12 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი:
შეიძლება ითქვას, რომ ეს არის კვირის ყველაზე პროდუქტიული და შედეგიანი დღე, ამიტომ მნიშვნელოვანია, დილიდან განწყობა იყოს საქმიანი და აქტიური, თუმცა მაინც მოგვიწევს მცირე გამოცდის გავლა, რადგან ადრე დილამდე ჯერ ისევ ვიქნებით პლუტონი - მთვარის კვადრატის გავლენის ქვეშ, ეს არის ღრმა განცდების, ძლიერი ემოციებისა და მომატებული შინაგანი შფოთვის მაჩვენებელი ასპექტი.
ეს იწვევს მშფოთვარე ძილს, მკაფიო და უცნაურ სიზმრებს, რომლებიც გაღვიძების შემდეგაც დატოვებს ემოციურ კვალს.
ზოგმა შესაძლოა შინაგანი დაძაბულობის ან სულიერი სიმძიმის განცდით გაიღვიძოს, თითქოს ქვეცნობიერი მთელი ღამის განმავლობაში აქტიურად მუშაობდა.
მთვარისა და პლუტონის კვადრატს ხშირად ზედაპირზე ამოაქვს ჩვენი შიშები, ძველი წყენები, დაფარული განცდები და ის შინაგანი დარდი, რომელთა შემჩნევასაც ყოველდღიურ ფუსფუსში თავს ვარიდებთ. ამიტომ, თუ დილით გარკვეულ ემოციურ დაძაბულობას იგრძნობთ, ნუ იჩქარებთ დასკვნების გამოტანას. დიდი ალბათობით, ეს მხოლოდ ღამის ენერგიების ექოა, რომელიც დილის 8 საათის შემდეგ დაიწყებს განეიტრალებას.
და მართლაც, დაახლოებით ამ დროიდან დღის ენერგეტიკა საგრძნობლად შეიცვლება. დაძაბულობა შემცირდება და მის ადგილს ჰარმონია დაიკავებს, რადგან მთვარე მარსთან შეერთებისკენ მიემართება და ამავე დროს მერკურთან მხარდამჭერ სექსტილს ქმნის. სწორედ აქ იგრძნობთ, თითქოს ნახევრად ჩაბნელებულ ოთახში სინათლე აინთო.
აზროვნება უფრო მკაფიო გახდება, გარშემომყოფების გაგება გაგვიადვილდება და საკუთარი აზრების გადმოცემაც უფრო ნათლად შევძლებთ. ეს ასპექტი განსაკუთრებით ხელსაყრელია კომუნიკაციისთვის, მოლაპარაკებებისთვის, შეხვედრებისთვის, დოკუმენტების გაფორმებისთვის, მგზავრობისთვის და ყველა იმ საკითხის მოსაგვარებლად, სადაც ინფორმაციის გაცვლა, შეთანხმება ან კომპრომისის პოვნაა საჭირო. თუ წინა დღეს რაიმე სიტუაცია რთულად და ჩახლართულად გეჩვენებოდათ, დღეს მთვარისა და მერკურის მხარდაჭერით შესაძლოა მისი საკმაოდ მარტივი და მკაფიო გადაწყვეტის გზა იპოვოთ.
მთვარე, რომელიც ჩვენს ემოციებს, შინაგან მოთხოვნილებებსა და ფსიქოლოგიურ მდგომარეობას განასახიერებს, უერთდება მარსს - მოქმედების, ინიციატივის, ძალისა და შედეგის მიღწევის პლანეტას, კუროს ნიშანში.
ამ შეერთებით ვიღებთ სასიცოცხლო ენერგიის ძლიერ მუხტს. ჩნდება მოქმედების, წინსვლის, ამოცანების შესრულებისა და მიზნების მიღწევის ძლიერი იმპულსი. ხოლო ის ფაქტი, რომ ეს შეერთება კუროს ნიშანში ხდება, ამ ენერგიას განსაკუთრებით ღირებულს ხდის. თუ ცეცხლის ნიშნებში მყოფი მარსი ხშირად გვიბიძგებს იმპულსური და ნაჩქარევი გადაწყვეტილებებისკენ, კუროში ის გვეხმარება მშვიდად, თანმიმდევრულად და მიზანმიმართულად ვიმოქმედოთ.
დღეს გაცილებით შედეგიანი იქნება მიზნისკენ ნაბიჯ-ნაბიჯ, თავდაჯერებულად სვლა. იგრძნობთ შინაგანი ძალისა და სტაბილურობის საოცარი სინთეზს. ეს შესანიშნავი დღეა პრაქტიკული საკითხების მოსაგვარებლად, ფინანსური საქმეების დასალაგებლად, საჭირო და სასარგებლო შენაძენებისთვის, საოჯახო თუ სამეურნეო საქმიანობისთვის და ნებისმიერი ამოცანისთვის, რომელიც ნებისყოფას და შეუპოვრობას მოითხოვს.
დღევანდელი დღე საუკეთესოა გადადებული საქმეების, საუბრების თუ შეთანხმებების მოსაგვარებლად.
მხოლოდ უნდა გავითვალისწინოთ: კუროში მთვარისა და მარსის შეერთებამ შესაძლოა სიჯიუტეც გააძლიეროს, განსაკუთრებით მაშინ, როცა საქმე ჩვენს ინტერესებს, შეხედულებებს ან თვითშეფასებას ეხება. ამიტომ სასურველია, საკუთარი ეგო გააკონტროლოთ და ეს ძლიერი ენერგია მიზნების მიღწევისკენ მიმართოთ.
გარდა ამისა, დღეს ოცდამეშვიდე მთვარის დღის გავლენის ქვეშ ვიმყოფებით - ეს მთვარის თვის ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო პერიოდია. ეს დღე სიბრძნეს, შინაგან ცოდნას, ინტუიციას და მოვლენებს შორის დაფარული კავშირების დანახვის უნარს უკავშირდება.
სწორედ ასეთ დღეებში ბევრი ადამიანი პოულობს პასუხებს დიდი ხნის განმავლობაში მტანჯველ კითხვებზე, მოულოდნელად აცნობიერებს მიმდინარე მოვლენების მიზეზებს ან ძველი პრობლემების გადაწყვეტას ხედავს. ამიტომ ნუ უგულებელყოფთ შინაგან ხმას.
ლოგიკა და ინტუიცია ჰარმონიულად თანამშრომლობს, რაც საშუალებას გვაძლევს, არა მხოლოდ რაციონალურად ვიმსჯელოთ, არამედ საკუთარ შეგრძნებებსაც ყურადღებით მოვუსმინოთ.
ოცდამეშვიდე მთვარის დღე მთვარის ციკლის ერთ-ერთი ყველაზე მისტიკური და საიდუმლო ცოდნით გაჯერებული დღეა. ეს ის დროა, როდესაც ხილულსა და უხილავს შორის ფარდა თითქოს თხელდება და თუ საკუთარ თავს ყურადღებით მოუსმენთ, შესაძლოა სამყაროსგან მნიშვნელოვანი გზავნილები მიიღოთ.
დღეს შეიძლება მოულოდნელად გაჩნდეს ღირებული იდეები, პასუხები მნიშვნელოვან კითხვებზე ან შეგრძნებები.
განსაკუთრებით სასარგებლოა თვითშემეცნება და შინაგან სამყაროზე დაკვირვება. დღეს იღბლის ნაკადი განსაკუთრებით აქტიურია. როდესაც ცხოვრების დინებას მივენდობით, საჭირო მოვლენები თითქოს თავისით იწყებს განხორციელებას.
ოცდამეშვიდე მთვარის დღის სიმბოლოებია სამკაპი და ხომალდი. ორივე სიმბოლო დაკავშირებულია მოგზაურობასთან, ცოდნასთან და წინსვლასთან, მიანიშნებენ ახალი ჰორიზონტების აღმოჩენის, სიბრძნის შეძენისა და საკუთარი ცხოვრების შესახებ მნიშვნელოვანი ჭეშმარიტების გაცნობიერების შესაძლებლობაზე, ამიტომ თუ დღეს განსაკუთრებულ ნიშნებს შეამჩნევთ, შემთხვევით მოისმენთ სიტყვებს, რომლებიც თქვენს ყურადღებას მიიპყრობს, ან მნიშვნელოვან სიზმრებს იხილავთ, აუცილებლად დააფიქსირეთ ისინი. შესაძლოა, ეს ბედის მნიშვნელოვანი მინიშნებები იყოს.
დღეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ინტუიციასთან ძლიერი კავშირი. ნებისმიერი წინათგრძნობა ან შთაგონება შეიძლება საოცრად ზუსტი აღმოჩნდეს. სასურველია მეტი დრო დაუთმოთ მედიტაციას, ფიქრსა და სამყაროს ენერგეტიკულ ნაკადთან ჰარმონიზებას.
ასევე მნიშვნელოვანია ცნობიერად კეთილი საქმეების კეთება, რადგან დღეს კარმული უკუკავშირი სწრაფად მუშაობს და ყოველი კეთილი ქმედება მრავალგზის დაგიბრუნდებათ.
საერთო ჯამში, პარასკევი შესანიშნავი დღეა ძველი საქმეების დასასრულებლად, პროექტების დასახურად, ფინანსებისა და დოკუმენტაციის მოსაწესრიგებლად და ყველა პრაქტიკული საკითხის მოსაგვარებლად.
განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ ცაზე კვლავ მოქმედებს ივნისის და მთლიანად წლის ერთ-ერთი ყველაზე შესანიშნავი ასპექტი - ვენერასა და იუპიტერის შეერთება კირჩხიბის ნიშანში.
სანამ ეს შეერთება ძალაშია, გარემო უფრო კეთილგანწყობილი და მგრძნობიარე ხდება ჩვენი სურვილების მიმართ.
ეს შესანიშნავი პერიოდია საცხოვრებელი პირობების გასაუმჯობესებლად, ოჯახური საკითხების მოსაგვარებლად, შერიგებისთვის, ურთიერთობების აღსადგენად და საკუთარი სივრცის მეტად კომფორტულად მოსაწყობად.
ხშირად ვენერასა და იუპიტერის გავლენა ვლინდება ბედნიერი დამთხვევების, სასიამოვნო საჩუქრების, მოულოდნელი შესაძლებლობების ან იმ განცდის სახით, რომ სამყარო თითქოს სწორი გზისკენ გვიბიძგებს.
დღის რჩევაა: ნუ დახარჯავთ ენერგიას კამათზე და საკუთარი სიმართლის დამტკიცებაზე.
გამოიყენეთ მარსის ძალა, ვენერასა და იუპიტერის იღბლის მომტანი კავშირი შემოქმედებისა და განვითარებისათვის. გამოიყენეთ ოცდამეშვიდე მთვარის დღის სიბრძნე სწორი გადაწყვეტილებების მისაღებად.
13 ივნისს კი ვენერა კირჩხიბის ნიშანს დატოვებს და დიდებულ ლომის ნიშანში გადავა, სადაც 9 ივლისამდე იმოძრავებს.
ამ ინგრესიას თითოეული ჩვენგანი აუცილებლად იგრძნობს. ვენერას ლომში გავლენის შესახებ შემოგთავაზებთ სპეციალურ პოსტს.
მეგობრებო, გისურვებთ, რომ დღევანდელი დღე სიცხადის, შთაგონებისა და შინაგანი სიმშვიდის შუქით იყოს სავსე.
ასევე დაგაინტერესებთ:
⭕„ჯანმრთელობაში გარანტიები არ არსებობს, მაგრამ ეს შემიძლია დაგიგარანტიოთ...“ - რას წერს არუნ ხათრი