რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ მსხვილ რუსულ ბიზნესკომპანიებს, რომლებსაც ადრე სანქციების გამო ყირიმში მუშაობის ეშინოდათ, ახლა შეუძლიათ უსაფრთხოდ წავიდნენ ნახევარკუნძულზე. აქედან გამომდინარე, პუტინმა აღნიშნა, რომ დასავლეთის მიერ დაწესებული სანქციები რუსეთს, პრობლემებთან ერთად, ახალ შესაძლებლობებსაც უქმნის. ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.
პუტინმა ახალ შესაძლებლობებთან დაკავშირებით, ყირიმისა და სევასტოპოლის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების შეხვედრაზე ისაუბრა.
„რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული შეზღუდვები, რა თქმა უნდა, უამრავ პრობლემას ქმნის, მაგრამ ისინი არამარტო პრობლემებს ქმნიან, არამედ ახალ შესაძლებლობებსაც გვაძლევენ, მათ შორის, ახლა ყველა პირობაა მსხვილი რუსული ბიზნესკომპანიებისთვის ყირიმში მუშაობასთან დაკავშირებით.
გულწრფელად რომ ვთქვათ, ადრე ბიზნესკომპანიებს ეშინოდათ რაიმე სახის სანქციების, მაგრამ ახლა მათ არაფრის ეშინიათ. ამიერიდან, მათ შეუძლიათ ადვილად მივიდნენ ნახევარკუნძულზე და აქტიურად იმუშაონ, განავითარონ იქ თავიანთი საქმიანობა, გახსნან და აითვისონ ახალი ბაზრის ნიშები, მათ შორის გამარტივდება საბანკო საკითხებიც", - განაცხადა პუტინმა.
„ჩვენ აუცილებლად დავუჭერთ მხარს ასეთ ბიზნესსაქმიანობას, მათ შორის, საბანკო და ფინანსური სერვისების ინფრასტრუქტურის განთავსებით.
ამ მხრივ, ჩვენი ერთ-ერთი წამყვანი ფინანსური ინსტიტუტი სახელმწიფოს 100%-იანი მონაწილეობით არის პრომსვიაზბანკი, რომელიც, პრინციპში, უკვე იმყოფება ნახევარკუნძულზე. დაწესებულებამ უკვე უნდა დაიწყოს მუშაობა ყირიმში, რაც შეიძლება სწრაფად და ფართოდ.
აუცილებელია პერსპექტიული პროდუქციის ხაზების დანერგვა, სოფლის მეურნეობის, მშენებლობის, ტურიზმისა და სხვა საკვანძო ინდუსტრიებზე სესხის გაცემა, აქ ფილიალების გახსნა და საცალო ვაჭრობის ქსელის განვითარება“, - დასძინა მან.