Digest Logo

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 1-ელ ნოემბერს: დღის მთავარი ტენდენციები და რჩევები!

1793525759
ჰოროკსოპი

1-ელი ნოემბერი საკმაოდ დაძაბული, თუმცა საინტერესო დღეა. დღის პირველ ნახევარში ემოციური დაპირისპირებებისა და ძალაუფლებისთვის ბრძოლის ტენდენცია გაძლიერდება, დღის მეორე ნახევარში კი ვითარება შედარებით დასტაბილურდება და მეტი თავშეკავებისა და გონივრული მოქმედების შესაძლებლობა მოგვეცემა.

დილიდან მთვარე ლომის ნიშანში გადაინაცვლებს, რაც გააძლიერებს აქტიურობას, თავდაჯერებულობას, ინიციატივის გამოჩენისა და საკუთარი შესაძლებლობების წარმოჩენის სურვილს. მოიმატებს შემოქმედებითი ენერგიაც, თუმცა მთვარის ოპოზიცია პლუტონთან დღის პირველ ნახევარში ემოციურ ფონს გაამწვავებს. შესაძლოა, გაძლიერდეს კონტროლის სურვილი, პრინციპულობა და სხვების მხრიდან ზეწოლისადმი მგრძნობელობა. უმნიშვნელო უთანხმოებამაც კი შეიძლება სერიოზული დაპირისპირების სახე მიიღოს. გუშინდელი დაძაბული ასპექტების გავლენაც ჯერ კიდევ შესამჩნევი იქნება და ურთიერთობებში ძველი წყენა, იმედგაცრუება ან საკუთარი მნიშვნელობის დამტკიცების სურვილი წამოიწევს წინა პლანზე.

სასიხარულოა, რომ დღის მეორე ნახევარში ვითარება შედარებით ჰარმონიული გახდება. მთვარის ჰარმონიული ასპექტი რეტროგრადულ სატურნთან ხელს შეუწყობს დისციპლინას, მოთმინებას, პასუხისმგებლობის გრძნობასა და ორგანიზებულ მოქმედებას. გაგვიადვილდება ემოციების მართვა, გარემოებების ობიექტურად შეფასება და პრაქტიკული საკითხების თანმიმდევრულად მოგვარება. ეს დრო ხელსაყრელია დაგროვილი საქმეების დასასრულებლად, გეგმების მოსაწესრიგებლად და იმ საკითხების განსახილველად, რომლებიც პასუხისმგებლიან გადაწყვეტილებას მოითხოვს.

დღის განმავლობაში 22-ე მთვარის დღის ენერგიები იმოქმედებს. მისი სიმბოლო ოქროს გასაღებია. ეს სიბრძნის, ცოდნის, გააზრებისა და მნიშვნელოვანი აღმოჩენების დღეა. ხელსაყრელი პერიოდია ინფორმაციის დასამუშავებლად, გამოცდილების გასაანალიზებლად და იმ კითხვებზე პასუხების საპოვნელად, რომლებიც ბოლო დროს გვაწუხებდა. ამ დღის ენერგია ხელს უწყობს მოვლენების უფრო ფართო პერსპექტივიდან დანახვას, ინტუიციას და ახალი ცოდნის მიღებას. შესაძლოა, მოულოდნელად გავიაზროთ ის, რაც აქამდე გაუგებარი იყო, ან აღმოვაჩინოთ ახალი მიმართულება, რომელიც შემდგომი მოქმედებისთვის დაგვეხმარება.

1 ნოემბერი გვახსენებს, რომ ნამდვილი ძალა საკუთარი ემოციებისა და ქცევის მართვაა, და არა სხვებზე დომინირების სურვილი. დღის მთავარი ამოცანაა, არ დავკარგოთ შინაგანი წონასწორობა და ენერგია უსარგებლო დაპირისპირებაში არ დავხარჯოთ.

**რეკომენდაციები:** დღის პირველ ნახევარში მოერიდეთ კონფლიქტებს, ემოციურ პროვოკაციებს, ზეწოლას და საკუთარი სიმართლის მტკიცებას. ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს გაღიზიანებულ მდგომარეობაში. დღის მეორე ნახევარი გამოიყენეთ დაგროვილი საქმეების დასასრულებლად, გეგმების მოსაწესრიგებლად და პრაქტიკული საკითხების მოსაგვარებლად. სასარგებლოა კითხვა, სწავლა, ინფორმაციის მიღება, გამოცდილების გაანალიზება და ინტელექტუალური საქმიანობა. დაუთმეთ დრო საკუთარ ფიქრებს, მოუსმინეთ ინტუიციას, თუმცა გადაწყვეტილებები საღი განსჯის საფუძველზე მიიღეთ. მოერიდეთ აჩქარებას, ზედმეტ აურზაურსა და უსარგებლო კამათს.

გისურვებთ მშვიდ, ნაყოფიერ და წარმატებულ დღეს!

✕