პოლიციამ რამდენიმე სპეცოპერაცია ჩაატარა, ბოროტმოქმედთა უმეტესობა ბინების ქურდობით იყო დაკავებული. მაფიოზური დაჯგუფების წევრთა ნაწილი მიმალვაში იმყოფება, ასე რომ პოლიცია კიდევ რამდენიმე პირის დაკავებას არ გამორიცხავს.
ესპანელი სამართალდამცველების ინფორმაციით, დაჯგუფების წევრები მთელი ესპანეთის ტერიტორიაზე მოქმედებდნენ, მაგრამ ძირითადად სევილიაზე იყვნენ ფოკუსირებულები. ჩხრეკის დროს დაკავებულთა სახლებში დიდი რაოდენობით მოპარული ოქროულობა, ფული და სხვა ნივთები იყო აღმოჩენილი.
ქართველების გარდა, დაჯგუფებაში სხვა ეროვნების წარმომადგენლებიც შედიან, მაგ. ლიეტუველები. „ეს ერთ-ერთო ყველაზე გავლენიანი დანაშაულებრივი დაჯგუფებაა მთელ ევროპაში, მასში პროფესიონალი ქურდები შედიან, რომლებმაც სახლების კარების გახსნა საკმაოდ მარტივად შეუძლიათ“, - ამბობენ სევილიის პოლიციაში.
მაფიოზურ დაჯგუფებას კარგი ინფრასტრუქტურა გააჩნია, რის დახმარებითაც ის დანაშაულებრივი ქმედებებით არის დაკავებული. ესენია ყალბი საბუთები, სამალავები, სპეციალური ინსტრუმენტები, ბინები და ე.წ. „ობშაკი“. როგორც წესი, ქურდობა ღამის საათებში ხდება და მხოლოდ იმ სახლებში, სადაც პატრონი იმ მომენტში არ იმყოფება. ანუ დაჯგუფების წევრების წესია, რომ ქურდობის დროს ძალადობრივი ქმედება არ მოხდეს.
ქურდობამდე ბოროტმოქმედები სახლების შესასვლელებზე სპეციალურ ნიშნებს ამაგრებენ - ეს შეიძლება იყოს სილიკონი, პლასტიკური ნაჭერი, პატარა ფურცელი. თუ რამდენიმე დღის შემდეგ ნიშანი ადგილზეა, ესე იგი სახლის კარი არ იღება, იქ არავინ იმყოფება და კრიმინალები სახლში გასაქურდად შედიან. კარის გახსნა საკმაოდ „სუფთად“ ხდება, ასე რომ ქურდობის კვალის აღმოჩენა შეიძლება დღეების ან თვეები შემდეგ მოხდეს. ამ დროს კი ქურდები უკვე ქალაქიდან გასულები არიან.
პოლიცია მოუწოდებს მოსახლეობას, რომ ბინებში დაცვის დამატებითი საშუალებები დააყენონ და თუ რაიმე საეჭვო შეამჩნიეს, რაიმე კვალი კარებზე, ან უცხო პირები შენიშნეს ბინის მახლობლად, აუცილებლად პოლიციას შეატყობინონ. გარდა, ამისა, უმჯობესია უსაფრთხოების ვიდეოკამერების დამონტაჟება.