ხელოვნური ინტელექტი მეცნიერებაში ახალ ეტაპზე გადავიდა - ის უკვე მხოლოდ მონაცემებს აღარ ამუშავებს. AI სისტემები თავად ქმნიან კვლევის იდეებს, აყალიბებენ ჰიპოთეზებს და მეცნიერებს ექსპერიმენტების დაგეგმვაში ეხმარებიან.
2026 წელს ჟურნალ Nature-ში გამოქვეყნებულმა კვლევებმა აჩვენა, რომ ასეთი სისტემები უკვე რეალურ სამეცნიერო პრობლემებზე მუშაობენ.
ერთ-ერთი მათგანია Robin. მან ბიოლოგიური კვლევის დროს სამეცნიერო ლიტერატურა შეისწავლა, ახალი ჰიპოთეზები შექმნა, ექსპერიმენტები შესთავაზა და მიღებული შედეგების საფუძველზე ახალი იდეებიც ჩამოაყალიბა.
მეორე სისტემამ, Co-Scientist-მა, მეცნიერებს ლეიკემიის სამკურნალოდ უკვე არსებული წამლების ახლებურად გამოყენების მოძებნაში დაეხმარა. ერთ შემთხვევაში AI-მ რამდენიმე დღეში მიაგნო ჰიპოთეზას, რომლის ჩამოყალიბებასა და შემოწმებაზე მკვლევარები წლების განმავლობაში მუშაობდნენ.
კიდევ ერთი სისტემა, The AI Scientist, კვლევის თითქმის მთელ პროცესს ავტომატურად გადის, იდეის შექმნიდან და ექსპერიმენტის დაგეგმვიდან კოდის დაწერამდე, შედეგების ანალიზამდე და სამეცნიერო ნაშრომის მომზადებამდე.
თუმცა ეს ჯერ არ ნიშნავს, რომ AI მეცნიერებს ცვლის.
რეალური ექსპერიმენტების ჩატარება, შედეგების შემოწმება და საბოლოო გადაწყვეტილებები კვლავ ადამიან-მკვლევარებს ეკისრებათ. Nature-ის მკვლევარებიც ხაზს უსვამენ, რომ AI ამ ეტაპზე უფრო ძლიერი პარტნიორია, ვიდრე მეცნიერის შემცვლელი.
საქმე ისაა, რომ შესაძლოა მეცნიერებაში ახალი ეტაპი იწყებოდეს:
ექიმი სვამს კითხვას, AI ეძებს იდეებს, შემდეგ ქმნის ჰიპოთეზებს და ყოველივე ამას ადამიანი ამოწმებს ექსპერიმენტით.
თუ ეს ტექნოლოგია კიდევ განვითარდა, მეცნიერებმა შესაძლოა ერთდროულად ათასობით იდეის შემოწმება და ბევრად უფრო სწრაფად ახალი აღმოჩენების გაკეთება მოახერხონ.
