Digest Logo

„ხალხს მდიდარი ვგონივარ...“ - რატომ ცხოვრობს მილიარდერი მამის ტრანსგენდერი შვილი ქირით?

1780574712
ილონ მასკი

ცნობილმა ტანსაცმლის ბრენდმა Desigual-მა კუნძულ იბიცაზე გრანდიოზულ ჩვენებასა და წვეულებას უმასპინძლა, რომელმაც მსოფლიო დონის ვარსკვლავები შეკრიბა. ღონისძიების მთავარი ყურადღების ცენტრში სუპერმოდელი ირინა შეიკი და ილონ მასკის ტრანსგენდერი შვილი, ვივიენ უილსონი მოექცნენ.

კუნძულიდან კადრები სოციალურ ქსელში თავად 40 წლის ირინა შეიკმა გააზიარა. ფოტოებში ჩანს, რომ მას კომპანიონობას 2000-იანი წლების პოპ-ვარსკვლავი დემი ლოვატო და მილიარდერ ილონ მასკის შვილი, ვივიენ ჯენა უილსონი უწევდნენ.

ილონ მასკის შვილი მამის ჩრდილიდან გამოდის

ვივიენ ჯენა უილსონი ბოლო პერიოდში სულ უფრო ხშირად ხვდება საერთაშორისო მედიის ყურადღების ცენტრში. ის საზოგადოების წინაშე არა უმდიდრესი ადამიანის შვილის სტატუსით, არამედ როგორც დამოუკიდებელი მოდელი და აქტივისტი ისე პოზიციონირებს.

ვივიენმა ტრანსგენდერ ქალად საკუთარი იდენტობა 2020 წელს გაასაჯაროვა. 2022 წელს მან იურიდიულად შეიცვალა სახელი, უარი თქვა მასკის გვარზე და დედის გვარი, უილსონი მიიღო. სასამართლოში შეტანილ განცხადებაში მან პირდაპირ მიუთითა, რომ მამასთან ყოველგვარი კავშირის გაწყვეტა სურდა.

ბოლო წლებში ვივიენის კარიერა განსაკუთრებით სწრაფი ტემპით განვითარდა. ტოკიოში სწავლის შეწყვეტის შემდეგ, ის ლოს-ანჯელესში დაბრუნდა და სამოდელო ბიზნესში აქტიურად ჩაერთო. მას უკვე აქვს საკმაოდ სოლიდური პორტფოლიო:

დაიბეჭდა Teen Vogue-ის გარეკანზე;

მონაწილეობა მიიღო ნიუ-იორკის მოდის კვირეულის (New York Fashion Week) ჩვენებებში;

და გააფორმა კონტრაქტი მსოფლიოს ერთ-ერთ უმსხვილეს სამოდელო სააგენტოსთან.

საკუთარი ცხოვრების შენება და ქირით ცხოვრება

ვივიენის მამასთან ურთიერთობის საკითხი დღემდე ერთ-ერთი ყველაზე განხილვადი თემაა მსოფლიო მედიაში. მას შემდეგ, რაც ილონ მასკმა საჯაროდ გააკეთა კრიტიკული განცხადებები შვილის იდენტობის შესახებ და მისი არჩევანის გამო ის, ფაქტობრივად, „მკვდრად გამოაცხადა“, მათ შორის ყოველგვარი კონტაქტი შეწყდა.

მასკის მრავალმილიარდიანი ქონებიდან ვივიენს არაფერი ერგება.

ერთ-ერთ ინტერვიუში ვივიენმა ემოციურად აღწერა ის მომენტი, როდესაც მამის გვარზე უარი თქვა:

„მთელი ამ ხნის განმავლობაში ვტიროდი. წლების განმავლობაში თავს ვიკავებდი და შემდეგ უბრალოდ გავუშვი. ეს ძალიან კარგი შეგრძნება იყო“, - აღიარა მან, თუმცა დასძინა, რომ დღემდე იღებს მტკივნეულ და უსიამოვნო შეტყობინებებს.

მიუხედავად გავრცელებული აზრისა, ვივიენი ფუფუნებაში არ ცხოვრობს. მისი თქმით, დედამისი მდიდარია, თუმცა თავად ასობით ათასი დოლარი არ გააჩნია: „ხალხი ფიქრობს, რომ ბევრი ფული მაქვს. სამ გოგონასთან ერთად ვცხოვრობ ქირით, რადგან ეს უფრო იაფია“.