Digest Logo

აშშ-ის სააპელაციო სასამართლომ „მეტასა“ და „ტიკტოკის“ წინააღმდეგ 3 000-ზე მეტი სარჩელის განხილვის გაგრძელება დაუშვა

1786445711
სოციალური ქსელების დაბლოკვ

აშშ-ის მე-9 სააპელაციო სასამართლომ არ დააკმაყოფილა კომპანიების, „მეტასა“ და „ბაიტდენსის“ - TikTok საჩივარი, რომლითაც ისინი ქვედა ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმებას ითხოვდნენ. შედეგად, ტექნოლოგიურ გიგანტებს ფედერალურ სასამართლოში შეტანილ ათასობით სარჩელზე პასუხისგება მოუწევთ.

ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს.

მოსარჩელეები ამტკიცებენ, რომ „მეტა“, „ალფაბეტი“, „სნეპი“ და „ბაიტდენსი“ საკუთარ პლატფორმებს განზრახ ქმნიდნენ ისეთი ფორმატით, რომ ახალგაზრდა მომხმარებლებს მათზე დამოკიდებულება განვითარებოდათ. მათი თქმით, ამ პოლიტიკამ მოზარდებში დეპრესიის, შფოთვის, გარეგნობასთან დაკავშირებული პრობლემების ზრდასა და ფსიქიკური ჯანმრთელობის კრიზისს შეუწყო ხელი.

საპასუხოდ, კომპანიები ეყრდნობოდნენ 1996 წლის „კომუნიკაციების წესიერების შესახებ კანონის“ 230-ე მუხლს, რომელიც ონლაინპლატფორმებს მომხმარებელთა მიერ გამოქვეყნებულ კონტენტზე პასუხისმგებლობისგან იცავს. თუმცა, სან-ფრანცისკოში მდებარე სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ აღნიშნული მუხლი კომპანიებს პასუხისმგებლობისგან დაცვის საშუალებას აძლევს და არა სრულ იმუნიტეტს მსგავსი სარჩელებისგან.

გარდა ამისა, სასამართლომ უარყო „მეტას“ მოთხოვნა პროცესის გადადების შესახებ, რომელიც 29 შტატის გენერალური პროკურორის მიერ შეტანილ სარჩელს ეხება. პროკურორები კომპანიას ბავშვთა მონაცემების უკანონო შეგროვებასა და დამოკიდებულების გამომწვევი ფუნქციონალის შექმნაში ადანაშაულებენ. ამავე ბრალდებებით კალიფორნიის შტატის სასამართლოებში კიდევ 3 300-მდე საქმეა გაერთიანებული.

შეგახსენებთ, რომ 7 აგვისტოს ნიუ-მექსიკოს სასამართლომ „მეტას“ 567 მილიონი დოლარის გადახდა დააკისრა მომხმარებლებისთვის სავარაუდო საფრთხეების შესახებ ინფორმაციის დამალვის გამო.