„იცით, რომ ყოველი ჩვენგანის ცხოვრება 4-ეტაპიანია და თითოეულ ნაწილს თავისი დანიშნულება აქვს?“, - რას ნიშნავს სიცოცხლის ციკლი, როგორ უნდა გამოთვალოთ ის და რა არის საჭირო, რომ ოთხივე ეტაპზე შესაბამისი ამოცანები დაისახოთ, განახორციელოთ და წარმატებასაც მიაღწიოთ, ანუ ამ გამოცდილებით საკუთარი ბედიც კი შეცვალოთ, შეიტყობთ ეზოტერიკოსისგან, რომელიც „თბილისელებს“ ესაუბრა:
- ალბათ იცით, რომ ზოგისთვის ცხოვრება წრეზე სირბილს უფრო ჰგავს, რადგან დეკორაცია იცვლება, მაგრამ სიტუაცია - არა; ზოგისთვის კი ყველაფერი ერთ დღე-ღამეში დგება თავდაყირა და მარადიული უიღბლო ბედის ფავორიტი ხდება. თუმცა, ცხოვრების შეცვლის შესაძლებლობა, მხოლოდ ერთეულებს კი არა, ყველას აქვს - უბრალოდ, უნდა ვიცოდეთ, რა ამოცანებს გვიყენებს ცხოვრება სიცოცხლის ოთხივე ეტაპზე. დღეს განვმარტავთ, რას ნიშნავს სიცოცხლის ციკლი, როგორ გამოვთვალოთ მისი ოთხივე ეტაპი და ყოველ მონაკვეთზე შესაბამისი ამოცანები დავისახოთ.
- რა ეტაპებია ეს?
- ყველანი ბუნების შვილები ვართ და სიცოცხლის ციკლიც მის შესაბამის სეზონებად იყოფა: გაზაფხული, ზაფხული, შემოდგომა, ზამთარი. მაგრამ ხანგრძლივობის თვალსაზრისით, ეს ეტაპები ყველა ადამიანისთვის განსხვავებულია. იმისთვის, რომ ამ ეტაპების ასაკობრივი დიაპაზონი დადგინდეს, ჯერ თქვენი სიცოცხლის გზის ნომერი უნდა გამოთვალოთ, რაც დაბადების სრული თარიღის ყველა რიცხვის ჯამია. პირობითად ავიღოთ: 21/06/1987 და ჯამი დავიყვანოთ ერთნიშნა რიცხვამდე: 2+1+6+1+9+8+7=34, 3+4=7. ეს არის ცხოვრების გზის ნომერი. ერთი ციკლის ხანგრძლივობა 9 წელია, შესაბამისად, ოთხი ციკლის ჯამი არის 36. პირველი ციკლის (გაზაფხულის) საზღვრების გასარკვევად, 36-ს უნდა გამოაკლოთ სიცოცხლის გზის მიღებული ნომერი. ამ შემთხვევაში: 36-7=29, რითაც ირკვევა, რომ აღნიშნული მონაცემების პატრონის ცხოვრების პირველი პერიოდი 29 წლამდე გრძელდება, ხოლო ყოველი მომდევნო - ცხრა წელში ერთხელ დგება. ასე რომ, ამავე მაგალითის მიხედვით, ზაფხულის ეტაპი ჯდება 30 – 39; შემოდგომის - 40-49 წლების საზღვრებში; ზამთრისა კი, 50 წლიდან სიცოცხლის ბოლომდე გრძელდება.
- რა მიზნები და ამოცანებია შესასრულებელი თითოეულ ეტაპზე?
- როგორც აღვნიშნეთ, ცხოვრების ცალკეულ ეტაპს თავისი ამოცანები ახლავს, რომელთა ვიბრაციებსაც შესაბამისი პერიოდის მმართველი ციფრი განსაზღვრავს. აქედან გამომდინარე, ზოგჯერ შედეგი ძალიან უცნაურია: სულ ახალგაზრდა ყმაწვილის გამოთვლები გვიჩვენებს, რომ მის გაზაფხულს 9-იანი აკონტროლებს... და მართლაც, ბავშვი გიყურებს გონიერი თვალებით, რომელმაც ამ ცხოვრების შესახებ ყველაფერი იცის. თუმცა, დავუბრუნდეთ ისევ გამოთვლებს და თუ მაგალითად, კვლავ წინა თარიღს (06/21/1987) გამოვიყენებთ, ასეთ სურათს მივიღებთ: გაზაფხული - დაბადების თარიღისა და თვის ჯამი: 2+1+6=9; ზაფხული - დაბადების დღისა და წლის ჯამი: 2+1+1+9+8+7=28, 2+8=1; შემოდგომა - გაზაფხულისა და ზაფხულის რიცხვების ჯამი: 9+1=10=1; ზამთარი - დაბადების თვისა და წლის ჯამი: 6+1+9+8+7=31, 3+1=4.
- რას ნიშნავს თითოეული მათგანი?
- ამას ახლავე შეიტყობთ: 1 - ამ ეტაპის სირთულე ისაა, რომ ნაკლებია ურთიერთგაგება, ჭარბობს ეგოიზმი და პიროვნება მთელ სამყაროს უპირისპირდება. შესაბამისად, ინდივიდუალიზმი საკუთარი თავისადმი რწმენის, მიზანსწრაფულობის, დამოუკიდებლობისა და ლიდერის თვისებების გამომუშავებით უნდა დაამტკიცოთ. 2 - არცთუ იშვიათად ამ მონაკვეთს ახლავს კრიზისი ურთიერთობებსა და ქორწინებაში. მნიშვნელოვანია, ემოციები აკონტროლოთ, გამართოთ დიალოგი, მოიპოვოთ ნდობა, იყოთ მომთმენი და მოქნილი. 3 - ცხოვრების ეს მონაკვეთი თვითგამოხატვისა და შემოქმედებითი პოტენციალის განვითარების პერიოდია. აქ სიზარმაცის, ინერტულობისა და პესიმიზმის ადგილი არ არის. მთავარი მიზანია: გაიფართოვოთ ინტერესთა წრე, გიხაროდეთ ცხოვრება და მცირედითაც დაკმაყოფილდეთ. 4 - ეს პერიოდი მომავალი სტაბილურობის საძირკველია, რისთვისაც უნდა ისწავლოთ პრიორიტეტების სწორად განსაზღვრა, დაგეგმვა, გახდეთ დისციპლინირებული, ყველაფერი იდეალურად დაალაგოთ თავშიც და საქმეშიც. პირველი ნაბიჯები გადადგათ საკუთარი ფინანსური აქტივების შესაქმნელად. 5 - ეტაპი, როცა თავი უნდა დააღწიოთ ჩაჟანგულ წრეს და ნაბიჯი მომავლისკენ გადადგათ. მაგრამ, ცვლილება რომ დადებითი და დამაკმაყოფილებელი იყოს, გონებას უნდა უსმინოთ, კარგად აწონ-დაწონოთ გადაწყვეტილებები და არც წვრილმანი ანგარიში ითაკილოთ. 6 - მონათესავე სულის ძიებისა და დაოჯახების, ნათესაური კავშირების გაძლიერების დროა. მაგრამ, ჰარმონიული ურთიერთობის დასამყარებლად ისწავლეთ სხვების ინტერესების გათვალისწინება, მოთმინება და გულმოწყალება. 7 - ამ ეტაპის მთავარი ამოცანაა: ცოდნის დაგროვება, სრულყოფისკენ სწრაფვა, სულიერი განვითარება და თვითშემეცნება. მნიშვნელოვანია გააანალიზოთ საკუთარი გზა და უპასუხოთ კითხვებს, თუ რა მიმართულებით გსურთ წინსვლა და რა მიზნებს ისახავთ. 8 - პროფესიული და კარიერული წინსვლის დროა. უმაღლესი შედეგების მისაღწევად კი, საჭიროა დატვირთვა ისე გონივრულად გადაანაწილოთ, რომ ბალანსი დაიცვათ როგორც შრომასა და დასვენებას, ისე საერთოსა და პირადს შორის, რათა შეჩერებაც დროზე შეძლოთ. 9 - ეს დროა სიბრძნის, მოთმინების, გულმოწყალებისა და თანაგრძნობისა. ეს არის ყველაფერი, რაც აუცილებლად უნდა ისწავლოთ ამ პერიოდის ვიბრაციის გავლენით, რათა მომდევნო ეტაპზე მკვიდრი საფუძველი ჩაუყაროთ კეთილდღეობასა და შემდგომ განვითარებას.
ასევე დაგაინტერესებთ:
⭕„მამარდაშვილის დედაზე უფრო შოკში ვარ, თუ შვილზე, ჯერ ვერ ჩამოვყალიბდი“ - ნანუკა ჟორჟოლიანი
⭕„ერთად დგომით ყველაფერი შეგვიძლია და ეს არაერთხელ დაგვიმტკიცებია“ - რას წერს გიორგი ქოჩორაშვილი
წყარო: tbiliselebi.ge