26 ოქტომბერს, კუროს ზოდიაქოში მოსალოდნელი სავსემთვარეობა განსაკუთრებული ინტენსივობით გამოირჩევა და წინა პლანზე ცვლილებების, ძალაუფლებისა და ფინანსური კონტროლის საკითხებს წამოსწევს.
ასტროლოგი თამარ ხოსროშვილი საზოგადოებას სიფრთხილისკენ მოუწოდებს და განმარტავს, თუ რატომ გახდება ეს პერიოდი გარდამტეხი განსაკუთრებით ფიქსირებული ნიშნებისთვის:
„26 ოქტომბერს, თბილისის დროით 08:12 საათზე, სავსემთვარეობაა კუროს ზოდიაქოს 2°45′-ზე. მზისა და მთვარის ოპოზიცია ამ დროს თითქმის კვადრატს ქმნის პლუტონთან მერწყულში, რაც ამ ლუნაციას განსაკუთრებულ ინტენსივობას მატებს და წინა პლანზე ცვლილებების, ძალაუფლებისა და კონტროლის საკითხებს წამოსწევს.
♉️🌕კურო ფიქსირებული მიწის ნიშანია, სადაც მთვარე ეგზალტაციაშია. ნაყოფიერი მიწის სიმბოლო ასოცირდება სტაბილურობასთან, მატერიალურ უსაფრთხოებასთან, იმის შენარჩუნებასა და გაფრთხილებასთან, რასაც ვფლობთ, ვაფასებთ და რისთვისაც დროთა განმავლობაში გვიშრომია. შესაბამისად, კუროს არ უყვარს ცვლილებები, იმის დათმობა, რასაც მიჩვეულია, თავისად მიიჩნევს.
☀️♏️ამ დროს მზე მორიელშია, რომელიც, საპირისპიროდ, გაშვებას, გარდაქმნასა და მიჩვეულის დათმობას მოითხოვს, რათა კრიზისის გავლით შევიცვალოთ, გავძლიერდეთ და საკუთარი თავის ახალი ვერსია აღმოვაჩინოთ.
ესაა კურო–მორიელის ღერძის მთავარი დაპირისპირება: რას ვეჭიდებით დაკარგვის შიშით და რისი დათმობაა აუცილებელი ჩვენი განვითარებისთვის? პლუტონის მონაწილეობით ფორმირებული ტაუ კვადრატი ამ დაპირისპირებას კიდევ უფრო ამძაფრებს.
ასტროლოგიური სიმბოლიკით, ის ააქტიურებს ღრმა ემოციურ პროცესებს, მიჯაჭვულობასა და ცვლილებების მიმართ წინააღმდეგობას. გვიბიძგებს დავინახოთ, სად იქცა სტაბილურობის მოთხოვნილება განვითარების შემაფერხებელ ფაქტორად.
სავსემთვარეობის მმართველი ვენერა რეტროგრადულ მოძრაობაშია და სასწორის ზოდიაქოში დაბრუნდა, რაც ურთიერთობების, ღირებულებებისა და ფინანსური პრიორიტეტების გადაფასების თემას ააქტიურებს. მერკურიც უკვე რეტროგრადულია მორიელში და კომუნიკაციის, შეთანხმებებისა და წარსულში მიღებული გადაწყვეტილებების გადახედვის აუცილებლობაზე მიუთითებს.
🏦ფინანსურ თემებს ამ სავსემთვარეობაზე განსაკუთრებული აქცენტი აქვს. კურო–მორიელის ღერძი დაკავშირებულია პირად და საერთო რესურსებთან, საკუთრებასა და ფინანსურ უსაფრთხოებასთან.
ასტროლოგიური თვალსაზრისით, ეს პერიოდი სიფრთხილისკენ, რისკების შეფასებისა და იმპულსური ფინანსური გადაწყვეტილებებისგან თავის შეკავებისკენ მოგვიწოდებს.
განსაკუთრებით აღსანიშნავია, რომ მომდევნო 7 სავსემთვარეობა ზოდიაქოს ნიშნების საწყის გრადუსებში ხდება. ამავე დროს სამი უმაღლესი პლანეტა - ურანი, ნეპტუნი და პლუტონი - ნიშნების საწყის გრადუსებში მოძრაობენ. შესაბამისად, მომდევნო ლუნაციები მათთან ასპექტების ფორმირებისას პერიოდულად გაააქტიურებს ამ პლანეტებთან დაკავშირებულ მასშტაბური ცვლილებების თემებს.
ამ პერიოდში განსაკუთრებით დატვირთულია ფიქსირებული ჯვარი - კურო, ლომი, მორიელი და მერწყული. მზე, მთვარე, მერკური, მარსი და იუპიტერი ფიქსირებულ ნიშნებში არიან, რაც მიმდინარე პროცესებს ინტენსივობას მატებს. ფიქსირებული ენერგიის სიჭარბე აძლიერებს სიმტკიცესა და გამძლეობას, თუმცა, ამავდროულად, სიჯიუტესა და ცვლილებების მიმართ წინააღმდეგობასაც. სწორედ აქ იკვეთება მთავარი პარადოქსი - ცვლილებების აუცილებლობა ძლიერდება მაშინ, როდესაც მათი მიღების მზაობა ყველაზე დაბალია.
♉️♏️♒️♌️ეს სავსემთვარეობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანი შეიძლება აღმოჩნდეს მათთვის, ვისაც კუროს, ლომის, მორიელისა და მერწყულის საწყის 1°–4°-ზე ნატალური პლანეტები ან მნიშვნელოვანი კუთხეები აქვს. განსაკუთრებით საყურადღებოა მათთვის, ვის რუკაშიც ტრანზიტული პლუტონი ამჟამად მნიშვნელოვან ასპექტებს ქმნის. სავსემთვარეობა შესაძლოა ამ ხანგრძლივი ტრანზიტის თემების ერთგვარ ტრიგერად იქცეს. ამ ლუნაციის მთავარი გზავნილია - გავაცნობიეროთ, რისი შენარჩუნება გვაძლიერებს და რისი დათმობაა აუცილებელი ჩვენი შემდგომი განვითარებისთვის“, - წერს თამარ ხოსროშვილი.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕ როგორი ამინდია მოსალოდნელი 25 ოქტომბერს საქართველოში