Digest Logo

„არ მინდა, მორწმუნეები გავანაწყენო, მაგრამ ფეხბურთში ის ღმერთის დონეზეა“ - ტიერი ანრი ზინედინ ზიდანზე

1793099266
ზინედინ ზიდანი

საფრანგეთის ნაკრების ყოფილმა ფეხბურთელმა ტიერი ანრიმ ზინედინ ზიდანის ეროვნული გუნდის მთავარ მწვრთნელად დანიშვნას განსაკუთრებული შეფასება მისცა. როგორც გამოცემა Le Parisien წერს, ანრიმ ზიდანის გავლენა ფრანგულ ფეხბურთზე ღმერთისას შეადარა.

ანრი RMC Sport-ის ეთერში სტუმრობისას ზიდანის ნაკრებში დაბრუნებით გამოწვეულ ემოციებზე საუბრობდა. მისი თქმით, საფრანგეთის ნაკრების თამაშის ტაქტიკურ მხარეზე საუბარი დიდად არ უყვარს, თუმცა ზიდანის დანიშვნა განსაკუთრებულ მოვლენად მიაჩნია.

„ჩვენს ფეხბურთში ღმერთთან ძალიან ახლოს მყოფი ადამიანი გვყავს. არ მინდა, მორწმუნეები გავანაწყენო, მაგრამ ფეხბურთში ის ჩვენთვის მაინც ღმერთის დონეზეა. არ უნდა დაგვავიწყდეს დიდიე დეშამიც და ის, რაც მის დროს მოხდა. მაგრამ ახლა... ღმერთი მოვიდა“, - განაცხადა ანრიმ.

ყოფილი ფეხბურთელი განსაკუთრებით მოიხიბლა ზიდანის ემოციური რეაქციით ბელგიასთან მატჩში, როდესაც მაიკლ ოლისემ გამარჯვების გოლი გაიტანა. საფრანგეთმა შეხვედრა ანგარიშით 1:0 მოიგო.

„ეს საფრანგეთის ნაკრებია. ხომ ნახეთ ზიზუს რეაქცია მაიკლ ოლისეს გოლზე? ამას მამალი აკეთებს“, - აღნიშნა ანრიმ და დასძინა, რომ ეროვნული გუნდის მაისურსა და გარემოს განსაკუთრებული ემოცია ახლავს.

ანრის თქმით, ზიდანის გამოჩენამ ახალგაზრდა ფეხბურთელებზეც დიდი შთაბეჭდილება მოახდინა. მან კარგად იცის, როგორ რეაგირებენ ისინი ლეგენდარული ფეხბურთელის გვერდით ყოფნისას.

ზინედინ ზიდანი საფრანგეთის ნაკრების სათავეში დიდიე დეშამის შემდეგ მივიდა. ანრის შეფასებით, მისი დაბრუნება ფრანგული ფეხბურთისთვის განსაკუთრებული მოვლენაა, თუმცა ზიდანს მიღწეული შედეგების შენარჩუნება და წარმატების გაგრძელება მოუწევს.

✕