22 ოქტომბერს ნეპტუნი (ილუზიების, სიზმრებისა და სულიერი სამყაროს პლანეტა) საკუთარ სამეფოში, თევზების ზოდიაქოში ბრუნდება. ეს ასტროლოგიური მოვლენა თითქოს ახსენებს ადამიანებს, რომ რეალობა მხოლოდ ხილული არ არის და შინაგანი ხმა ზოგჯერ უფრო ჭეშმარიტად გვიძღვება, ვიდრე გონება. ნეპტუნის დაბრუნება თევზებში აძლიერებს ინტუიციას, სულიერ ძიებასა და ემპათიას — პერიოდი, როცა სამყაროს ენიგმები შეიძლება მეტად გასაგები გახდეს მათთვის, ვინც სიჩუმეში უსმენს საკუთარ სულს.
აღნიშნულ ასტროლოგიურ მოვლენაზე სოციალურ ქსელში დარეგისტრირებული გვერდი AstroBlog SkyLight წერს:
„დღეს, 22 ოქტომბერს ნეპტუნი დაბრუნდა თევზებში!
მეგობრებო, მოდი ერთად გადავხედოთ წლის ერთ-ერთ ყველაზე მისტიკურ ტრანზიტს - ნეპტუნის თევზების ნიშანში დაბრუნებას.
ნეპტუნი ტრანსცენდენტული პლანეტაა, მისი ორბიტა უზარმაზარია, ამიტომ მისი გადასვლა ერთი ზოდიაქოს ნიშნიდან მეორეში 13-14 წლის შემდეგ ხდება, შესაბამისად, ეს ინგრესია მიგვანიშნებს გლობალურ და მნიშვნელოვან მოვლენათა ციკლზე, რომელიც გავლენას ახდენს მთელ თაობაზე.
2011 წლის აპრილიდან, ნეპტუნი თევზების ნიშანში მოძრაობდა. წელს, 31 მარტს, მან გადაკვეთა თევზების საზღვარი და 150 წლის შემდეგ პირველად შევიდა ვერძის ნიშანში. ბოლოს ნეპტუნი ვერძის ნიშანში 1861-1875 წლებში იმყოფებოდა. თუმცა, ისევე როგორც ყველა პლანეტა, ნეპტუნიც გარკვეულ ეტაპზე გადის თავის რეტროგრადულ ფაზას, ანუ თავის ორბიტაზე უკან იწყებს მოძრაობას (დედამიწიდან ასე აღიქმება, სინამდვილეები, უბრალოდ ანელებს სიჩქარეს).
ამჯერად, რეტროგრადულ მოძრაობაში ყოფნისას, ნეპტუნი მცირე ხნით ტოვებს ვერძის ნიშანს და ბრუნდება თევზებში, სადაც 2026 წლის 26 იანვრამდე დარჩება.
ამგვარად, ნეპტუნი - საიდუმლოებების, შთაგონებისა და სულიერების პლანეტა - თევზებში, ზოდიაქოს უკანასკნელ ნიშანში, თავის ბოლო ,,ვიზიტს'' ახორციელებს, სანამ საბოლოოდ გადავა ვერძში და დაიწყებს სრულიად ახალ - პიროვნული გამოღვიძებისა და იდეოლოგიის განახლების ეპოქას.
ეს ბოლო ,,ვიზიტი'', რომელიც სამ თვეზე ცოტა მეტხანს გაგრძელდება, დაასრულებს 14 წლიან ციკლს გლობალური მასშტაბით.
მოდი, გავიხსენოთ, ნეპტუნის თევზებში ყოფნის პერიოდი:
2011 წლიდან ნეპტუნმა თევზებში კაცობრიობას მოუტანა მოვლენების ტალღა, რომლებმაც შეცვალა არა მხოლოდ გარე სამყარო, არამედ ჩვენი შინაგანი აღქმაც რეალობის მიმართ. ეს იყო ინტუიციის გლობალური გამოღვიძების, სამყაროს ერთიანობის გაცნობიერების დრო. თუმცა, ამავე პერიოდში, გაძლიერდა ილუზიები, ცდომილებები, ორიენტირების დაკარგვა, ვირტუალურობაზე დამოკიდებულება და საზღვრების წაშლა. ზოგმა ამ წლებში იპოვა თავისი სულიერი გზა, გაძლიერდა შინაგანი მგრძნობელობა და ინტუიცია, ზოგიერთებმა კი დაკარგეს სიმყარე, ჩაიძირენ ილუზიებში, ოცნებებში და ფუჭ იმედებში ან განიცადეს არსებული რწმენის სტრუქტურების დაშლა.
ახლა, როცა ნეპტუნი თევზების ბოლო გრადუსებში ბრუნდება, ის სულის ევოლუციის დიდ ციკლს ასრულებს. ინდივიდუალურ დონეზე ეს იქნება შეჯამების და გარდამავალი ეტაპის დრო. თევზები ხომ ზოდიაქოს ბოლო ნიშანია - მისტიკური და კარმული. ნეპტუნი ამ დაბრუნებით გვიბიძგებს, შევჩერდეთ, ღრმად ჩავისუნთქოთ და დავფიქრდეთ:
„რა ვისწავლე ამ 13 წლის განმავლობაში? რას გავუშვებ სამუდამოდ და რას მივიღებ ახალ ციკლში?“. ეს ტრანზიტი მიღების პერიოდია. ყველაფერი ზედმეტი თავისით წავა, ჭეშმარიტება კი გამოვლინდება - არა ცნობიერად, არამედ შინაგანი შეგრძნებით. ეს პერიოდი გამოირჩევა სიღრმისეული სიზმრებით და სიმბოლიზმით, ემოციური მგრძნობელობის ზრდითა და შინაგანი სიცხადის გამოვლენით.
22 ოქტომბრიდან 26 იანვრამდე სამყარო იქნება განსაკუთრებულ ენერგეტიკულ ფაზაში. ეს სამი თვე აღიქმება როგორც შენელება, გადაფასება, ბუნდოვანება, განწმენდა - შინაგანი მომზადება ახალი ციკლისთვის. შესაძლოა მოულოდნელად გავაცნობიეროთ ბოლო წლების მოვლენების არსი, დავინახოთ კანონზომიერებები, რომლებიც აქამდე შეუმჩნეველი იყო.
თუ ამ წლებში ილუზიით ცხოვრობდით, ნეპტუნი ახლა დაგანახვებთ, სად იტყუებდით თავს. ამავდროულად, ის შეგახსენებთ რწმენის, ნდობისა და თანაგრძნობის მნიშვნელობას. სამყარო ამ პერიოდში გახდება უფრო მგრძნობიარე. ადამიანები დაიწყებენ სულიერი კავშირის ძიებას და ბევრი მიმართავს სულიერ პრაქტიკას, ლოცვას, ხელოვნებას- მუსიკას, მხატვრობას- ხელოვნება ხომ სულიერების მაღალი გამოვლინებაა.
ეს არის განკურნების დრო პატიების გზით. აუცილებელი გახდება წარსულის ტკივილისგან გათავისუფლება. თევზები ხომ კარმული ნიშანია და ნეპტუნის ამ ფაზაში ბევრი კარმული პროგრამა დაიხურება. თუ სულში სიმძიმეა, სწორედ ახლაა დრო, გაათავისუფლოთ ის. დანარჩენს ნეპტუნი თვითონ გააკეთებს - გაწმენდს ქვეცნობიერ არხებს, თუ ეს თქვენი განზრახვა იქნება.
სულიერი პრაქტიკები, მედიტაციები და ლოცვები ამ პერიოდში განსაკუთრებულად ძლიერად იმუშავებს. მოვლენების დონეზე მოსალოდნელია წყლის სტიქიის, კლიმატისა და ოკეანეებთან დაკავშირებული თემების გააქტიურება. ნეპტუნის სიმბოლიკა პირდაპირი გამოხატვის ფორმებს მიიღებს.
გლობალურ დონეზე, პოლიტიკასა და საზოგადოებრივ პროცესებში, ახლა ბევრი რამ ფარულ ფაზაში შევა. იქნება გაურკვევლობა, ორაზროვნება, ბუნდოვანი დაპირებები. თუმცა, 2026 წლის დასაწყისში, როცა ნეპტუნი კვლავ შევა ვერძის ნიშანში, გამჟღავნებები და ახალი ინფორმაცია გლობალური ცვლილებების დასაწყისი გახდება.
პირად დონეზე, ეს პერიოდი იქნება შინაგან სამყაროში ჩაძირვისა და საკუთარ ქვეცნობიერთან შეხვედრის დრო. ინტუიციურ და შემოქმედებით ადამიანებს ნეპტუნი შთაგონებასა და იდეებს აჩუქებს, ხოლო მათ, ვინც ახლა შინაგან სიმძიმეს და დაძაბულობას განიცდის, მნიშვნელოვანია, რომ სთხოვოთ სამყაროს დახმარება, რადგან ლოცვებსა და მედიტაციებს განსაკუთრებული ძალა ექნება. ზედმეტად რაციონალურმა ადამიანებმა კი შესაძლოა დროებით დაკარგონ ორიენტირი - სწორედ იმისთვის, რომ სხვა, შინაგანი ხედვა გაიხსნათ.
ეს სამი თვე ჩვენი სულის დიდი რომანის ფინალური თავის მსგავსია. სამყაროსთან დიალოგში ჩვენ უნდა დავტოვოთ ყველაფერი ძველი - ოცნებები, წყენები, იდეალები, რომლებმაც ვერ გაუძლეს რეალობას, რათა ახალ ციკლში სუფთად და განახლებულად შევიდეთ. ნეპტუნი თითქოს ძველ შუქს აქრობს, სამაგიეროდ შინაგანი ნათებას გვჩუქნის.
მომდევნო სამი თვე არის შანსი, მოვიშოროთ ილუზიები, განვსაზღვროთ ახალი სულიერი გზები და იდეალები, რათა მომზადებული შევიდეთ ნეპტუნის ახალ, ცეცხლოვან ვერძის ციკლში. დაე, ეს პერიოდი გახდეს ჩვენი განწმენდის, შთაგონების, გაცნობიერების და გათავისუფლების დრო.
დაე, გაქრეს ყველაფერი, მტკივნეული და ილუზიური, დარჩეს მხოლოდ ჭეშმარიტება - სიყვარული, შთაგონება და ერთიანობა სამყაროს დიად სულთან!“, - წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.
ასევე დაგაინტერესებთ:
⭕„დახვეწილი მეგრელი, ლამაზი და ნიჭიერი“ - ლიზა ყენიას ახალი ფოტოები NYC-დან