
ასტროლოგიაში მარსის მორიელში გადასვლა ენერგიის, ვნების და ფარული ძალების გააქტიურების პერიოდად მიიჩნევა. ეს არის დრო, როცა ადამიანები უფრო მიზანმიმართულები, თავდაჯერებულები და ხშირად უკომპრომისოები ხდებიან. მორიელის ინტენსიური ბუნება მარსის მებრძოლ ენერგიას აძლიერებს, ამიტომაც ცვლილებები, დაპირისპირებები და ძლიერი ემოციები ამ ეტაპზე განსაკუთრებით თვალსაჩინო ხდება.
აღნიშნულ ასტროლოგიურ მოვლენაზე სოციალურ ქსელში ასტროლოგი ნინა ხომერიკი ვრცლად წერს და საზოგადოებას მნიშვნელოვან რეკომენდაციებს უზიარებს:
„დღეიდან, ანუ 22 სექტემბრიდან 4 ნოემბრის ჩათვლით, მარსი იდგება მის მმართველ ნიშანში, მორიელში. ეს პლანეტა არის ჩვენი ჰოროსკოპის მამოძრავებელი ენერგია, თუმცა, 12 ზოდიაქოს ნიშნიდან თითოეულში, ამ ძალის მამოძრავებელი წყარო, მოტივაცია და გარეგანი გამოვლინება განსხვავებულია.
ალბათ ამჩნევთ, რომ ხანდახან ვიქცევით ძალიან ფრთხილად და ვსინჯავთ ნიადაგს რამდენად მყარია, სანამ ვდგამთ რაიმე ნაბიჯს, ხან ვავლენთ სიჯიუტეს, სითამამეს, ხანდახან კი გამომწვევად ვიქცევით და ეს ყველაფერი მარსის ენერგიის დამსახურება არის, ანუ ძალა ერთია, თუმცა წყარო, მოტივაცია და გამოვლინება სხვადასხვა, რაც დამოკიდებულია ნიშანზე, სადაც ეს პლანეტა დგება.
მაგალითად: როდესაც მარსი დგება თხის რქის ზოდიაქოში, ჩვენი ქცევები განპირობებულია წესების, კანონებისა და ნორმების დაცვით, ანუ ვმოქმედებთ მიზანმიმართულად და მოთმინებით, არსებული სისტემის ჩარჩოს თანახმად, ეს ყველაფერი შეიძლება შევადაროთ სახელმწიფო ორგანიზაციაში მუშაობას, სადაც არის გარკვეული შინაგანაწესი, იერარქია და კარიერული ზრდისათვის განკუთვნილი კონკრეტული კრიტერიუმები და ვადები, ანუ მინიმუმ რამდენიმე წელი საჭიროა იმუშაოთ გარკვეულ პოზიციაზე, ვიდრე დაწინაურდებით.
როდესაც მარსი თხის რქაშია, ჩვენ წყნარად და მეთოდურად მივყვებით მიზანს, ვიცით წინ რა გველოდება და ვიყენებთ კანონებს, მაგრამ რადიკალურად განსხვავდება მარსის ტრანზიტი მორიელში. ამ პერიოდში, ჩვენი მოქმედებების წყარო და მოტივატორი არის შიში, სწრაფვა და ემოციური ტკივილი, რომელიც ოდესღაც გავიარეთ, ანუ ასეთ დროს, მთავარი მოტივაციის მომცემია ჟინი და ზუსტად ეს გრძნობა არის მამოძრავებელი ძალა ამ ტრანზიტის პერიოდში. ასეთ დროს ადამიანები ხდებიან ეჭვიანები და შეპყრობილები თავიანთი სურვილებით.
სასიყვარულო ურთიერთობებში, განსაკუთრებით ძლიერად იღვიძებს საკუთრების განცდა და მეორე ნახევრის კონტროლის სურვილი. მეორე იმპულსი, რომელიც გვიბიძგებს მოქმედებებისაკენ, არის ჩვენს მიერ განცდილი და გაუშვებელი ტკივილი წარსულიდან ან სიძულვილი და რევანშის აღების სურვილი.
მესამე მამოძრავებელი იმპულსი არის შიში და ასეთ დროს, ადამიანები ხშირად მოქმედებენ ამ გრძნობიდან გამომდინარე, რომლის ხმაც ძალიან ხმამაღალია ჩვენში. მარსის ენერგია მორიელში უფრო მიმართულია ნგრევისაკენ, ვიდრე შენებისაკენ, მაგრამ ნგრევა შეიძლება გახდეს საბოლოო მიზანი, რომელსაც მოჰყვება სიცარიელე, თვითგვემა, „წყენები“ ან საკუთრების გმობა დესტრუქციული ქმედებების გამო, ასევე ნგრევას შესაძლოა მოჰყვეს აღმშენებლობა, ხელმეორედ დაბადება, რადგან ამ ნიშნის ერთ-ერთი სიმბოლოა ფენიქსი.
საერთო ჯამში, ასეთ პერიოდში, ადამიანების მამოძრავებელი ძალა სიძულვილია და არა სიყვარული და ძირითადი მოტივი კი რევანშის აღება, დამტკიცება, ნებისმიერ ფასად სასურველის მიღწევა და სამწუხაროდ, ასეთ დროს, გაცილებით მეტს ვიხდით, ვიდრე ვიღებთ და ყველასთვის ძალიან მნიშვნელოვანია ეს გვესმოდეს, იმისათვის, რომ არ გავებათ მის მიერ დაგებულ მახეში და აგრეთვე მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, რომ მარსი მორიელში ყველა ადამიანზე ახდენს გავლენას. ასეთ პერიოდში, ადამიანების ქცევებში განსაკუთრებით მატულობს აგრესიულობა, ეჭვიანობა, შურისძიება.
პირველ რიგში, ეს ყველაფერი შეიძლება ეხებოდეს: ფინანსებს, შემოსავლების განაწილებას, საერთო ქონებას, ალიმენტებს, მემკვიდრეობას, პირადი პარტნიორის ან მშობლების საერთო ბიუჯეტს, ვალებს, მატერიალურ საკითხებზე წარმოქმნილ პრეტენზიებს, უძრავი ქონებიდან და ინვესტიციებიდან მოსულ შემოსავლებს, ანუ საერთო ჯამში სხვა ადამიანებთან, ორგანიზაციებთან და სახელმწიფოსთან ფინანსურ ურთიერთქმედებებს.
ასეთ დროს, როდესაც საქმე ეხება ფულს, ქონებასა და გრძნობებს, ადამიანები ავლენენ დიდი სიმკაცრესა და უნდობლობას, ჩვეულებრივზე უფრო მეტად ეუბნებიან ერთმანეთს საწყენ სიტყვებს, თითქოს მიზანმიმართულად ახდენენ ერთმანეთის პროვოცირებას და ცდილობენ შეგნებულად დაგესლონ მისი მტკივნეული ადგილი.
ეს ტრანზიტი გარე ფაქტორებზე, გამოიწვევს კონფლიქტების გამწვავებას და დაძაბულობას, არსებული შიშებით მანიპულირებას, მუქარას, დანაშაულის გრძნობის გაღვივებას, ანუ ეს არის პროვოკაციების აქტიური პერიოდი და ასეთ დროს, ადამიანები ხელმძღვანელობენ ტყუილით, ღალატით ან დანაკარგით მიყენებული ტკივილით, რომელიც, ოდესღაც გადაიტანეს. ეს არის ფასეულობების ჩანაცვლების პერიოდი, ამიტომ, განსაკუთრებით დაუკვირდით რა დაატრიგერებს თქვენს ქმედებებს და ემოციებს. ამ პერიოდში, ზოგიერთი თქვენგანი ჩაებმება აზარტულ ან ავანტიურულ თამაშში, რაც ყოველთვის ცუდი არ არის, მაგრამ აქ საჭიროა გამოიყენოთ მერკურის უნარები, ფხიზლად შეაფასოთ არსებული რისკები და შედეგები. ასეთ დროს, საჭიროა დაიმშვიდოთ ვნებები და ემოციები, რაშიც ძალიან კარგად დაგეხმარებათ სპორტული აქტივობა. მარსის მორიელში ტრანზიტის დროს, ადამიანები მეტად ინტერესდებიან მისტიკით, იზიდავთ სამორინე და ზოგადად, იჩენენ მეტ აზარტულობას, როგორც პირად გრძნობებში, ასევე საქმიანობაში, აგრეთვე ამ პერიოდს აქვს რამდენიმე განსაკუთრებული თარიღი, რომელიც აუცილებელია გაითვალისწინოთ საქმეების დასაგეგმად:
• პირველი ძალიან მნიშვნელოვანი თარიღია 24 სექტემბერი, ამ დღეს მარსი გააკეთებს დაძაბულ ასპექტს, კერძოდ კვადრატს პლანეტა პლუტონთან, ეს არის უარყოფითი, დამანგრეველი ასპექტი, რომელიც საჭიროა გაატაროთ მაქსიმალურად მშვიდად, არ აჰყვეთ ურთიერთობებში არანაირ გამოწვევებს, სკანდალებს და ეცადეთ არ ჩანიშნოთ ამ დღეს საქმიანი მოლაპარაკებები, შეხვედრები ან პროცესები. თუმცა, თუ ჩვენ ზუსტად გვეცოდინება რას ვაკეთებთ და ვიქნებით დარწმუნებულნი იმაში, რომ ეს გვჭირდება, ზუსტად ამ დღეს შევძლებთ კარდინალურად შევცვალოთ თამაშის წესები უკეთესობისაკენ.
• 17-დან - 19 ოქტომბრის ჩათვლით, მარსი გააკეთებს დადებით ტრანზიტს კარმულ კვანძებთან, ეს მნიშვნელოვანი პერიოდია, როდესაც ჩვენ შეგვიძლია ტკივილისა და შიშის გავლით გადავდგათ მნიშვნელოვანი ნაბიჯები, რომელიც იქნება გადამწყვეტი დადებითი თვალსაზრისით, ანუ შევძლებთ გადავაბიჯოთ არსებულ შიშებს, წარსულ ემოციებს და გავაკეთოთ სასარგებლო სვლა მომავლისაკენ;
• 26-დან - 27 ოქტომბრის ჩათვლით კი აუცილებელია დიდი სიფრთხილით მივიღოთ ნებისმიერი გადაწყვეტილება, ვინაიდან, ამ დროს მარსი გააკეთებს შეერთებას შავ მთვარესთან, სადაც მარსი არის ძალა, მოქმედება და ენერგია, ხოლო შავი მთვარე მორიელში ამახინჯებს პროცესების შინაარსს და ამ დროს, შესაძლოა გადავწყვიტოთ რაიმე მოქმედება, რომელიც ჩანასახშივე იქნება არასწორი და შეუძლია მოიტანოს დანაკარგები. ამიტომ, 26 და 27 ოქტომბერს, არ არის სასურველი კონფლიქტების პროვოცირება, არ აჰყვეთ პროვოკაციებს, უმჯობესი იქნება არ მიიღოთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები, განსაკუთრებით ურთიერთობების, გრძნობებისა და ფინანსების ნაწილში.
• 28-29 ოქტომბერს, მარსი გააკეთებს დადებით ასპექტს პლანეტა სატურნთან და იუპიტერთან, ასეთ დროს კი შეგიძლიათ მიაღწიოთ გრანდიოზულ წარმატებას, თუ თქვენს მხარეს სიმართლეა და გაქვთ კეთილშობილური ზრახვები.
ამავდროულად, მნიშვნელოვანია გახსოვდეთ, რომ მორიელის ზოდიაქოს ნიშანს, ამჟამად გადის „ლილიტის“ ტრანზიტი, რომელიც ამ ზოდიაქოში ფრთებს შლის და თავისი შესაძლებლობების მაქსიმუმზე გადის. „შავი მთვარე“ მორიელში აძლიერებს ცდუნებებს, უარყოფით სურვილებს, ამახინჯებს რეალობას, ითავსებს მაცდურის როლს, აღვიძებს ადამიანებში ბნელ და უარყოფით თვისებებს, მოაქვს დამანგრეველი ვნება და ჟინი.
მარსი და „ლილიტი“ ერთად, ამ ზოდიაქოს ნიშანში ძალიან საყურადღებოა, რადგან ახასიათებს დიდი ნგრევები, ავარიები, უარყოფითი ჩვევებისკენ მიდრეკილება, დამანგრეველი ემოციები და თითქოს აღარ ვინტერესდებით მომავლით და შედეგებით, მთავარია დღეს, ახლა და ამ წუთს მივაღწიოთ საწადელს და დავიკმაყოფილოთ სურვილები, რასაც აუცილებლად უნდა აჯობოს ნათელმა გონებამ, რადგან ყველა ის პრობლემა, რომელიც შეიძლება ამ ტრანზიტმა მოიტანოს, საკმაოდ გრძელვადიანია და რიგ შემთხვევებში გამოუსწორებელიც კი!
საერთო ჯამში, მარსი მორიელის ტრანზიტი საკმაოდ რთული პერიოდია, რა დროსაც ადამიანები შეპყრობილნი იქნებიან საკუთარი ოცნებებითა და ვნებებით, თუმცა, ზუსტად ამ პერიოდს შეუძლია მოგცეთ შანსი, რომელიც დაგეხმარებათ რადიკალურად, პოზიტივისკენ შეცვალოთ თქვენი ცხოვრება“, - წერს ნინა ხომერიკი.
ასევე დაგაინტერესებთ:
🎥 „დღეს დუეტად ვართ წარმოდგენილები...“ - ნუკი კოშკელიშვილი შვილთან ერთად პოზირებს
⭕ „მოვიდა კირა ბაბუნია“ - გიორგი გაბუნია შვილის ფოტოს გვიზიარებს