ჩინელი მსახიობის ჟანგ ძინჯის 2026 წლის მარტში, პეკინის საერთაშორისო კინოფესტივალის წითელ ხალიჩაზე გამოჩენას, განსაკუთრებული ყურადღება მოჰყვა. ყურადღების ცენტრში არა მისი გარეგნობა ან ელეგანტური კაბა მოექცა, არამედ, მის ხელში დაჭერილი ნივთი, რომელიც ჩვეულებრივ მაღაზიაში უფასოდ დარიგებულ პარკს ჰგავდა.
რამდენიმე საათში ეს აქსესუარი წლის ერთ-ერთ ყველაზე განხილვად მოდურ ნივთად იქცა.
ის, რაც ერთი შეხედვით ერთჯერად ნაგვის პარკს ჰგავდა, სწრაფად გახდა დაბნეულობის, ხუმრობებისა და კრიტიკის მიზეზი. თუმცა, რეაქცია სრულიად უსაფუძვლო არ ყოფილა - ჩანთა ძალიან ჰგავდა Balenciaga-ს მიერ შექმნილ უკვე სკანდალურად ცნობილ Trash Pouch-ს, რომლის ფასი დაახლოებით 1,790 დოლარია.
ჟანგ ძინჯი, რომელსაც გულშემატკივრები ხშირად „ვერცხლის ეკრანის პრინცესად“ მოიხსენიებენ, ცნობილია თავისი ელეგანტური საჯარო გამოსვლებითა და პოპულარული ჩინური ფილმებით. მისი სტილი, როგორც წესი, კლასიკურ კუტიურ კაბებსა და დახვეწილ აქსესუარებს მოიცავს.
ფესტივალზე მან საღამოს შავი კაბა მოირგო, რომელიც სამგანზომილებიანი ყვავილოვანი ელემენტებით იყო გაფორმებული, ლუქი სრულად შეესაბამებოდა მის დახვეწილ იმიჯს. თუმცა, ხელში დაჭერილი აქსესუარი მკვეთრად ეწინააღმდეგებოდა ამ ელეგანტურობას.
მის ხელში მოქცეული, დაჭმუჭნილი ჩანთა ზუსტად ისე გამოიყურებოდა, თითქოს პირდაპირ სამზარეულოს ნაგვის ურნიდან იყო ამოღებული.
აღნიშნულ ფოტოებს სოცქსელებში საკმაოდ ხმაურიანი კომენტარები მოჰყვა:
ამერიკასა და ევროპაში მომხმარებლების ნაწილი ამას აღიქვამს, როგორც მაღალი მოდის დაცინვა - ან, მიზანმიმართულად უბრალო, ყოველდღიური ნივთის ლუქსად გადაქცევის მცდელობას.
ჩინურ სოციალურ ქსელებში რეაქცია უფრო კრიტიკულია, მომხმარებლები ხაზს უსვამენ, რომ მსგავსი დიზაინი არ შეესაბამება მაღალ მოდას.
საბოლოოდ, როგორც ხშირად ხდება „ბალენსიაგას“ ჩანთის კრიტიკამაც და ინტერესმაც ერთდროულად გაზარდა აღნიშნული პროდუქტის პოპულარობა.
კრიტიკოსებისთვის, მაღალ მოდაში დემნასეული კონცეფცია სულ სხვა რამეს ნიშნავს: ფუფუნების ინდუსტრია სულ უფრო მეტად შოკისა და ვირუსული მარკეტინგის გავლენის ქვეშ არის, რაც აძლიერებს დისკუსიას ფასის, ღირებულებისა და მოდის საზღვრების შესახებ.
