აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ბარაკ ობამაზე უკეთესი გოლფის მოთამაშეა და მას კვების ჩვევებიც დაუწუნა. ტრამპმა ამის შესახებ ტეხასის შტატის ქალაქ კორპუს კრისტიში გამართულ წინასაარჩევნო ღონისძიებაზე ისაუბრა.
როგორც გამოცემა OK! Magazine წერს, 27 ოქტომბერს, რესპუბლიკელების მხარდამჭერებთან შეხვედრისას, ტრამპმა კიდევ ერთხელ გაიხსენა თავისი ყოფილი ექიმის, რონი ჯექსონის შესახებ ამბავი. მისი მტკიცებით, ჯექსონს ჰკითხეს, სამი პრეზიდენტიდან ჯორჯ ბუშ უმცროსიდან, ბარაკ ობამადან და თავად ტრამპიდან - ვინ იყო ყველაზე ჯანმრთელი.
ტრამპის მონაყოლის თანახმად, ექიმმა უპასუხა, რომ ყველაზე ჯანმრთელი დონალდ ტრამპი იყო.
„უდავოდ, ყველაზე ჯანმრთელი პრეზიდენტი დონალდ ჯეი ტრამპია“, - ციტირებდა აშშ-ის პრეზიდენტი ექიმის სავარაუდო პასუხს.
ტრამპმა შემდეგ დაამატა, რომ ობამაზე უკეთესი გოლფის მოთამაშეც არის. მან ყოფილ პრეზიდენტს კვების ჩვევებზე ხუმრობით მიმართა და აღნიშნა, რომ ობამას, თითქოს, სალათის ფოთლის თითოეული ნაჭერიც კი იდეალურად შერჩეული სჭირდება, თავად კი საკვების არჩევისას ასეთი მომთხოვნი არ არის.
რონი ჯექსონი ბარაკ ობამას ადმინისტრაციაში 2013 წელს დაინიშნა პრეზიდენტის მთავარ ექიმად, მოგვიანებით კი დონალდ ტრამპის ექიმიც იყო. ჯორჯ ბუშ უმცროსის პრეზიდენტობის პერიოდში ის თეთრი სახლის სამედიცინო სამსახურში მუშაობდა, თუმცა ბუშის პირადი ექიმი არ ყოფილა.
ტრამპის განცხადებას სოციალურ ქსელებში კრიტიკული გამოხმაურება მოჰყვა. მომხმარებლებმა გაიხსენეს პრეზიდენტის სწრაფი კვებისადმი ცნობილი სიყვარული, მათ შორის „მაკდონალდსის“ კერძები და „დიეტური კოკა-კოლა“, და მისი განცხადებები ჯანსაღი ცხოვრების შესახებ ეჭვქვეშ დააყენეს.
