Digest Logo

ვენერა რეტროგრადულ მოძრაობას იწყებს - რას უნდა მივაქციოთ ყურადღება სიყვარულსა და ფინანსებში

1791016914
ვენერა რეტროგრადულ მოძრაობას იწყებს — რას უნდა მივაქციოთ ყურადღება სიყვარულსა და ფინანსებში

რეტროგრადული ვენერა: ურთიერთობები, ღირებულებები და ფინანსები

ვენერა ყოველ წელიწადნახევარში ერთხელ მოძრაობს რეტროგრადულად და მისი ეს ფაზა დაახლოებით 40 დღე გრძელდება. ეს არის პერიოდი, როდესაც ვენერას სფეროებთან დაკავშირებული საკითხები - სიყვარული, ურთიერთობები, პირადი ღირებულებები, ფული, სიამოვნება, გარეგნობა და ესთეტიკა - ჩვეულებრივი დინამიკით აღარ ვითარდება. ყურადღება უფრო მეტად წარსულზე, უკვე არსებულ კავშირებსა და იმ საკითხებზე გადადის, რომლებიც ბოლომდე გარკვეული ან დასრულებული არ არის.

საკუთარი ემოციების კონტროლი უფრო რთულდება: განწყობა არასტაბილური ხდება, პერიოდულად ჩნდება მოწყენილობა, შინაგანი დაძაბულობა ან ცხოვრების შეცვლის სურვილი. რეტროგრადული ვენერა განსაკუთრებით მკაფიოდ აჩენს იმას, რასაც ურთიერთობებში ყოველდღიური ცხოვრება ხშირად ფარავს. ზედაპირული კეთილგანწყობის მიღმა შეიძლება გამოვლინდეს ეჭვიანობა, უნდობლობა, უკმაყოფილება, მიჯაჭვულობა ან ურთიერთობის რეალური მდგომარეობა. ადამიანი იწყებს უკეთ დანახვას, რა სურს სინამდვილეში, რა არის მისთვის მნიშვნელოვანი და რომელი ურთიერთობები თუ ცხოვრებისეული არჩევანი აღარ შეესაბამება მის ღირებულებებს.

ამ პერიოდში ხშირად ხდება ღირებულებათა სისტემის ცვლილება. იცვლება დამოკიდებულება ადამიანების, სიყვარულის, ფულის, გარეგნობისა და მატერიალური ნივთების მიმართ. შეიძლება დაბრუნდეს წარსულიდან ადამიანი, ძველი ურთიერთობა ან დაუმთავრებელი თემა. ზოგჯერ ასეთი შეხვედრა ურთიერთობის აღდგენას იწვევს, ზოგჯერ კი საბოლოოდ აჩვენებს, რატომ დასრულდა ეს კავშირი. ორივე შემთხვევაში წარსულთან დაბრუნებას თავისი მნიშვნელობა აქვს - გარკვეული ემოციური საკითხი ბოლომდე უნდა გაირკვეს.

რეტროგრადული ვენერა არ არის საუკეთესო დრო ახალი სასიყვარულო ურთიერთობის დასაწყებად, ქორწინების ან ნიშნობისთვის, ძვირფასი ნივთების შეძენისთვის, მნიშვნელოვანი ფინანსური გადაწყვეტილებებისა და ახალი ბიზნესპროექტების დასაწყებად. სიფრთხილეა საჭირო ფულის გასესხებისა და სესხის აღების, ინვესტიციებისა და ძვირადღირებული შენაძენების დროსაც. ფასდაკლება ან განსაკუთრებულად მიმზიდველი შეთავაზება ყოველთვის არ ნიშნავს კარგ შენაძენს.

სამაგიეროდ, ეს პერიოდი კარგია ადრე დაწყებული საქმეების დასრულებისთვის, შემოქმედებით საქმიანობაში დასაბრუნებლად, ძველი ურთიერთობების გარკვევისთვის, არსებული პარტნიორობის შეფასებისთვის, გარდერობისა და ნივთების მოწესრიგებისთვის და იმის გასარკვევად, რა გვჭირდება რეალურად და რას ვინარჩუნებთ მხოლოდ ჩვევის გამო.

2026 წლის რეტროგრადული ვენერა ამ პროცესს ორ განსხვავებულ ეტაპად გაივლის. 3-დან 25 ოქტომბრამდე ვენერა რეტროგრადულად მორიელში იმოძრავებს, ხოლო 25 ოქტომბრიდან 14 ნოემბრამდე - სასწორში. შესაბამისად, ამ ორი მონაკვეთის აქცენტებიც ერთმანეთისგან განსხვავებული იქნება.

მორიელში რეტროგრადული ვენერა ზედაპირულ პასუხებს არ სჯერდება. ყურადღება გადადის ურთიერთობის სიღრმეზე, ემოციურ მიჯაჭვულობაზე, ნდობაზე, ინტიმურობაზე, ერთგულებასა და ფინანსურ დამოკიდებულებებზე. ის, რაც აქამდე დაუთქმელი ან დამალული იყო, უფრო მკაფიოდ გამოვლინდება.

ამ პერიოდში განსაკუთრებით ძლიერია წარსულის დაბრუნების თემა. შეიძლება კვლავ გამოჩნდეს ყოფილი პარტნიორი, აღდგეს ძველი კონტაქტი ან დაბრუნდეს წარსულშ ბოლომდე არგარკვეული საკითხი. ასეთი დაბრუნება ყოველთვის ურთიერთობის აღდგენას არ ნიშნავს. ზოგჯერ მისი მიზანი იმის გაცნობიერებაა, რომ ეს ურთიერთობა უკვე ამოწურულია.

მორიელში ვენერა ძლიერ გრძნობებს უკავშირდება, ხოლო რეტროგრადულ მოძრაობაში ეს განცდები კიდევ უფრო ინტენსიური ხდება. ეჭვიანობა, კონტროლის სურვილი, უნდობლობა, წყენა და დაუკმაყოფილებლობა ადვილად ამოდის ზედაპირზე. ამიტომ ამ პერიოდში ურთიერთობის გარკვევა ემოციურ ფონზე არ უნდა გადაიზარდოს ძალაუფლების ბრძოლაში. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ერთმანეთისთვის თავისუფლებისა და პირადი საზღვრების პატივისცემა.

ეს ტრანზიტი ფინანსურ ურთიერთობებსაც ეხება. საერთო ფული, პარტნიორის ფინანსები, ვალდებულებები, ვალები და საერთო ბიზნესი უფრო ყურადღებით უნდა შეფასდეს. დიდი ფინანსური გადაწყვეტილებების მიღებისას სიფრთხილე აუცილებელია, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც გადაწყვეტილებას ძლიერი ემოცია, ბრაზი, აგრესია, შურისძიების სურვილი ან სხვისი გავლენა განსაზღვრავს.

25 ოქტომბრიდან ვენერა უკან ბრუნდება სასწორში - საკუთარ მმართველ ნიშანში. აქ მთავარი თემა უკვე ურთიერთობის ბალანსი, თანასწორობა, შეთანხმება და პარტნიორობის ხარისხი ხდება.
თუ მორიელში ვენერა მოგვიწოდებს დავინახოთ, რა იმალება ურთიერთობის სიღრმეში, სასწორში ის გვაჩვენებს, რამდენად სამართლიანი და თანასწორია ეს ურთიერთობა. ვინ რამდენს გასცემს? რამდენად არის გათვალისწინებული ორივე ადამიანის სურვილი? არსებობს თუ არა რეალური თანამშრომლობა? ურთიერთობას ორივე მხარე აშენებს თუ ერთი ადამიანი მუდმივად თმობს საკუთარ ინტერესებს?

რეტროგრადული ვენერა სასწორში ხშირად აბრუნებს ადამიანს ძველ ურთიერთობებთან, ადამიანებთან და დაუმთავრებელ მოლაპარაკებებთან. შეიძლება კვლავ გამოჩნდეს ყოფილი პარტნიორი, ძველი მეგობარი ან ყოფილი საქმიანი კავშირი. ასეთ დროს მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ემოციის გაღვივება, არამედ იმის გააზრება, შეიცვალა თუ არა ის მიზეზები, რომლებმაც ურთიერთობა ადრე დააზიანა.

ამ პერიოდში შეიძლება განსაკუთრებით მკაფიო გახდეს დისბალანსი პარტნიორულ ურთიერთობებში. იქ, სადაც გარეგნულად ყველაფერი მშვიდად ჩანდა, გამოვლინდება დაგროვილი უკმაყოფილება. ურთიერთობის შენარჩუნება მხოლოდ ფორმალური ჰარმონიის გამო სულ უფრო რთული ხდება. საჭიროა გულწრფელი საუბარი, მაგრამ არა ურთიერთბრალდებების რეჟიმში.

სასწორში რეტროგრადული ვენერა ასევე გვაბრუნებს ესთეტიკისა და გარეგნობის თემებთან. შეიძლება გაჩნდეს იმიჯის შეცვლის, გარდერობის განახლების ან გარეგნობაზე ექსპერიმენტების სურვილი. თუმცა რადიკალური ცვლილებების საბოლოოდ გადაწყვეტამდე ჯობს დაიცადოთ, რადგან რეტროგრადული ვენერას დროს გემოვნება და საკუთარი თავის აღქმა ხშირად იცვლება.

ამ 40-დღიანი პერიოდის მთავარი აზრი ახალი ურთიერთობის, ახალი გარეგნობის ან ახალი ფინანსური რეალობის სწრაფად შექმნა კი არა, არსებული მდგომარეობის გაცნობიერებაა. ვენერა გვაჩვენებს, რას ვაფასებთ, ვის ვირჩევთ, რაში ვხარჯავთ ფულს და დროს და რა გვანიჭებს კმაყოფილების გრძნობას. მისი რეტროგრადული მოძრაობა ამ ყველაფერს თავიდან გვაჩვენებს - უკვე დაგროვილი გამოცდილების ფონზე.

ამიტომ ოქტომბერ-ნოემბრის მთავარი ამოცანა ურთიერთობებში საბოლოო გადაწყვეტილებების სწრაფად მიღების ნაცვლად, საკუთარი რეალური სურვილებისა და ღირებულებების განსაზღვრაა. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია არ გადავდგათ ისეთი მკვეთრი ნაბიჯი, რომლის უკან დაბრუნებაც მოგვიანებით რთული იქნება. რაც ნამდვილად დასრულებულია, თავისთავად გამოიკვეთება, ხოლო ის, რასაც რეალური საფუძველი აქვს, ამ პერიოდის შემოწმებას მარტივად გაუძლებს.

 

✕