ხელოვნური ინტელექტის AI გამოყენება მუსიკალურ ინდუსტრიაში სულ უფრო მასშტაბურ ხასიათს იღებს, რაც პარალელურად მწვავე დისკუსიებსა და კრიტიკას იწვევს. SubmitHub-ის მიერ ჩატარებულმა ახალმა კვლევამ აჩვენა, რომ 2026 წლის ივლისში მსოფლიოში გამოშვებული ახალი მუსიკის 38.5%-ის შექმნისას ხელოვნური ინტელექტი იყო გამოყენებული.
მილიონზე მეტი ტრეკის ანალიზის შედეგად დადგინდა, რომ 23.2% მთლიანად ხელოვნური ინტელექტის მიერ იყო გენერირებული. დამატებით 15.3% შეიცავდა AI-ის მიერ შექმნილ და შემდეგ ადამიანის მიერ დამუშავებულ აუდიო ელემენტებს.
პლატფორმა Deezer-ის მონაცემებით, ივნისში ხელოვნური ინტელექტით შექმნილმა ტრეკებმა ყოველდღიური ჩამოტვირთვების ნახევარზე მეტი შეადგინა.
კვლევები მოწმობს, რომ მსმენელთა 97%-ს უჭირს ადამიანის მიერ შექმნილი და AI-გენერირებული მუსიკის ერთმანეთისგან განსხვავება.
ინდუსტრიის რეაგირება და აკრძალვები მუსიკალური პლატფორმები და საავტორო უფლებების დამცველი ორგანიზაციები პრობლემის დარეგულირებას ცდილობენ.
SubmitHub-მა AI-ის გამოვლენისთვის სპეციალური ინსტრუმენტი SH Labs გაუშა, რომელსაც უკვე იყენებენ Bandcamp და Traxsource.
Bandcamp-ზე 2026 წლის დასაწყისში პლატფორმამ სრულად აკრძალა AI-გენერირებული მუსიკა და იტოვებს უფლებას, წაშალოს ეჭვმიტანილი ტრეკები.
Spotify-ს რაც შეეხება, სექტემბრიდან გეგმავს სპეციალური AI Persona ბეიჯების დანერგვას, რათა მსმენელმა ზუსტად იცოდეს, გამოიყენა თუ არა არტისტმა ხელოვნური ინტელექტი.
რეპერმა Tyga-მ აღიარა, რომ თავის ახალ ალბომში $tarface AI რეტრო სინთეზატორების გენერირებისთვის გამოიყენა და ის Auto-Tune-ის ანალოგიურ ინსტრუმენტად შეაფასა. თუმცა, ნამუშევარმა კრიტიკოსების ქარცეცხლი დაიმსახურა - Pitchfork-მა ალბომს ყველაზე დაბალი, 0/10 შეფასება მისცა, ხოლო მომღერალმა Doja Cat-მა კოლეგა AI-ის გამოყენების გამო ღიად გააკრიტიკა.
Empire Of The Sun-ის ვოკალისტმა ლუკ სტილმა და ბოი ჯორჯმა ასევე აღიარეს AI-ის გამოყენება. ბოი ჯორჯის ტრეკი - We Will Dance Again - მოგვიანებით Bandcamp-იდან წაიშალა პოლიტიკის დარღვევის გამო.
კრიტიკოსები ამბობენ, რომ მთავარი გამოწვევა ახლა გამჭვირვალობაა - მსმენელს უნდა ჰქონდეს ზუსტი ინფორმაცია, რათა თავად გადაწყვიტოს, სურს თუ არა ხელოვნური ინტელექტის მიერ შექმნილი მუსიკის მოსმენა.