Digest Logo

„სიცოცხლის ბორბალი“: რატომ არის ზოდიაქოს წრეში ნიშნების თანმიმდევრობა კანონზომიერი - ასტროლოგ ლიკა ჭოლაძის განმარტება

1792229676
ლიკა ჭოლაძე

ზოდიაქოს 12 ნიშნის განლაგება ასტროლოგიაში შემთხვევითი არ არის — ის ადამიანის განვითარებისა და ცხოვრების ეტაპების კონკრეტულ კანონზომიერებას ასახავს.

ასტროლოგი ლიკა ჭოლაძე დეტალურად განმარტავს, რატომ უწოდებენ ზოდიაქურ წრეს „სიცოცხლის ბორბალს“ და როგორ იყოფა ის სტიქიებად, ჯვრებად, პოლარობებად თუ განვითარების დონეებად:

„როგორც ცნობილია, ზოდიაქური წრე 12 ნიშნისაგან შედგება.

მაგრამ ეს არ არის ნიშნების შემთხვევითი განლაგება ან მხოლოდ შესაბამისი თანავარსკვლავედების რეალური განლაგების გადმოტანა. თანავარსკვლავედებიც სწორედ ამიტომ დგას ასეთი მიმდევრობით, რომ ამაში კონკრეტული კანონზომიერებებია. 

წრეს იწყებს აქტიური, საკუთარ თავზე და წინსვლაზე კონცენტრირებული ვერძი, აგრძელებს კურო, რომელიც სწავლობს გარშემო მატერიალურ სამყაროს და იყალიბებს თვითშეფასებას, შემდეგ ტყუპები, რომელიც ორიენტირებულია კონტაქტების დამყარებაზე, ბევრ გადაადგილებაზე, კომუნიკაციაზე. და ბოლოს, თევზები, რომელიც ასრულებს ციკლს მშვიდად, სიბრძნით, განვითარებული ინტუიციით და მიღმიერი სამყაროს ნატიფი აღქმით.

ამიტომ, ზოდიაქურ წრეს, ხშირად, „სიცოცხლის ბორბალს" უწოდებენ, რადგან ის კარგად აღწერს ადამიანის ცხოვრების ეტაპებს. 

ზოდიაქოს წრეზე 12 ნიშანი იყოფა სტიქიებად, ჯვრებად და პოლარობების მიხედვით:

გვაქვს 4 სტიქია:

ცეცხლი - იან, მამრობითი სტიქია. გამოხატულად ენერგიული, მისი აქტიურობა მიმართულია გარეთ და ჩანს.

ემოციურია. მომართულია გაფართოებისკენ. პლანეტები ამ სტიქიაში იძენენ მეტ სითამამეს და ინტენსიურობას.

(ვერძი-ლომი-მშვილდოსანი)

მიწა - ინ, მდედრობითი სტიქია. სტაბილურია. მისი აქტიურობა ხდება შიდა პლანზე და გარედან არ ჩანს.

რაციონალურია. მომართულია შენარჩუნებისკენ. პლანეტები ამ სტიქიაში იძენენ პრაქტიკულობას, რეალისტურობას.

(კურო-ქალწული-თხის რქა)

ჰაერი - იან, მამრობითი სტიქია. კონტაქტური და ინტელექტუალურია. მისი აქტიურობა გარედან ჩანს.

რაციონალურია. მომართულია კავშირების პოვნისა და დამყარებისკენ. პლანეტები ამ სტიქიაში იძენენ მეტ სიმსუბუქეს, ობიექტურობას.

(ტყუპები-სასწორი-მერწყული)

წყალი - ინ, მდედრობითი სტიქია. მგრძნობიარე, ღრმა და ინტუიციურია. მისი აქტიურობა ხდება შიდა პლანზე. ემოციურია. მომართულია აღქმისა და ტრანსფორმაციისკენ. პლანეტები ამ სტიქიაში იძენენ სენსიტიურობას ყველა დონეზე.

(კირჩხიბი-მორიელი-თევზები)

3 ჯვარი:

კარდინალური - ეს ჯვარი იწყებს პროცესებს, აქვს გამოხატულად ძლიერი პირველადი მუხტი. როცა მზე ამ ჯვრის ნიშნებს გადის, ახალი სეზონები იწყება. ამ ნიშნებშივე ხვდება ბუნიობის დღეები.

(ვერძი-კირჩხიბი-სასწორი-თხის რქა)

ფიქსირებული - ეს ჯვარი პროცესის შუალედურ, მაქსიმალურად განვითარებულ და სტაბილურ ეტაპს შეესაბამება. როცა მზე ამ ჯვრის ნიშნებს გადის, სეზონის შესაბამისი ამინდები სტაბილურდება.

(კურო-ლომი-მორიელი-მერწყული)

მუტაბელური - ეს ჯვარი აჩვენებს მიღწეულის გაფართოებას, გავრცელებას, „განვითარების შემდეგ დონეზე" აყვანას. როცა მზე ამ ჯვრის ნიშნებს გადის, ამინდი არასტაბილურია და ემზადება ცვლილებებისთვის.

(ტყუპები-ქალწული-მშვილდოსანი-თევზები)

2 პოლარობა:

ექსტრავერტული, მოქმედების სტიმულს და მოტივაციას იღებს გარედან, გარემოსთან ურთიერთობით. იან სტიქიების ნიშნები.
 ინტროვერტული, მოქმედების სტიმულს იღებს შიგნიდან, საკუთარ თავში ჩაღრმავებით და განმარტოებით.
ინ სტიქიის ნიშნები. 

კიდევ, ზოდიაქოს ნიშნები შეგვიძლია, დავყოთ 3 დონედ:

I - ფიზიკური დონე, ორიენტაცია საკუთარ თავზე.
(ვერძი-კურო-ტყუპები-კირჩხიბი)
II - ემოციური დონე, ორიენტაცია ურთიერთობებზე.
(ლომი-ქალწული-სასწორი-მორიელი)
III - სულიერი დონე, ორიენტაცია საზოგადოებაზე, სამყაროზე.
(მშვილდოსანი-თხის რქა-მერწყული-თევზები)
როგორც ხედავთ, განვითარების ყოველ დონეს აქაც ტრანსფორმაციული წყლის სტიქიის ნიშნები ასრულებს.

ეს დაყოფა მნიშვნელოვანია მხოლოდ ზოდიაქური წრის ერთიანად გააზრებისას და არ აღწერს, მაგალითად, კონკრეტული ზოდიაქოს ნიშნის ქვეშ დაბადებულ ადამიანს.

ადამიანის, ორგანიზაციის თუ სახელმწიფოს რუკის განხილვისას, ინტერპრეტაცია ხდება სინთეზურად, რუკის ყველა ინდივიდუალური ელემენტის გავლენის ერთობლივი გააზრებით“, - წერს ლიკა  ჭოლაძე.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕ როგორ მოქმედებს ყურსასმენები ჩვენს ჯანმრთელობაზე

⭕ როგორი ამინდია მოსალოდნელი 17 ოქტომბერს საქართველოში

⭕„ისწავლე, იფიქრე და გაისარჯე საქართველოსთვის! შენ გარდა მას სხვა შვილი არ ჰყავს“ - გია მურღულია

✕