2027 წელი ზოდიაქოს ზოგიერთი ნიშნისთვის სიყვარულის, ახალი ნაცნობობისა და ურთიერთობების გადაფასების პერიოდად შეიძლება, გადაიქცეს. ასტროლოგიური პროგნოზის მიხედვით, წლის პირველ ნახევარში იუპიტერი ლომის ნიშანში იმოძრავებს, 26 ივლისიდან კი ქალწულში გადავა. ამასთან, ლომისა და მერწყულის ღერძზე მოსალოდნელი დაბნელებები ურთიერთობებში ახალი ეტაპის დაწყებასა და მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას უკავშირდება.
განსაკუთრებით საინტერესო ცვლილებები ხუთი ნიშნის წარმომადგენლებს ელოდებათ:
ვერძი
2027 წელი ვერძებისთვის რომანტიკული შესაძლებლობებით იქნება გამორჩეული. წლის პირველ ნახევარში იუპიტერი სიყვარულისა და რომანტიკის სფეროს გაააქტიურებს, რაც ხელს შეუწყობს ახალი ნაცნობობების გაჩენასა და უკვე არსებული ურთიერთობების გაღრმავებას. მარტოხელა ვერძებს შესაძლოა, ისეთი ადამიანი შეხვდეთ, რომელთანაც ურთიერთობა უბრალო გატაცებით არ შემოიფარგლება. წლის მეორე ნახევარში კი ყურადღება პარტნიორობასა და ურთიერთობებში პასუხისმგებლობის გადანაწილებაზე გადავა. ზოგიერთისთვის ეს მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების, მათ შორის, ურთიერთობის ოფიციალურად გაფორმების პერიოდიც შეიძლება გახდეს.
ლომი
ლომებისთვის 2027 წელი პირად ცხოვრებაში გარდამტეხი აღმოჩნდება. იუპიტერი ივლისის ბოლომდე მათ ნიშანში იქნება, რაც თავდაჯერებულობასა და ახალი შესაძლებლობებისადმი მზაობას გააძლიერებს. განსაკუთრებით მნიშვნელოვანი კი პარტნიორობის სფეროში მოსალოდნელი ცვლილებებია. წლის განმავლობაში ლომისა და მერწყულის ღერძზე ორი დაბნელება იქნება, რაც, ასტროლოგების თქმით, ურთიერთობების ახალ ეტაპთან, მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებასა და ძველი კავშირების გადაფასებასთან ასოცირდება. მარტოხელა ლომებისთვის ახალი ეტაპის დაწყება, წყვილებისთვის კი ურთიერთობის გაღრმავება ან მომავლის შესახებ სერიოზული საუბარი იქნება აქტუალური.
ქალწული
ქალწულებისთვის წლის დასაწყისი საკუთარი სურვილებისა და ურთიერთობების გადაფასებას დაეთმობა. შესაძლოა, საბოლოოდ გააცნობიერონ, რა სურთ პარტნიორისგან და რომელ საკითხებში აღარ აპირებენ კომპრომისზე წასვლას. მნიშვნელოვანი ცვლილებები განსაკუთრებით ზაფხულის მეორე ნახევრიდან იკვეთება: 26 ივლისს იუპიტერი ქალწულის ნიშანში გადავა და წლის ბოლომდე იქ დარჩება. ეს პერიოდი საკუთარი თავის რწმენის გაძლიერებას, ახალი ადამიანების მოზიდვასა და პირად ცხოვრებაში სასიამოვნო სიახლეებს უკავშირდება. მარტოხელა ქალწულებისთვის ახალი ურთიერთობის დაწყების შესაძლებლობა გაიზრდება, წყვილები კი შესაძლოა, საერთო სამომავლო გეგმებზე შეთანხმდნენ.
სასწორი
2027 წელს სასწორებისთვის მთავარი თემა პარტნიორობა და ურთიერთობებში სიცხადის მიღწევა იქნება. სატურნი და ნეპტუნი მთელი წლის განმავლობაში ვერძის ნიშანში იმოძრავებენ, რაც სასწორისთვის პარტნიორობის სფეროს უკავშირდება. ეს გავლენა მათ უბიძგებს, გაარკვიონ, რამდენად მყარია არსებული კავშირი და ემთხვევა თუ არა პარტნიორის სურვილები მათ მოლოდინებს. გაზაფხული განსაკუთრებით საინტერესო პერიოდია: ახალი ნაცნობობა შესაძლოა, სერიოზულ ურთიერთობაში გადაიზარდოს, ხოლო წყვილებმა, რომლებიც დიდი ხანია, ერთად არიან, ურთიერთობის შემდეგ ეტაპზე გადასვლა გადაწყვიტონ. მთავარია, რომანტიკული მოლოდინები რეალურ შესაძლებლობებს შეუთავსოთ.
მერწყული
მერწყულებისთვის 2027 წელი პირად ცხოვრებაში სიახლეებისა და მნიშვნელოვანი გარდაქმნების პერიოდად მოიაზრება. წლის პირველ ნახევარში იუპიტერი პარტნიორობის სფეროში იმოძრავებს, რაც ხელსაყრელ გარემოს შექმნის ახალი ურთიერთობის დასაწყებად ან არსებული კავშირის გასაძლიერებლად. ამასთან, პლუტონი მთელი წლის განმავლობაში მერწყულის ნიშანში იქნება, რაც, ასტროლოგების თქმით, პიროვნულ ცვლილებებსა და საკუთარი სურვილების უკეთ გააზრებას უკავშირდება. თებერვალსა და აგვისტოში მოსალოდნელი დაბნელებები კი შესაძლოა, ურთიერთობებში ახალი ეტაპის დაწყების სიმბოლური მომენტი გახდეს. ზოგიერთი მერწყული სიყვარულს მოულოდნელად იპოვის, ზოგი კი საბოლოოდ გადაწყვეტს, რა სურს პარტნიორისგან და როგორი მომავალი წარმოუდგენია.
ასევე დაგაინტერესებთ:
⭕„არახელსაყრელია მოგზაურობა, სწავლის, მშენებლობის დაწყება“ - 11 ნოემბრის პროგნოზი ფენშუის მიხედვით
⭕როგორი ამინდია მოსალოდნელი 11 ნოემბერს საქართველოში
წყარო: www.beaumonde.ge