Digest Logo

„შეიძლება გაძლიერდეს შური, ეჭვიანობა, მანიპულაციები... მნიშვნელოვანია, შეინარჩუნოთ სინათლე თქვენში“ - ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

1762068709
შემოდგომაშემოდგომა

„ნოემბერში ჩვენ გველოდება კიდევ უფრო ღრმა თვითანალიზი და ღირებულებების გადახედვა, შინაგანი განახლება და ცნობიერების გარდაქმნა, რადგან 9-დან 29 ნოემბრამდე მერკური რეტროგრადულ ფაზაში გადადის, რაც ამ პლანეტის მესამე და ბოლო რეტროგრადული პერიოდი იქნება ამ წელს“, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში დარეგისტრირებული გვერდი AstroBlog SkyLight წერს.

ასტროლოგის თქმით,  ეს არის გაურკვევლობის, შენელების, მცდარი ინფორმაციის გავრცელების და სატრანსპორტო მოძრაობის შეფერხების დრო:

„ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი:

ნოემბრის თვე გვპირდება სიღრმისეულ, ინტენსიურ, ემოციურ და ცვლილებებით სავსე პერიოდს, რადგან მზე მოძრაობს მორიელში – ზოდიაქოს ყველაზე მისტიკურ და ტრანსფორმაციულ ნიშანში.  

ნოემბერში ჩვენ გველოდება კიდევ უფრო ღრმა თვითანალიზი და ღირებულებების გადახედვა, შინაგანი განახლება და ცნობიერების გარდაქმნა, რადგან 9-დან 29 ნოემბრამდე მერკური რეტროგრადულ ფაზაში გადადის, რაც ამ პლანეტის მესამე და ბოლო რეტროგრადული პერიოდი იქნება ამ წელს.

შეგახსენებთ, რომ მერკური არის აზროვნების, მეხსიერების, მეტყველებისა და ლოგიკის, ინფორმაციის გადაცემისა და კომუნიკაციის პლანეტა. რეტროგრადულობის პერიოდში ჩერდება წინსვლა ახალი იდეების, ახალი პროგრამების განხორციელებისკენ. ის აბრუნებს ჩვენს მენტალურ მზერას წარსულში, უკვე გავლილ აზრებთან, საქმეებთან, ურთიერთობებთან, სიტყვებთან.

ეს ნიშნავს, რომ 7 ნოემბრიდან მერკური დაგვაბრუნებს ძველ სიტუაციებთან და კონტაქტებთან, რათა გავაანალიზოთ, წერტილი დავუსვათ ან განვაახლოთ ისინი. ნოემბერში ჩვენ გვექნება ნაკლები გარე აქტივობა და მეტი შინაგანი სამუშაო, ანალიზი და გადაფასება. მერკურის მთელი რეტროგრადულობის განმავლობაში არ არის რეკომენდებული სიახლის დაწყება, მაგალითად, ახალი პროექტების წამოწყება ან დიდი შენაძენების განხორციელება, განსაკუთრებით თუ ეს ეხება ტექნიკასა და ტრანსპორტს. ამიტომ, შეეცადეთ ეს ყველაფერი მოაგვაროთ რეტროგრადულობის პერიოდის დაწყებამდე, ანუ 7 ნოემბრამდე.

სამაგიეროდ, 11 ნოემბრიდან თვის ბოლომდე შესაძლებელია და აუცილებელია მეორე შანსი მივცეთ ძველ, რაღაც მიზეზებით განუხორციელებელ საქმეებსა და პროექტებს, რაზედაც ადრე ვმუშაობდით, რაც ვერ დავასრულეთ, მაგრამ პერსპექტიულად მიგვაჩნია. მერკურის რეტროგრადული მოძრაობა იწყება 9 რიცხვიდან, მაგრამ 7 ნოემბრიდან ის სტატიკურია, ემზადება შემობრუნებისთვის. როდესაც მერკური ემზადება რეტროგრადული ფაზისთვის და ასევე, როდესაც გამოდის რეტროგრადულობიდან, ეს ყველაზე რთული და ქაოსური 5-დღიანი პერიოდია. ამ დროს ხდება ჩვენი გონების გადაწყობა პერსპექტიული ხედვიდან რეტროსპექტიულზე, ხოლო სივრცე, რომელიც დაკავშირებულია მოლაპარაკებებთან, დოკუმენტებთან, მოგზაურობებთან, ტექნიკასთან და კომუნიკაციებთან, თითქოს ჩერდება.

გონება გადატვირთულია, ლოგიკა და ინფორმაციის ველი დამახინჯებული. ეს არის გაურკვევლობის, შენელების, მცდარი ინფორმაციის გავრცელების და სატრანსპორტო მოძრაობის შეფერხების დრო. ტრანსპორტის მუშაობის გრაფიკი ხშირად ირღვევა. ამიტომ, 7-დან 11 ნოემბრამდე და 27 ნოემბრიდან თვის ბოლომდე პერიოდში უმჯობესია არ დაგეგმოთ მოგზაურობები. შეეცადეთ დროის ამ მონაკვეთში მინიმალურად გქონდეთ კომუნიკაცია, რადგან ამ დროს ადამიანებს უჭირთ ერთმანეთის გაგება და ურთიერთშეთანხმება. ასევე, ამ თარიღებში არ ღირს მნიშვნელოვანი დოკუმენტების ხელმოწერა და გარიგებების დადება.

მერკურის რეტროგრადულობა ძირითადად საქმიან სფეროს ეხება. რაც შეეხება ურთიერთობებს, სიყვარულს, რომანტიულ ურთიერთობებს, აქ გავლენას მოახდენს ვენერა, რომელიც 7 ნოემბრიდან გადავა მორიელის ნიშანში. ეს მდებარეობა ნამდვილად არ არის კომფორტული სიყვარულის და ესთეტიკის პლანეტისთვის. ვენერას ინგრესია მორიელში ნოემბერს მატებს გრძნობადობას, ვნებას, მაგნეტიზმს, ასევე საკუთრების გრძნობას და ემოციურ რყევებს. ურთიერთობებში ყველაფერი ზედაპირული ამ პერიოდში, როგორც წესი, ინგრევა, რჩება მხოლოდ ის, რაც ნამდვილი და ფასეულია. დაძაბულობა ურთიერთობებში მწვავდება 3-დან 8 ნოემბრამდე, რადგან ამ პერიოდში ვენერა ქმნის დაძაბულ ასპექტებს და მონაწილეობს დიდი ჯვრის – ასტროლოგიაში ყველაზე დაძაბულ კონფიგურაციაში. ეს შეიძლება გამოვლინდეს, როგორც მწვავე კონფლიქტები პარტნიორულ ურთიერთობაში, ნდობის კრიზისი და ფინანსური სტრესები. კრიზისის პიკი იქნება 8-9 ნოემბერი, ვენერასა და პლუტონის კვადრატის გავლენით. ქალებთან შეიძლება გამოვლინდეს რეპროდუქციულ და ჰორმონალურ სისტემასთან დაკავშირებული ჯანმრთელობის პრობლემები.

ძალიან მნიშვნელოვანია ნოემბრის პირველ დეკადაში მაქსიმალურად შევეცადოთ ჰარმონიზაციას. თუ იგრძნობთ, რომ ემოციები ზღვარს გადადის, უმჯობესია გააკეთოთ პაუზა კომუნიკაციაში და არავითარ შემთხვევაში არ მიიღოთ მკვეთრი გადაწყვეტილებები ემოციების პიკზე. დაელოდეთ, თვის მეორე ნახევარში დაიწყება გრძნობების ჰარმონიზაცია. ნოემბრის ბოლოს კი ვენერა ქმნის ჰარმონიულ ასპექტს იუპიტერთან – დიდი ბედნიერების პლანეტასთან. ეს იქნება სიყვარულის, საჩუქრების, შთაგონებისა და აღმავლობის პერიოდი პარტნიორულ ურთიერთობებში. სწორედ ამ დროს შეიძლება გამოჩნდეს ადამიანი, რომელიც ბევრ რამეს შეცვლის თქვენს ცხოვრებაში.

მთელი ნოემბრის განმავლობაში მორიელის ნიშანში იმყოფება შავი მთვარე – ლილიტი, რაც კიდევ უფრო გააღრმავებს ჩვენს გრძნობებს, თუმცა დიდი უკიდურესობის რისკის ქვეშ. განსაკუთრებით ძლიერი იქნება ლილიტის გავლენა 18, 21 და 28 ნოემბერს, როდესაც შეიძლება გაძლიერდეს შური, ეჭვიანობა, მანიპულაციები. ამიტომ, განსაკუთრებით ამ დღეებში ძალიან მნიშვნელოვანია, შეინარჩუნოთ სინათლე თქვენში, შეამოწმოთ სხვა ადამიანების განზრახვები და თავი აარიდოთ დრამებს. ლილიტს შეუძლია ძალა მისცეს მათ, ვინც ფლობს საკუთარ ემოციებსა და გრძნობებს; სხვა შემთხვევაში, შეიძლება გამოვლინდეს ძალიან ძლიერი ცდუნებები.

მოდით, უფრო დეტალურად განვიხილოთ ამ თვის სამი დეკადა:

ნოემბრის თვეს დასაწყისშივე მოაქვს ტრანსფორმაციის მკვეთრი ენერგია.

1 ნოემბრის ღამე განსაკუთრებულია, რადგან ეს არის მისტიკური საზღვარი შემოდგომასა და ზამთარს შორის. სამჰეინი აღნიშნავს შუალედურ წერტილს შემოდგომის ბუნიობასა და ზამთრის მზედგომას შორის. ეს თარიღი აღნიშნავს მოსავლის აღების დასრულებას და წლის ბნელი ნახევრის დაწყებას, როდესაც ბუნება ისვენებს, ხოლო ენერგია მიმართულია შინაგანი სამყაროსკენ. სამჰეინის ღამე მოგვიწოდებს განახლებისკენ, ტრანსფორმაციისკენ. მიუხედავად იმისა, რომ კალენდარულად იგი ემთხვევა ჰელოუინს, მისი მიზანი სულიერია: პატივი მივაგოთ სიცოცხლისა და სიკვდილის ციკლებს, გავთავისუფლდეთ ძველისგან და დავუკავშირდეთ უხილავ სამყაროს. ეს თარიღი გვახსენებს, რომ „ყველაფერს აქვს თავისი დასასრული და ახალი საწყისი“.

ნოემბრის პირველი კვირა არაპროგნოზირებადია, რადგან მარსი – მოქმედების, ძალის, ნების პლანეტა – 4 ნოემბერს გადადის მშვილდოსნის ნიშანში. თითქმის იმავე დღეს მარსი ოპოზიციურ ასპექტს ქმნის ურანთან, რომელიც ტყუპებშია. ეს კი მოულოდნელობების, აფეთქებების, ცვლილებების, ფორს-მაჟორების ფორმულირებაა. შეიძლება მოხდეს მოვლენები, რომელთა კონტროლიც შეუძლებელია. მარსი მშვილდოსანში მოქმედებს მასშტაბურად, მიმართულია რისკისკენ, ჰორიზონტების გაფართოებისკენ, მაგრამ ურანი, პირიქით, ახსენებს, რომ ყველაფერი არ ექვემდებარება ნებას. ურანი ამ პერიოდში მოქმედებს უკიდურესად აქტიურად, მისი ოპოზიცია გამოიხატება, როგორც ხელის შემშლელი ენერგია. ამიტომ, თვის დასაწყისი მოითხოვს მაქსიმალურ სიფრთხილეს, განსაკუთრებით 3-დან 5 ნოემბრამდე. სწორედ ამ პერიოდში შეიძლება იყოს ხანძრების, გაზრდილი ავარიულობის ყველაზე მაღალი საფრთხე, თვითმფრინავებთან და აეროპორტებთან დაკავშირებული სირთულეები. არ ღირს რისკი, სიჩქარე, იმპულსური ქმედებები ან კონფლიქტებში ჩართვა. გლობალურ დონეზე ამ ასპექტმა შეიძლება მოიტანოს ტექნოლოგიური ხარვეზები, საავიაციო კატასტროფები, მოულოდნელი ბუნებრივი კატაკლიზმები, სამხედრო დაძაბულობა. შეიძლება მოხდეს მოულოდნელი გადატრიალებები ან, სულ მცირე, არსებული სტატუს-კვოს შეცვლის მცდელობები.

მეგობრებო, ასტროლოგია გვაძლევს შესაძლებლობას, გამოვიყენოთ ეს ენერგია სასიკეთოდ. ეს დაძაბულობა გვიბიძგებს, შევწყვიტოთ ცხოვრება ავტოპილოტის რეჟიმში და ვიმოქმედოთ. თუ გავითვალისწინებთ პროგნოზს, თვის დასაწყისმა შეიძლება მოგვცეს დიდი ენერგეტიკული აღმავლობა, რადგან მარსი ცეცხლოვან ნიშანში მშვილდოსანში ზრდის ჩვენს დინამიკას. ის დაგვეხმარება, მივცეთ ბიძგი ჩვენს მნიშვნელოვან საქმიან პროცესებს. მარსის ასეთი აქტივობის წყალობით, ნოემბრის პირველი დეკადა ძალიან კარგია ჩვენი საქმიანი აქტივობისთვის, მოგზაურობებისთვის და სპორტისთვის. უფრო მეტიც, შეეცადეთ ეს ყველაფერი მოასწროთ 7 ნოემბრამდე, სანამ მერკური დაიწყებს შენელებას. 6 ნოემბერს მარსი ერთვება ძალიან პოზიტიურ ასპექტში პლუტონთან და გამოავლენს თავის კონსტრუქციულ მხარეს, რაც მოგვცემს თავდაჯერებულობას და შემოქმედებით აზარტს. ამ დღეს ღირს საქმეების დაწყება, რომლებიც მოითხოვს გამბედაობას და გადაწყვეტილებას.

მეორე დეკადა გაივლის რეტროგრადული მერკურის გავლენის ქვეშ, ამიტომ მოხდება აქტივობის შენელება, მეტი ჩაღრმავება საკუთარ თავში, მეტი ტრანსფორმაცია. 11 ნოემბერი ხსნის ყველაზე ტრანსფორმაციულ პერიოდს – პორტალს 11-11. (ამის შესახებ ცალკე პოსტში დაიწერება). გარდა ამისა, ნოემბრის მეორე დეკადაში მერკური მარსთან მშვილდოსანში მოგვიტანს კარგ შესაძლებლობებს ინტელექტუალური აქტივობისთვის, ხოლო მორიელის სეზონი დაგვეხმარება მნიშვნელოვანი ფინანსური საკითხების გადაჭრაში, შესაძლოა დაფინანსების მოპოვებაში. მაგრამ, ამ პერიოდში, ისევე როგორც მესამეში, არ უნდა დაიწყოთ რაიმე ახალი პროექტები. დაასრულეთ, განაახლეთ, გააუმჯობესეთ ის, რაზედაც უკვე მუშაობდით. მესამე დეკადაში, 20 ნოემბრის შემდეგ, როდესაც მოხდება ახალმთვარეობა მორიელში, მიეცით ამ პროექტებს ის მეორე შანსი, რომელმაც შესაძლოა დიდ წარმატებამდე მიგიყვანოთ.

20 ნოემბერს ახალმთვარეობა ერთდროულად დაასრულებს მეორე დეკადას და დაიწყებს მესამეს. იგი შეაჯამებს შემოდგომას. ფსიქოლოგიურად, ამ ახალმთვარეობის ენერგიები მოიტანს სიღრმისეულ განახლებას, აღორძინებას საკუთარი ჭეშმარიტი მე-ს განახლების გზით. ახალმთვარეობიდან დაწყებული, 20 ნოემბრიდან 28 რიცხვამდე, დადგება მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების კვირეული. მესამე დეკადამ შეიძლება მოგვიტანოს ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი გეგმა. შეიძლება დაბრუნდეს ჩვენი ძველი იდეები უძრავი ქონების შეძენასთან, რემონტთან ან მშენებლობასთან დაკავშირებით. თუ თქვენთვის უძრავი ქონების თემა აქტუალურია, აქტივობა ძალიან ეფექტური იქნება სწორედ ამ კვირაში და შეგიძლიათ მიიღოთ ძალიან სასარგებლო გადაწყვეტილება. თუმცა, უძრავი ქონების შეძენა ღირს უკვე დეკემბერში, მას შემდეგ, რაც მერკური დაასრულებს რეტროგრადულ მოძრაობას.

მესამე დეკადა – ნოემბრის ყველაზე ხელსაყრელი პერიოდია. 22 ნოემბრიდან იწყება მშვილდოსნის სეზონიც და ჩვენ ვიგრძნობთ მეტ ოპტიმიზმს, იმედს, შთაგონებას. მზე, რომელიც გადავა მშვილდოსნის ნიშანში, მოგვიტანს მოქმედების სურვილს, დაგვიბრუნებს ცხოვრების სიხალისეს და დაასრულებს ტრანსფორმაციის რთულ პერიოდს. ეს იქნება მნიშვნელობების განახლების, ახალი მიზნების ძიების, შთაგონების პერიოდი. როგორც ვთქვით, თვის ბოლოს გველოდება ვენერასა და იუპიტერის ჰარმონიული კავშირი (24-დან 27 ნოემბრამდე) – დღეები, როდესაც ყველაფერი მარტივად მოგვეცემა: სიყვარული, შთაგონება და ფინანსური შესაძლებლობები. მოსალოდნელია მოულოდნელი საჩუქრები ან სამყაროს ძალების მხარდაჭერა, ან დახმარება გავლენიანი ადამიანებისგან მნიშვნელოვან საქმეებში.

29-30 ნოემბერს იყავით ფრთხილად და ყურადღებით, რადგან ამ დღეებში იქმნება ვენერა-ურანის ოპოზიცია, რაც იწვევს ურთიერთობებში ქაოსის ატმოსფეროს შექმნას. ასევე მოსალოდნელია მოულოდნელი ხარჯები ან ემოციური აფეთქებები, მოულოდნელი, არასასიამოვნო შეხვედრები. რჩევა: არ იჩქაროთ გადაწყვეტილებების მიღება და არ გააკეთოთ იმპულსურად შენაძენები. თვის ბოლოს მერკური უკვე დაიწყებს მოძრაობას დირექტიული მიმართულებით და დამყარდება წესრიგი საკომუნიკაციო და საქმიან სფეროში.

ასე რომ, ნოემბერი – ეს ალქიმიის თვეა. თვე, რომელიც წმენდს, რათა დეკემბერში გადავიდეთ ახალი შთაგონებით, ახალი სიბრძნით, ახალი ცნობიერებით“, - წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ:

„შემოდგომა გვასწავლის გაშვებას მშვიდად, მადლიერად და ნაზად“ - რას წერს თაკო მელიქიშვილი

„ჯანსაღი ცხიმი არ გასუქებთ, შაქარი და ანთებითი პროცესები კი...“ - რას წერს ნატა გაგუა

🎥 „დღეს ყველას ტელეფონში ურჩევნია...ძალიან ჩაკეტა ტექნოლოგიებმა ადამიანი“ - დეკანოზი შალვა კეკელია