Digest Logo

„საკუთარი აზროვნების დამოუკიდებლობის გამოცდას გავივლით, რამდენად შეგვიძლია სიცრუისა და სიმართლის გარჩევა...“ - რას ველოდოთ ახალმთვარეობისგან

1781421727
ახალმთვარეობა

ახალმთვარეობა ტყუპებში:

ვუახლოვდებით მიმდინარე წლის ერთ-ერთ ყველაზე საინტერესო ახალმთვარეობას ტყუპების ნიშანში, რომელიც 15 ივნისს, თბილისის დროით 06:56 საათზე დადგება.

ამ ახალმთვარეობის განსაკუთრებულობა ის არის, რომ მისი მთელი კონფიგურაცია პირდაპირ მიანიშნებს გარდამავალ ეტაპზე, არჩევანის აუცილებლობასა და ახალი ცხოვრებისკენ, ახალი აზროვნებისა და რეალობის აღქმისკენ ნაბიჯის გადადგმის საჭიროებაზე.

ახალმთვარეობის წერტილი ჰარმონიულ კონფიგურაციაში - ბისექსტილში - ერთვება, რომელიც შესაძლებლობების ფანჯარას ხსნის, თუმცა ერთი მნიშვნელოვანი პირობით: თქვენ მზად უნდა იყოთ შინაგანი ცვლილებებისთვის.

მთვარის თვე, რომელიც მზისა და მთვარის ტყუპების ნიშანში შეერთებით იწყება, ყოველთვის დაკავშირებულია გონებრივ განახლებასთან, ცოდნასთან, ინფორმაციასთან, კომუნიკაციასთან და სწავლასთან. ტყუპების ახალმთვარეობა ინტელექტუალური ევოლუციის კარს გვიხსნის. ამიტომ ის, რასაც ამ მომენტამდე აბსოლუტურ ჭეშმარიტებად მივიჩნევდით, ახალ ეტაპზე გადასვლის შემდეგ შესაძლოა უკვე მოძველებული აღმოჩნდეს.

ეს ის დროა, როდესაც სამყარო თითქოს „ანულებს“ ჩვენს მენტალურ დისკს, რათა ადგილი დაუთმოს ახალ ინფორმაციას, ახალ იდეებსა და მოულოდნელ კავშირებს. ტყუპები ხომ ცვლილებების, ადაპტაციის, სწრაფი აზროვნებისა და გარემოებებთან შეგუების ნიშანია და ეს ნეგატიურად არ უნდა აღვიქვათ. პირიქით, ეს ახალმთვარეობა გვაძლევს შესაძლებლობას, გადავწეროთ საკუთარი წესები, უარი ვთქვათ იმ მენტალურ ტვირთზე, რომელიც მომავალ გზაზე უკვე აღარ გვჭირდება და ადგილი გავათავისუფლოთ ახალი დროის სუფთა ჰაერისთვის.

თუმცა ტყუპები მხოლოდ ცოდნის, ინფორმაციისა და სწავლების ნიშანი არ არის. ის ასევე კონტაქტების, გზების, გადაადგილებისა და არჩევანის ნიშანია. სწორედ ამიტომ, ამ ახალმთვარეობის შემდეგ მომდევნო კვირებმა შესაძლოა უამრავი ახალი ამბავი, საუბარი, შეხვედრა, გაცნობა და ისეთი მოვლენები მოგვიტანოს, რომლებიც მნიშვნელოვნად შეცვლის ჩვენს აღქმას მიმდინარე პროცესების მიმართ.

ბევრი იგრძნობს, რომ ამ ახალმთვარეობის შემდეგ ცხოვრება დაჩქარებულ ტემპში იწყებს მოძრაობას. გაიზრდება კომუნიკაცია, ახალი ამოცანები, მგზავრობები, მიმოწერები, გადაწყვეტილებების მიღების აუცილებლობა და დიდი ინფორმაციული ნაკადის პირობებში სწორი ორიენტირების საჭიროება.

თუმცა მნიშვნელოვანია გვესმოდეს, რომ ეს ახალმთვარეობა ზედაპირულ საუბრებსა და უშედეგო ფუსფუსს არ უკავშირდება. მისი წერტილი ვარსკვლავ ალნილამთან შეერთებაში იქნება. ალნილამი ორიონის სარტყლის ერთ-ერთი ცენტრალური ვარსკვლავია და უმაღლეს დანიშნულებასთან, სულიერ გზასთან ასოცირდება. ეს ვარსკვლავი ხშირად გვხვდება იმ ადამიანების რუკებში, რომლებსაც შეუძლიათ სხვების შთაგონება, ცოდნის გაზიარება და ახალი იდეებისა და მნიშვნელობების გამტარებად ქცევა. ის აძლიერებს ჭეშმარიტების ძიების სურვილს და ცნობიერების ჰორიზონტების გაფართოებისკენ გვიბიძგებს.

ამასთან, ძალიან მნიშვნელოვანია გავითვალისწინოთ, რომ ახალმთვარეობის წერტილი მისი დადგომის მომენტში ოპოზიციაში იქნება ლილიტთან - ე.წ. შავ მთვარესთან, რომელიც მშვილდოსნის ნიშანში იმყოფება. ლილიტი მშვილდოსანში ხშირად ვლინდება საკუთარი სიმართლისადმი ფანატიკური დარწმუნებულობით, სხვისი აზრის მოსმენის უუნარობით, რომელიმე იდეოლოგიის, მოძღვრების, ავტორიტეტის ან მსოფლმხედველობის ბრმა რწმენით. მან შეიძლება აბსოლუტური ცოდნის ილუზია შეგვიქმნას იქ, სადაც სინამდვილეში აზროვნების მოქნილობა და სწავლისთვის მზადყოფნაა საჭირო.

სწორედ ამ ასპექტის გამო, ახალმთვარეობის შემდეგ ბევრი ჩვენგანი საინტერესო ცხოვრებისეულ სიტუაციებს შეხვდება. ვიღაც მოისმენს ინფორმაციას, რომელიც მთლიანად ეწინააღმდეგება მის რწმენებს. ვიღაც მოულოდნელად გააცნობიერებს, რომ წლების განმავლობაში მცდარ შეხედულებებს ეყრდნობოდა. სხვები კი იძულებულნი გახდებიან, გადახედონ საკუთარ წარმოდგენებს ურთიერთობებზე, სამსახურზე, ფინანსებზე, ჯანმრთელობასა და საკუთარ დანიშნულებაზეც კი. ბევრისთვის დაიწყება გათავისუფლება სხვისი პროგრამებისა და თავსმოხვეული შეხედულებებისგან. ეს შეიძლება მტკივნეული, მაგრამ აუცილებელი გამოფხიზლება აღმოჩნდეს.

ამიტომ მნიშვნელოვანია, მზად ვიყოთ იმისთვის, რომ ამ ახალმთვარეობის შემდეგ, მთელი მთვარის თვის განმავლობაში, საკუთარი აზროვნების დამოუკიდებლობის გამოცდას გავივლით - რამდენად შეგვიძლია სიცრუისა და სიმართლის გარჩევა, ინფორმაციის სწორად დამუშავება და ჭეშმარიტების მარცვლების აღმოჩენა სიცრუის, ფალსიფიკაციისა და „ფეიკების“ მღვრიე ნაკადში.

ზოგადად, ტყუპების ახალმთვარეობა ყოველთვის არჩევანს უკავშირდება, რადგან თავად ეს ნიშანი ორმაგობის არქეტიპს წარმოადგენს. მისი სიმბოლოა ორი ფიგურა, ორი პერსონაჟი, ორი თვალსაზრისი, ორი გზა. ტყუპები მხოლოდ კომუნიკაციისა და ინფორმაციის ნიშანი არ არის. ის წარმოადგენს მუდმივ არჩევანს ორ ვარიანტს შორის: გონებასა და გრძნობებს შორის, ძველსა და ახალს შორის, ცნობილსა და უცნობს შორის, ორ გზას შორის, ორ თვალსაზრისს შორის, წარსულსა და მომავალს შორის.

შემთხვევითი არ არის, რომ ტყუპები მართავს გზაჯვარედინებს, გზებს, განშტოებებს, საინფორმაციო ნაკადებსა და ცოდნის გადაცემას. მისი ამოცანაა სხვადასხვა წყაროდან ინფორმაციის შეგროვება და შემდეგ არჩევანის გაკეთება. ამიტომ ტყუპების ახალმთვარეობა ყოველთვის აჩენს კითხვებს. ამ ახალმთვარეობის მთავარი კითხვა ასე ჟღერს:

„რომელ გზას ავირჩევ? ძველს, რომელიც წარსულ შეხედულებებს ეფუძნება, თუ ახალს, რომელიც ჩემ წინ უფრო ფართო ჰორიზონტებს ხსნის?“

სწორედ ამიტომ, 15 ივნისის ახალმთვარეობა ტყუპებში ხდება მნიშვნელოვანი საუბრების, მოულოდნელი სიახლეების, გაცნობების, სწავლებისა და ისეთი გადაწყვეტილებების დრო, რომლებიც მომავალში თითოეული ჩვენგანის ცხოვრების მიმართულებას შეცვლის.

ამასთან, მნიშვნელოვანია გავითვალისწინოთ, რომ ამ მთვარის თვის განმავლობაში გაკეთებული არჩევანი განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი, ბედის განმსაზღვრელი და კარმული იქნება. ახალმთვარეობის წერტილი ბისექსტილის კონფიგურაციაში ერთვება და მთვარის კარმულ კვანძს უკავშირდება. როდესაც ახალმთვარეობა კარმულ კვანძთან ასპექტშია, მომდევნო მთვარის თვის განმავლობაში ყოველთვის მიმდინარეობს კარმული პროგრამების სერიოზული გარდაქმნა - როგორც პირად ცხოვრებაში, ისე გლობალურ პროცესებში.

ბისექსტილის კონფიგურაციაში ასევე მონაწილეობს ქირონი, რომელიც ახლა ვერძის ბოლო გრადუსში იმყოფება და ასრულებს იმ უზარმაზარ ციკლს, რომელსაც კაცობრიობა ბოლო წლების განმავლობაში გადიოდა. 2019 წლიდან ქირონი ვერძში მოძრაობდა, ხოლო 20 ივნისს უკვე კუროს ნიშანში გადავა. ამ ახალმთვარეობაში ჩართული ქირონი თითქოს აჯამებს ყველა იმ გაკვეთილს, რომელიც ეგოს, ნებისყოფის, კონფლიქტების, საკუთარი სიმართლისთვის ბრძოლისა და მნიშვნელოვნების ნებისმიერ ფასად დამტკიცების მცდელობებს უკავშირდებოდა.

ბოლო წლებში ბევრმა ჩვენგანმა გაიარა სერიოზული გამოცდები თვითიდენტიფიკაციის, საკუთარი პოზიციის დაცვისა და დამოუკიდებელი გადაწყვეტილებების მიღების თემებზე. ამავდროულად, ქირონი მოითხოვს ძველი შინაგანი კონფლიქტების განკურნებას. სწორედ ამიტომ, ამ ახალმთვარეობამ შეიძლება მრავალი გამონათება და მნიშვნელოვანი გაცნობიერება მოგვიტანოს - რა უნდა გამოსწორდეს, განიკურნოს ან შეიცვალოს.

შეიძლება ითქვას, რომ ეს ახალმთვარეობა ჩვენი აზროვნების პარადიგმის ცვლილებას შეუწყობს ხელს. მომდევნო ორი კვირის განმავლობაში განსაკუთრებით ყურადღებით დააკვირდით იმას, რაც თქვენს გარშემო ხდება. სამყარომ შეიძლება ყველაზე მოულოდნელი გზით გამოგიგზავნოთ მინიშნება. მნიშვნელოვანია შინაგანად მოემზადოთ ცნობიერებისა და აზროვნების ცვლილებისთვის.

პირველ მთვარის დღეს, რომელიც ახალმთვარეობის დადგომის მომენტში - 06:56 საათზე იწყება და 16 ივნისს, 05:16 საათზე დასრულდება, განსაკუთრებით სასურველია სურვილების სიის შედგენა. ჩამოწერეთ განვითარების ახალი მიმართულებები, ცოდნა, რომლის მიღებაც გსურთ, უნარები, რომელთა დაუფლებაც გსურთ და ახალი ურთიერთობები, რომელთა მოზიდვაც თქვენს ცხოვრებაში გსურთ.

განსაკუთრებით ძლიერი იქნება სწავლასთან, კომუნიკაციასთან, მოგზაურობებთან, ინტელექტუალურ საქმიანობასა და შესაძლებლობების გაფართოებასთან დაკავშირებული განზრახვები და სურვილები.

ჩვენ ვცხოვრობთ ეპოქაში, როდესაც რეალობის აღქმის მეთოდი იცვლება. ძველი ცოდნა უკვე ვეღარ გვაძლევს პასუხებს, ხოლო ახალი ცოდნა ჯერ მხოლოდ ფორმირების პროცესშია. ამიტომ 15 ივნისის ახალმთვარეობა წარსულსა და მომავალ აზროვნებას შორის ხიდად გვევლინება. ის გვთავაზობს, უარი ვთქვათ მკაცრ დოგმებზე და გავხსნათ სივრცე ახალი იდეებისთვის, ახალი ცოდნისთვის და, შესაბამისად, ახალი შესაძლებლობებისთვის, რომლებიც ცხოვრების გაუმჯობესებაში დაგვეხმარება.

ასევე დაგაინტერესებთ:

„ხელს უწყობს გულ-სისხლძარღვთა სისტემის ჯანმრთელობას...“ - არუნ ხათრი თხილეულის სასარგებლო თვისებებზე

„არახელსაყრელია პაემანი, მოგზაურობა, ქორწილი, ბიზნესის გახსნა“ - 14 ივნისის პროგნოზი ფენშუის მიხედვით

როგორი ამინდია მოსალოდნელი 14 ივნისს საქართველოში