აშშ-ის ნიუ-იორკის შტატში ბავშვი წითელას ინფექციით გარდაიცვალა. ეს შტატში ბოლო სამი ათწლეულის განმავლობაში დაავადებასთან დაკავშირებული პირველი ფატალური შემთხვევაა. ინფორმაციას ფრანგული გამოცემა Le Parisien ავრცელებს.
ნიუ-იორკის შტატის ჯანდაცვის დეპარტამენტისა და ლუისის ოლქის საზოგადოებრივი ჯანდაცვის სამსახურის განცხადებით, ბავშვი დაავადების მიმდინარე აფეთქების ფონზე გარდაიცვალა. შემთხვევა 2 ნოემბერს დადასტურდა. გარდაცვლილის ასაკისა და სხვა გარემოებების შესახებ დამატებითი ინფორმაცია არ გავრცელებულა.
ნიუ-იორკის გუბერნატორმა კეტი ჰოჩულმა მომხდართან დაკავშირებით მწუხარება გამოთქვა.
„გული დამწყდა, როდესაც შევიტყვე, რომ ლუისის ოლქში ბავშვი წითელას ინფექციით გარდაიცვალა“, – განაცხადა გუბერნატორმა.
მისივე შეფასებით, ეს ტრაგედია კიდევ ერთხელ აჩვენებს, თუ რა საფრთხეს ქმნის ვაქცინაციის მაჩვენებლის შემცირება და წლების განმავლობაში მიღწეული პროგრესის დაკარგვა.
წითელას შემთხვევები აშშ-ში იზრდება
გამოცემის ცნობით, წითელა აშშ-ში 2000 წელს ვაქცინაციის შედეგად აღმოფხვრილად გამოცხადდა, თუმცა ბოლო წლებში დაავადება კვლავ აქტიურად ვრცელდება. ამის ერთ-ერთ მიზეზად ვაქცინაციის მაჩვენებლის შემცირება და ჯანდაცვის უწყებების მიმართ უნდობლობის ზრდა სახელდება.
2026 წლის დასაწყისიდან აშშ-ში წითელას 4 834 დადასტურებული შემთხვევა დაფიქსირდა. ნიუ-იორკის შტატში შემთხვევების მატების გამო ოქტომბერში საგანგებო მდგომარეობაც გამოცხადდა.
ნიუ-იორკის ჯანდაცვის დეპარტამენტის მონაცემებით, 24 ოქტომბრის მდგომარეობით, შტატში წლის განმავლობაში წითელას 178 შემთხვევა იყო აღრიცხული, მათ შორის რვა – ნიუ-იორკში.
წითელა მაღალგადამდები ვირუსული დაავადებაა. მას ახასიათებს მაღალი ტემპერატურა, ხველა, სურდო და კანზე გამონაყარი. ზოგიერთ შემთხვევაში ინფექციამ შესაძლოა მძიმე გართულებები გამოიწვიოს, მათ შორის პნევმონია და თავის ტვინის ანთება, რაც სიცოცხლისთვის საშიშიც შეიძლება აღმოჩნდეს.
ჯანდაცვის სპეციალისტები მოსახლეობას ვაქცინაციის სტატუსის გადამოწმებისა და წითელას, ყბაყურასა და წითურას საწინააღმდეგო MMR ვაქცინით დაცვისკენ მოუწოდებენ.