Digest Logo

რომელ ნიშნებს მოუწევთ წარსულთან დაბრუნება და ვის სჭირდება ფინანსური სიფრთხილე? - თამარ აქუბარდიას პროგნოზი რეტრო მერკურის დროს, რომელიც 24 ოქტომბრიდან 13 ნოემბრამდე გაგრძელდება

1792411127
თამარ აქუბარდია

მერკური რეტროგრადულ მოძრაობას 2026 წლის 24 ოქტომბერს დაიწყებს, მორიელის ზოდიაქოს ნიშანში. რეტროგრადული ფაზა 13 ნოემბერს დასრულდება - ასტროლოგი თამარ აქუბარდია ზოდიაქოს ნიშნებისთვის მოსალოდნელ ტენდენციებზე „იუთუბის“ არხზე გამოქვეყნებულ ვიდეოში საუბრობს და ყურადღებას იმ საკითხებზე ამახვილებს, რომელთა მიმართაც ამ პერიოდში მეტი სიფრთხილეა საჭირო.

ასტროლოგიური პროგნოზის მიხედვით, ეს დრო შესაძლოა კომუნიკაციის, ურთიერთობებისა და მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების გადახედვის პერიოდად იქცეს.

ვერძი - რეტროგრადული მერკური ვერძებისთვის საერთო ფინანსების, ვალების, კრედიტებისა და ფინანსური დამოკიდებულების საკითხებს ააქტიურებს. ეს პერიოდი შესაძლოა კარგი დრო იყოს არსებული ვალდებულებების გადასახედად და იმ ფსიქოლოგიურ საკითხებზე სამუშაოდ, რომლებიც შინაგან დაძაბულობას იწვევს.

კურო - ყურადღების ცენტრში პარტნიორული ურთიერთობები, ქორწინება, საქმიანი შეთანხმებები და კლიენტებთან ურთიერთობა მოექცევა. შესაძლოა წარსულიდან დაბრუნდეს ისეთი საკითხები ან ადამიანები, რომლებთანაც ურთიერთობა ბოლომდე გარკვეული არ ყოფილა. მნიშვნელოვანია, გაუგებრობები მშვიდად განიხილოთ და ნაჩქარევი დასკვნები არ გამოიტანოთ.

ტყუპები - ამ პერიოდში განსაკუთრებული ყურადღება ყოველდღიურ რუტინას, სამსახურს, ჯანმრთელობას, კვებასა და დროის სწორად განაწილებას უნდა დაეთმოს. გადახედეთ ჩვევებს, სამუშაო პროცესს და იმ საკითხებს, რომელთა მოწესრიგებაც დიდი ხანია სურთ. ყურადღება მიაქციეთ ყოველდღიურ დეტალებსაც.

კირჩხიბი - გააქტიურდება შვილებთან ურთიერთობის, შემოქმედების, სიყვარულის, ჰობისა და თვითგამოხატვის თემები. შესაძლოა ძველი გატაცება კვლავ საინტერესო გახდეს ან დაუბრუნდეთ იდეას, რომლის განხორციელებაც ადრე ვერ მოახერხეთ. მნიშვნელოვანია, მეტი დრო დაუთმოთ იმას, რაც სიხარულსა და ემოციურ კმაყოფილებას განიჭებთ.

ლომი - ყურადღება სახლის, ოჯახის, მშობლებისა და პირადი წარსულისკენ გადაინაცვლებს. შესაძლოა კვლავ წამოიწიოს ბავშვობის გამოცდილებასთან ან ოჯახურ ურთიერთობებთან დაკავშირებულმა საკითხებმა. ეს პერიოდი კარგი შესაძლებლობაა, დაფიქრდეთ საკუთარ ემოციებსა და იმ ჩვევებზე, რომლებიც წარსულიდან დღემდე მოგყვებათ.

ქალწული - რეტროგრადული მერკური კომუნიკაციის, სწავლის, და-ძმებთან ურთიერთობის, ახლო გარემოცვის, ტრანსპორტისა და გადაადგილების საკითხებს შეეხება. ყურადღება გამოიჩინეთ როგორც საუბრისა და ინფორმაციის გადაცემისას, ისე გზაზე ყოფნის დროს. შესაძლოა საჭირო გახდეს ძველი შეთანხმებების დაზუსტება, დოკუმენტების გადამოწმება ან დაწყებული სასწავლო საქმის დასრულება.

სასწორი - რეტროგრადული მერკური სასწორებისთვის მეორე სახლს ააქტიურებს, რომელიც პირად ფინანსებს, შემოსავალს, რესურსებსა და თვითშეფასებას უკავშირდება. თამარ აქუბარდიას თქმით, შესაძლოა, ძველი ფინანსური საკითხები კვლავ წამოიწიოს ან დაბრუნდეს შემოსავლის წყარო, რომლითაც ადამიანი წარსულში სარგებლობდა. შესაძლებლობაა პირადი რესურსების, უნარებისა და ფინანსური ჩვევების გადასაფასებლად. სასწორებმა შესაძლოა კვების რეჟიმსაც გადახედონ. სიფრთხილით მოეკიდეთ ძვირადღირებულ შენაძენებს, უძრავი ქონების საკითხებსა და ფულის სესხებას ან გასესხებას.

მორიელი - რეტროგრადული მერკური პირველ სახლში ხვდება, რომელიც პირად იმიჯს, გარეგნობას, თვითგამოხატვასა და საკუთარი თავის აღქმას უკავშირდება. ეს პერიოდი საკუთარი თავის უკეთ გასაცნობად და იმ ქცევების გადასაფასებლად უნდა გამოიყენონ, რომლებიც ურთიერთობებში განმეორებით პრობლემებს ქმნის. მორიელებმა შესაძლოა მეტი ყურადღება დაუთმონ საუბრის მანერას, ურთიერთობებში საკუთარ ქცევებსა და იმას, თუ როგორ აღიქვამენ მათ სხვები.  ამ ეტაპზე უმჯობესია, ცვლილებების დაუყოვნებლივ განხორციელების ნაცვლად, ჯერ კარგად გააანალიზონ, რისი შეცვლა სურთ.

მშვილდოსანი - მერკურის რეტროგრადული მოძრაობა მე-12 სახლს უკავშირდება, რომელიც ქვეცნობიერის, დაფარული ემოციების, განმარტოებისა და დასვენების თემებს მოიცავს. ეს პერიოდი ხელსაყრელია შინაგან სამყაროში ჩასაღრმავებლად და იმ წყენებისა თუ განცდების გასააზრებლად, რომლებიც შესაძლოა ადამიანმა აქამდე ბოლომდე ვერ გააცნობიერა. შესაძლოა, მშვილდოსნებს ძველი ამბები გაახსენდეთ, დაფარული ინფორმაცია გაიგონ ან წარსულში დაწყებულ საკითხებს დაუბრუნდნენ. ყურადღება შეიძლება მიექცეს განმარტოების, ემოციური განტვირთვისა და ძველი გამოცდილების გააზრების საჭიროებასაც.

თხის რქა - რეტროგრადული მერკური მე-11 სახლს ააქტიურებს, რომელიც მეგობრებს, სოციალურ წრეს, თანამოაზრეებსა და სამომავლო გეგმებს უკავშირდება. შესაძლოა, ძველი მეგობრები კვლავ გამოჩნდნენ, აღდგეს წარსული კონტაქტები ან ადამიანი იმ ჯგუფს დაუბრუნდეს, რომელთანაც ადრე ურთიერთობდა. ამასთან, შესაძლოა, ხელახლა დაფიქრდეს, რამდენად შეესაბამება მისი სოციალური გარემო პირად ღირებულებებსა და მიზნებს. ზოგიერთი ძველი კავშირი შესაძლოა გარკვეული საკითხების საბოლოოდ გასარკვევად აღდგეს.

მერწყული - რეტროგრადული მერკური მე-10 სახლს უკავშირდება, რომელიც კარიერას, პროფესიულ სტატუსს, საზოგადოებრივ რეპუტაციასა და ხელმძღვანელებთან ურთიერთობას მოიცავს. ამ პერიოდში შესაძლოა კვლავ წამოიწიოს ძველმა პროფესიულმა საკითხებმა ან საჭირო გახდეს წარსულში არსებულ გაუგებრობებზე დაბრუნება. მერწყულებმა შეიძლება გადააფასონ საკუთარი პროფესიული გზა, დაფიქრდნენ, რამდენად კმაყოფილები არიან მიღწეულით და რა უნარების განვითარება სჭირდებათ.

თევზები - თევზებისთვის რეტროგრადული მერკური მე-9 სახლს ააქტიურებს, რომელიც მოგზაურობას, განათლებას, უცხოეთთან ურთიერთობას, ფილოსოფიურ შეხედულებებსა და მსოფლმხედველობას უკავშირდება. შესაძლოა, თევზები ძველ სასწავლო მასალებს, წიგნებსა თუ ადრე დაწყებულ კურსებს დაუბრუნდნენ. ზოგიერთისთვის აქტუალური შეიძლება გახდეს წარსულში გადადებული მოგზაურობის ან უცხოელებთან და უცხოურ კომპანიებთან დაკავშირებული საკითხებიც.

ვრცლად, ნახეთ ვიდეო:

✕