ესპანეთის კანარის კუნძულებზე ბოლო ორი დღის განმავლობაში, ნავებით, თითქმის 2 200 მიგრანტი ჩავიდა. ინფორმაციას ამის შესახებ Euronews ესპანეთის საზღვაო სამაშველო სამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, 15 ნოემბერს მაშველებმა კუნძულ ელ-იეროსთან გადატვირთულ ნავებზე მყოფ მიგრანტებს აღმოუჩინეს დახმარება. მათ შორის იყვნენ ბავშვები, ერთი ჩვილი, რომელთა ნაპირზე უსაფრთხოდ გადაყვანაც მოხერხდა.
ესპანეთის საზღვაო სამაშველო სამსახურის ინფორმაციით, მხოლოდ ერთ დღეში დახმარება გაეწია 14 გასაბერ ნავში მყოფ 1 324 ადამიანს. მათი უმრავლესობა კუნძულ ელ-იეროზე ჩავიდა. ეს მაჩვენებელი ატლანტიკური მიგრაციული მარშრუტის დღიურ რეკორდთან ახლოსაა - 2020 წლის 7 ნოემბერს მაშველებმა 1 461 ადამიანის დახმარება შეძლეს.
კანარის კუნძულები დასავლეთ აფრიკიდან ესპანეთში მოხვედრის ერთ-ერთი მთავარი მარშრუტია. მიგრანტები სახიფათო ატლანტიკურ ოკეანეს ხშირად მცირე ზომის, არასათანადოდ აღჭურვილი ნავებით კვეთენ.
ესპანეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემებით, 2026 წლის იანვრიდან ოქტომბრის ბოლომდე ქვეყანაში ზღვით ჩასული 28 000-ზე მეტი მიგრანტიდან 13 000-ზე მეტი სწორედ კანარის კუნძულებზე ჩავიდა.
ბოლო პერიოდში მიგრანტების ნაკადის ზრდის გამო ესპანეთმა კანარის კუნძულებზე მიგრაციული საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.
აღსანიშნავია, რომ დასავლეთ აფრიკიდან კანარის კუნძულებამდე ატლანტიკური მარშრუტი მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე სახიფათო მიგრაციულ გზად მიიჩნევა. მიუხედავად იმისა, რომ კუნძულები აფრიკის უახლოესი სანაპიროდან დაახლოებით 105 კილომეტრითაა დაშორებული, მიგრანტები ხშირად უფრო ხანგრძლივ მარშრუტებს ირჩევენ, რათა უსაფრთხოების ძალებს თავი აარიდონ. ასეთ მოგზაურობას შესაძლოა რამდენიმე დღე ან კვირაც დასჭირდეს.