ასტროლოგიაში რეტროგრადული პლანეტები უკავშირდება წარსული გამოცდილების გაანალიზებასა და მნიშვნელოვანი საკითხების გადაფასებას.
რეტროგრადული მერკური მორიელში და რეტროგრადული ვენერა ყურადღებას ამახვილებს აზროვნებაზე, ურთიერთობებზე, პირად ფასეულობებსა და პრიორიტეტებზე. ურანის, ნეპტუნისა და სატურნის რეტროგრადულობა კი ამ თემებს ცვლილებების, ილუზიებისა და პასუხისმგებლობების გადახედვის საკითხებს ამატებს.
მერკური აზროვნებისა და კომუნიკაციის სიმბოლოა, მორიელი კი სიღრმისეულ კვლევასა და ფსიქოლოგიურ პროცესებს უკავშირდება.
ამ კომბინაციის დროს შესაძლოა გავაანალიზოთ წარსული საუბრები, დავუბრუნდეთ გადაუჭრელ საკითხებს და სხვაგვარად შევაფასოთ ადამიანების სიტყვები თუ ქცევები. ყურადღება გამახვილდება ინფორმაციის მიღმა არსებულ მიზეზებსა და მოტივებზე.
თუმცა მნიშვნელოვანია, ეჭვები ფაქტებისგან განვასხვაოთ. სიღრმისეული ანალიზი სასარგებლოა მაშინ, როდესაც ის რეალურ გარემოებებს ეყრდნობა და არა მხოლოდ ვარაუდებს.
შესაძლოა, გაახსენდეთ საუბარი, რომელშიც ვიღაცის ნათქვამმა ეჭვი გაგიჩინათ, მაგრამ მაშინ ამაზე აღარ გიფიქრიათ. ახლა შეიძლება გადაწყვიტოთ, ამ ადამიანს მშვიდად გაესაუბროთ და დააზუსტოთ, რას გულისხმობდა სინამდვილეში. ან სამუშაო პროცესში აღმოაჩინოთ, რომ პრობლემა, რომელსაც სხვას აბრალებდით, ინფორმაციის არასწორად გაგებამ ან დაუზუსტებელმა შეთანხმებამ გამოიწვია.
ვენერა სიყვარულის, პარტნიორობის, თვითღირებულებისა და მატერიალური რესურსების სიმბოლოა. მისი რეტროგრადულობა ტრადიციულად უკავშირდება იმის გადაფასებას, თუ რა გვიზიდავს, რას ვაფასებთ და რა განსაზღვრავს ჩვენს არჩევანს.
ურთიერთობებში შეიძლება აქტუალური გახდეს ძველი კავშირები ან არსებული პარტნიორობის გადახედვის საჭიროება. მთავარი კითხვა მხოლოდ ის არ არის, გვიყვარს თუ არა ადამიანი, არამედ ისიც, რამდენად შეესაბამება ეს ურთიერთობა ჩვენს ღირებულებებსა და საჭიროებებს.
ვენერა ფინანსურ პრიორიტეტებსაც უკავშირდება. ამიტომ მნიშვნელოვანია დავაკვირდეთ, როგორ ვანაწილებთ ფულს, დროსა და ენერგიას. ჩვენი არჩევანი რეალურ სურვილებს ემყარება თუ ჩვევებსა და სხვების მოლოდინებს?
ამასთან, თვითღირებულების საკითხიც აქტიურდება: რამდენად არის საკუთარი თავის შეფასება დამოკიდებული გარეგნულ წარმატებაზე ან სხვების აღიარებაზე?
შესაძლოა, ყოფილმა პარტნიორმა კვლავ შეგახსენოთ თავი. ასტროლოგიური ინტერპრეტაციით, ასეთი დაბრუნება შეიძლება ერთგვარ გამოცდადაც აღვიქვათ, არა იმის გასარკვევად, კვლავ გიყვართ თუ არა ეს ადამიანი, არამედ იმის დასანახად, რამდენად შეიცვალა თქვენი ფასეულობები. ზოგჯერ წარსული ურთიერთობა სწორედ მაშინ აქტიურდება, როდესაც უნდა გავაცნობიეროთ, ვისწავლეთ თუ არა წინა გამოცდილებიდან და კვლავ ძველი სცენარის გამეორებას ვაპირებთ თუ უკვე სხვა პრინციპებით ვხელმძღვანელობთ.
თუ ადრე ამ ურთიერთობაში საკუთარ საჭიროებებს თმობდით, ახლა მთავარი კითხვაა: ისევ იმავე არჩევანს გააკეთებთ თუ შეძლებთ საკუთარი საზღვრებისა და ღირებულებების დაცვას? მთავარი გამოცდა შეიძლება იყოს არა ის, დაბრუნდება თუ არა ადამიანი, არამედ ის, თქვენ რამდენად შეიცვალეთ მისი დაბრუნების შემდეგ.
რახან რეტროობაზე ვსაუბრობთ, ვერ ავუვლით გვერდს სატურნი, ურანი და ნეპტუნის რეტროგრადულობასაც.
ურანის, ნეპტუნისა და სატურნის რეტროგრადულობა ამ პერიოდს უფრო ღრმა ტრანსფორმაციულ მნიშვნელობას სძენს. მათი გავლენა ასტროლოგიაში უკავშირდება ძველი შეხედულებების გადახედვას, ილუზიებისგან გათავისუფლებასა და პასუხისმგებლობების ხელახალ გააზრებას. ურანი გვიბიძგებს, დავინახოთ ის შეზღუდვები და მოძველებული წარმოდგენები, რომლებიც თავისუფლებასა და განვითარებაში გვიშლის ხელს; ნეპტუნი გვაყენებს რეალობასა და ილუზიას, რწმენასა და თვითმოტყუებას შორის განსხვავების დანახვის აუცილებლობის წინაშე;
სატურნი კი გვთხოვს, გადავაფასოთ ჩვენი ვალდებულებები, საზღვრები და ცხოვრებისეული სტრუქტურები. როდესაც ეს პლანეტები პირად რუკაში მნიშვნელოვან წერტილებსა და პლანეტებს ეხება, მათი სიმბოლური გავლენა შესაძლოა უფრო ინტენსიურად განიცდებოდეს და ღრმა შინაგანი ცვლილებების პროცესს დაემთხვეს.
ზოგიერთისთვის ეს შეიძლება გახდეს ეგზისტენციალური კრიზისის ან ე.წ. „სულის ბნელი ღამის“ პერიოდი, როდესაც ძველი იდენტობა და რწმენები კარგავს საყრდენს, ხოლო ახალი შინაგანი ორიენტირები ჯერ ჩამოყალიბებული არ არის. ამ პროცესის არსი ძველი ფსიქოლოგიური მოდელების გაცნობიერება და უფრო აუთენტიკური შინაგანი საყრდენის შექმნაა.
ერთობლივად, ეს სიმბოლური თემები გვთავაზობს დავფიქრდეთ, რომელი შეხედულებები და ვალდებულებები კვლავ გვემსახურება და რომელი საჭიროებს გადახედვას.
რეტროგრადული მერკურისა და ვენერას მთავარი თემა აზროვნების, გრძნობებისა და ფასეულობების გადაფასებაა. ეს პერიოდი გვაძლევს შესაძლებლობას, უკეთ გავიაზროთ ჩვენი მოტივები, ურთიერთობები და ის პრიორიტეტები, რომლებიც ჩვენს არჩევანს განსაზღვრავს.
ასტროლოგიური ინტერპრეტაციით, ამ პერიოდში სასურველია სიფრთხილე ახალი საქმეების წამოწყებისას, ახალი ურთიერთობების დაწყებისა და მნიშვნელოვანი პროექტების აქტიური განვითარებისას. უმჯობესია, ყურადღება უკვე დაწყებული საქმეების დასრულებას, არსებული გეგმების გადახედვასა და გადაუჭრელი საკითხების მოწესრიგებას დავუთმოთ. ეს არ ნიშნავს, რომ ახალი შესაძლებლობები აუცილებლად არასასურველია, თუმცა მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები დამატებით გააზრებასა და გადამოწმებას მოითხოვს.
ამასთან, ეს პერიოდი შეიძლება განვიხილოთ როგორც სულიერი გადაფასებისა და შინაგანი ცვლილების ეტაპი. ყურადღება გადადის გარეგნული მიღწევებიდან შინაგან პროცესებზე, საკუთარი შიშების, მიჯაჭვულობების, შეზღუდული რწმენებისა და ძველი ქცევითი მოდელების გააზრებაზე.
ამ პროცესის მთავარი აზრი წარსულში დაბრუნება კი არა, საკუთარი თავისა და ცხოვრებისეული არჩევანის უფრო ღრმა დონეზე გააზრებაა. ზოგჯერ წინსვლისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯი გარეგნული მოქმედების დაჩქარება კი არა, შინაგანი ცვლილებისთვის სივრცის შექმნაა.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕ შემოდგომის მთავარი მოდა: 10 ქართველი ვარსკვლავის ლუქი, რომელიც იდეალურ შთაგონებას მოგცემთ