წლის ერთ-ერთი ყველაზე გარდამტეხი და დინამიკური თვე იწყება. ასტროლოგი დავით ნიბლაძე სოციალურ ქსელში ნოემბრის ასტროლოგიურ პროგნოზს აქვეყნებს და საზოგადოებას მოსალოდნელ ტრანზიტებსა და გამოწვევებზე უყვება.
როგორც ასტროლოგი აღნიშნავს, ნოემბერი ორი, ერთმანეთისგან სრულიად განსხვავებული ეტაპისგან შედგება: თვის დასაწყისი ღრმა, შინაგანი ფოკუსისკენ გვიბიძგებს, შუა რიცხვებიდან კი ტემპი მკვეთრად იმატებს და გარეგან, მაღალწნევიან დინამიკაში გადავდივართ.
„ნოემბერი შეგვიძლია ორ, ერთმანეთისგან განსხვავებულ ეტაპად დავყოთ. თვის დასაწყისი ღრმა, შინაგანი ფოკუსისკენ გვიბიძგებს, შუა რიცხვებიდან კი ტემპი მკვეთრად იმატებს და გარეგან, საკმაოდ მაღალწნევიან დინამიკაში გადავდივართ. ეს თვე საინტერესო გამოწვევას გვიმზადებს. ჯერ გვთხოვს, მშვიდად ჩავიხედოთ საკუთარ სიღრმეებში და დავხუროთ ძველი თემები, შემდეგ კი განახლებული ხედვითა და სრული სვლით გადავიდეთ მოქმედებაზე.
თვის პირველი ნახევარი მორიელის ენერგიისა და რეტროგრადული პლანეტების ფონზე მიმდინარეობს. მერკურიც და ვენერაც ჯერ კიდევ უკუმავალ ფაზაში არიან, რაც გარეგანი აქტივობის ნაცვლად ყურადღებას ჩვენს შინაგან სამყაროზე აბრუნებს. 4 ნოემბერს მზისა და მერკურის შეერთება ფსიქოლოგიურ სიცხადეს მოიტანს - ეს ის მომენტია, როცა ბუნდოვან კითხვებზე პასუხები ლაგდება, ოღონდ იმ შემთხვევაში, თუ საკუთარ თავთან გულწრფელობის არ შეგეშინდება.
ეს შინაგანი ძიება პიკს 9 ნოემბერს, მორიელის ახალ მთვარეზე აღწევს. ეს დღეები საუკეთესოა ემოციური დეტოქსისთვის, ფინანსური სტრატეგიებისა და ახლო ურთიერთობების გადასახედად. ნუ ეცდები ამ პერიოდში მოვლენების ხელოვნურად დაჩქარებას და კედლის შუბლით გატანას. დაუთმე ეს დრო დაკვირვებას, ძველი ვალდებულებების დასრულებას და ზუსტად განსაზღვრე, რა გინდა სინამდვილეში. ენერგია დაზოგე, რადგან წინ საკმაოდ ცხელი დღეები გველოდება.
გარდამტეხი მომენტი 13 და 14 ნოემბერს დგება, როცა მერკური და ვენერა თითქმის ერთდროულად ასრულებენ რეტროგრადულ მოძრაობას. იხსნება ყველა ის მუხრუჭი, რომელიც ოქტომბრიდან მოყოლებული აფერხებდა მოლაპარაკებებს, საქმიან წამოწყებებსა თუ პირად თემებს. ხოლო უკვე 16 ნოემბერს, ლომის ნიშანში მარსისა და იუპიტერის შეერთებით, ძალიან ამბიციური კომბინაცია იკვრება. თუ თვის პირველ ნახევარში ძალებს იკრებდი, ახლა თავის შეკავების დრო აღარ არის. ეს ასპექტი გვაძლევს სითამამესა და მასშტაბს, მაგრამ შედეგს მხოლოდ მაშინ მიიღებ, თუ ინიციატივას საკუთარ ხელში აიღებ და თამამ ნაბიჯებს გადადგამ.
თვის ბოლო დეკადა ყველაზე მაღალწნევიანი იქნება. 22 ნოემბრიდან მზე მშვილდოსანში გადადის, 24 ნოემბერს კი სავსე მთვარე გვაქვს ტყუპებში, რომელიც საკმაოდ მოჭიმული და ფეთქებადი ასპექტებით გამოირჩევა. იმატებს ინფორმაციული ნაკადი, ნერვული ფონი და მოულოდნელი ცვლილებების ალბათობა. ამ დღეებში ჩვენი მთავარი ამოცანა ფოკუსის შენარჩუნება და ემოციური თვითკონტროლია. ნუ გაფანტავ ამხელა რესურსს უსარგებლო კამათსა და ქაოსში. მით უმეტეს, რომ უკვე 26 ნოემბერს მარსი პრაქტიკულ ქალწულში გადადის, რაც დაგვეხმარება, ეს დუღილი კონკრეტულ, გამართულ სამუშაო სისტემად ვაქციოთ.
მოკლედ რომ შევაჯამოთ: თვის პირველ ნახევარში მიეცი თავს უფლება, მშვიდად დაალაგო პრიორიტეტები, შუა რიცხვებიდან კი ეს დაგროვილი ენერგია ზუსტად იმ მიზნებისკენ მიმართე, რომლებიც რეალურ შედეგს მოგიტანს.
რა თქმა უნდა, ეს ზოგადი ფონია, რომელიც საერთო განწყობას ქმნის, თუმცა შენს პირად რუკასთან მიმართებაში ამ ტრანზიტებმა შესაძლოა, სრულიად სხვა დინამიკა და სურათი გამოკვეთოს.
გაცნობიერებულ, მშვიდ და ნაყოფიერ ნოემბერს გისურვებ!“,- წერს ასტროლოგი დავით ნიბლაძე.