთის კარმული კვანძი მერწყულში გადავიდა, სადაც ამ სავსემთვარეობის დროს მთვარე პლუტონთან შეერთდება, ხოლო სამხრეთის კარმული კვანძი ლომში იმყოფება, სადაც მზე იუპიტერს უერთდება. ეს კომბინაცია მიგვანიშნებს, რომ კაცობრიობა განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდა. იწყება პერიოდი, როდესაც ძველი მოდელები თანდათან კარგავს ძალას და სამყაროში სრულიად ახალი წესრიგი ყალიბდება.

ამ სავსემთვარეობის მთავარი თემა ინდივიდუალურ სურვილებსა და კოლექტიურ პასუხისმგებლობას შორის ბალანსის პოვნაა. ჩვენს წინაშე დგება მნიშვნელოვანი კითხვა - ვაგრძელებთ მხოლოდ პირადი წარმატებისკენ სწრაფვას, თუ მზად ვართ საკუთარი შესაძლებლობები უფრო დიდი მიზნების სამსახურში ჩავაყენოთ? სწორედ ამ არჩევანზე იქნება დამოკიდებული მომდევნო წლების მრავალი მოვლენა - როგორც პირად, ისე კოლექტიურ დონეზე.

ლომში მზისა და იუპიტერის შეერთება აძლიერებს ავტორიტეტს, ლიდერობას, გავლენას, მასშტაბურ იდეებსა და საკუთარი თავის გამოჩენის სურვილს. ეს არის ენერგია, რომელიც გვიბიძგებს, გამოვავლინოთ ჩვენი ნიჭი, ვიყოთ შემჩნეულები და ვიგრძნოთ საკუთარი მნიშვნელობა. მაგრამ იუპიტერი ყველაფერს ზრდის, ამიტომ ამ პერიოდში შეიძლება ეგოც განსაკუთრებით ხმამაღლა ალაპარაკდეს.

ამ ენერგიას უპირისპირდება მერწყულში მთვარისა და პლუტონის შეერთება - ღრმა ტრანსფორმაციის, ძველი სისტემების დაშლისა და ახალი სოციალური პროცესების დაბადების სიმბოლო. პლუტონი ყოველთვის ამჟღავნებს იმას, რაც აქამდე დაფარული იყო - საიდუმლოებებს, დაუმუშავებელ შიშებს, ძალაუფლებისთვის ბრძოლას, კონტროლის სურვილსა და ჩრდილში დატოვებულ ემოციებს. ამჯერად ეს პროცესები განსაკუთრებით შეიძლება გამოვლინდეს იმ ჯგუფების, ურთიერთობებისა და ადამიანების მეშვეობით, რომელთა ნაწილიც ვართ - ოჯახში, მეგობრულ წრეში, პროფესიულ გარემოში თუ საზოგადოებრივ საქმიანობაში.

სწორედ ამიტომ ამ ორი ენერგიის დაპირისპირება შესაძლოა მნიშვნელოვანი გლობალური მოვლენების ფონად იქცეს. მოსალოდნელია ხმაურიანი პოლიტიკური განცხადებები, საერთაშორისო შეთანხმებები, ძალაუფლების გადანაწილების მცდელობები, ეკონომიკური ცვლილებები და გადაწყვეტილებები, რომლებიც მომავალი მსოფლიო წესრიგის ჩამოყალიბებაზე მნიშვნელოვან გავლენას მოახდენს.

თუმცა ეს სავსემთვარეობა მხოლოდ დაძაბულობას არ მოაქვს. მზისა და იუპიტერის ოპოზიცია მთვარესა და პლუტონთან იზოლირებული არ არის. იგი ჩართულია ძლიერ ასტროლოგიურ კონფიგურაციაში - ე.წ. ტრაპეციაში, რომლის საყრდენებს ნეპტუნი და ურანი ქმნიან.

ეს ძალიან მნიშვნელოვანი მინიშნებაა. სამყარო მხოლოდ კრიზისს არ გვაჩვენებს - ის გამოსავალსაც გვთავაზობს. ნეპტუნი დაგვეხმარება დავინახოთ დაფარული პროცესები, გავაღრმაოთ ინტუიცია და ვიპოვოთ ახალი იდეალები, ხოლო ურანი მოგვიტანს მოულოდნელ აღმოჩენებს, ტექნოლოგიურ წინსვლას, ინოვაციებსა და არასტანდარტულ გადაწყვეტილებებს. ამიტომ, იქ, სადაც ერთი კარი დაიხურება, შესაძლოა სრულიად ახალი შესაძლებლობა გაიხსნას.

პირად ცხოვრებაში ეს სავსემთვარეობა თავისუფლების, თვითმყოფადობისა და ავთენტიკურობის თემას ეხება. მერწყული ყოველთვის სვამს კითხვას - ცხოვრობთ საკუთარი გზით თუ ისევ სხვისი მოლოდინების მიხედვით? ვინ მართავს სინამდვილეში თქვენს ცხოვრებას - თქვენი შინაგანი ღირებულებები თუ გარე გავლენები, შიში და სხვისი მოლოდინები?

შესაძლოა სწორედ ახლა გახდეს აშკარა, რომ ზოგიერთი ურთიერთობა, სამსახური, ჩვევა ან მსოფლმხედველობა უკვე ამოწურულია და მხოლოდ ჩვევის გამო არსებობს თქვენს ცხოვრებაში. განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ გარემოცვას. მერწყული მეგობრების, თანამოაზრეების, კოლექტივისა და საერთო მიზნების ნიშანია. შეიძლება აღმოაჩინოთ, რომ ზოგიერთი ადამიანი აღარ იზიარებს თქვენს ფასეულობებს, ხოლო ისინი, ვინც სწორედ ახლა გამოჩნდებიან თქვენს ცხოვრებაში, მომავალში თქვენი ყველაზე მნიშვნელოვანი თანამგზავრები გახდებიან.

მთვარისა და პლუტონის შეერთება ააშკარავებს ყველაფერს, რაც აქამდე ქვეცნობიერში იყო დამალული. მომდევნო ორი კვირის განმავლობაში ბევრ კითხვას პასუხი თითქოს თავისით გაეცემა. რეალობისთვის თვალის არიდება შეუძლებელი გახდება. მერწყულში სავსე მთვარე რენტგენის სხივს ჰგავს - ის ანათებს ყველაფერს, რასაც, შესაძლოა, საკუთარ თავსაც კი ვუმალავდით. ეს არ არის მხოლოდ მტკივნეული გამოვლენა; უფრო მოულოდნელი გაცნობიერებაა, როდესაც თითქოს ერთ წამში ყველაფერი თავის ადგილას დგება. შესაძლოა უცებ დაინახოთ გამოსავალი, მიიღოთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება ან მიხვდეთ, რომ რაღაც საბოლოოდ უნდა დასრულდეს.

იმის გამო, რომ ეს სავსემთვარეობა დაბნელებების დერეფნამდე ორი კვირით ადრე ხდება, იგი გვაძლევს შესაძლებლობას, გავთავისუფლდეთ ყველაფრისგან, რაც უკვე აღარ გვემსახურება. ეს საუკეთესო პერიოდია ძველი ტვირთის, შიშების, წყენის, დამღლელი ურთიერთობებისა და შინაგანი შეზღუდვების გასაშვებად, რათა ახალ ეტაპზე უფრო მსუბუქად და გაცნობიერებულად გადავიდეთ.

ამ პერიოდში სასურველია მოერიდოთ იდეოლოგიურ დაპირისპირებებსა და საკუთარი სიმართლის ნებისმიერ ფასად დამტკიცებას. გაცილებით მნიშვნელოვანი იქნება დიალოგის შენარჩუნება, განსხვავებული აზრის მოსმენა და თანამშრომლობის უნარი, რადგან ახალი კარმული ციკლი სწორედ კოლექტიური ცნობიერების განვითარებას ემყარება.

ლომისა და მერწყულის ღერძი ასევე გვახსენებს თვითრეალიზაციის ნამდვილ მნიშვნელობას. მზე და იუპიტერი გვეუბნებიან - გამოავლინე შენი ნიჭი, არ შეგეშინდეს, რომ იბრწყინო, მაგრამ პლუტონი მერწყულში მაშინვე სვამს მეორე კითხვას - რისთვის გინდა ეს ბრწყინვალება? მხოლოდ საკუთარი აღიარებისთვის, თუ იმისთვის, რომ შენი ცოდნით, გამოცდილებითა და შესაძლებლობებით სხვებსაც დაეხმარო?

სწორედ ეს არის ამ სავსემთვარეობის მთავარი გზავნილი. მომდევნო წლებში პირადი წარმატება სულ უფრო მეტად იქნება დაკავშირებული იმასთან, რამდენად სასარგებლო ხართ საზოგადოებისათვის. რაც მეტ სინათლეს, ცოდნას, მხარდაჭერასა და გამოცდილებას გაუზიარებთ სხვებს, მით უფრო მყარი გახდება თქვენი საკუთარი გზაც.

მომდევნო ორი კვირა შესანიშნავი პერიოდია მომავლის დაგეგმვისთვის. დაფიქრდით, როგორი გსურთ იყოს თქვენი ცხოვრება რამდენიმე წლის შემდეგ, რა ცოდნა უნდა შეიძინოთ, რა უნარები განავითაროთ და როგორი ადამიანების გარემოცვაში გსურთ ყოფნა. ეს ასევე ხელსაყრელი დროა ახალი ტექნოლოგიების შესასწავლად, ონლაინპროექტების დასაწყებად, მეცნიერებით, ინოვაციებითა და ჯგუფური საქმიანობით დაინტერესებისთვის. შესაძლოა ბედმა სწორედ ახლა მოგიყვანოთ ადამიანები, რომლებიც თქვენი მომავლის მნიშვნელოვან ნაწილად იქცევიან.

29 ივლისის სავსემთვარეობა მომავალთან შეხვედრას წარმოადგენს. ცვლილებები უკვე დაწყებულია. ერთადერთი კითხვა, რომელიც თითოეულმა საკუთარ თავს უნდა დაუსვას, არის რამდენად მზად ვარ ახალი ეპოქის ენერგიას გავყვე და შევქმნა ისეთი მომავალი, რომელიც ჩემს ნამდვილ მისიას შეესაბამება?

გახსოვდეთ, თუ ცვლილებებს შეგნებულად არ ვირჩევთ, ცხოვრება თავად შექმნის იმ გარემოებებს, რომლებიც გარდაქმნისკენ გვიბიძგებს. ამიტომ ახლა გაცილებით გონივრულია, თავად გადავდგათ პირველი ნაბიჯი, ვიდრე მოლოდინის რეჟიმში დავრჩეთ.

მომავლის შიში არაფერს ცვლის. რაც უნდა მოხდეს, ადრე თუ გვიან მაინც მოხდება, ამიტომ ეს სავსემთვარეობა გვიწვევს, ყოველი დღე უფრო მშვიდად, მეტი ნდობით, სიყვარულითა და მადლიერებით ვიცხოვროთ. სწორედ ამ შინაგანი მდგომარეობიდან იბადება ის ახალი რეალობა, რომლის კარსაც 29 ივლისის სავსემთვარეობა გვიღებს, ხოლო 12 აგვისტოს მზის სრული დაბნელება ახალ ეტაპზე გადაიყვანს.

ასევე დაგაინტერესებთ:

როგორი ამინდი იქნება 29 ივლისს საქართველოში - პროგნოზი ქალაქების მიხედვით

„ენერგეტიკულად ძლიერი და ემოციური პერიოდია...“ - ნინა ხომერიკის ასტროლოგიური პროგნოზი სავსემთვარეობაზე