იტალიაში ხელოვნურ ინტელექტზე დამოკიდებულების მკურნალობის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა. ინფორმაციას ადგილობრივი მედია იტალიის დამოკიდებულ პირთა დახმარების სახელმწიფო სამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს.
საავადმყოფოში დაახლოებით 20 წლის გოგო მოხვდა, რომელიც ხელოვნურ ინტელექტთან მუდმივ კონტაქტში იმყოფებოდა. ვრცელდება ინფორმაცია, რომ ის ნეიროქსელთან ისე ურთიერთობდა, როგორც ნამდვილ მეგობართან და „ყველასა და ყველაფერს“ ჩამოშორდა.
„ტოქსიკური მეგობრობა დროთა განმავლობაში დამოკიდებულებაში გადაიზარდა: ეს არის ხელოვნურ ინტელექტზე დამოკიდებულების პირველი შემთხვევა, რომელიც დამოკიდებულებათა მკურნალობის სამსახურის მეთვალყურეობის ქვეშ მოექცა“, - ნათქვამია განცხადებაში.
სამედიცინო დაწესებულების მთავარმა ექიმმა ლაურა სუარდიმ აღნიშნა, რომ ხელოვნურ ინტელექტზე დამოკიდებულება მოულოდნელი არ ყოფილა. მისი თქმით, სპეციალისტები წინასწარ ხედავდნენ, რომ მსგავსი ქცევითი სირთულეები წარმოიშობოდა.
სუარდიმ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ადამიანის უკეთ გაცნობასთან ერთად, ხელოვნური ინტელექტი იწყებს ზუსტად იმის თქმას, რისი მოსმენაც ამ ადამიანს სურს.