Digest Logo

მაიკლ ჯექსონის ლეგენდარული ქურთუკი კლიპიდან Thriller აუქციონზე იყიდება - ვარაუდობენ, ფასი, 10 მილიონ დოლარს გადააჭარბებს

1791801929
მაიკლ ჯექსონი

პოპ-მუსიკის მეფის, მაიკლ ჯექსონის საკულტო წითელ-შავი ტყავის ქურთუკი, რომელიც მას 1983 წლის მსოფლიო ჰიტის, Thriller-ის ვიდეორგოლში ეცვა, აუქციონზე ხელმეორედ გაიტანეს. სააუქციონო სახლ Julien’s Auctions-ის შეფასებით, ლოტის ღირებულებამ, შესაძლოა, 10 მილიონ აშშ დოლარს გადააჭარბოს.

საკულტო სამოსის დიზაინი დებორა ნადულმან ლანდისს ეკუთვნის. Thriller-ის კლიპისთვის სულ ასეთი ორი ქურთუკი შეიქმნა. აუქციონზე გამოსატანი ეგზემპლარი თავად მაიკლ ჯექსონმა მოგვიანებით თავის პირად დიზაინერებს, დენის ტომპკინსსა და მაიკლ ბუშს აჩუქა, რომლებიც მას სცენის სამოსის დამზადებაში ეხმარებოდნენ. 

აღსანიშნავია, რომ აღნიშნული ქურთუკი აუქციონზე პირველად 2011 წელს გაიყიდა, მაშინ ტექსასელმა ბიზნესმენმა მასში 1.8 მილიონი დოლარი გადაიხადა. 

აუქციონი სახელწოდებით Michael Jackson: The Fashion Legacy Auction 7-9 დეკემბერს აბუ-დაბიში გაიმართება. ქურთუკის გარდა, აუქციონზე წარმოდგენილი იქნება შემსრულებლის სხვა ისტორიული ნივთებიც, მათ შორის: 

1983 წელს, Billie Jean-ის შესრულებისას, სადაც მან პირველად შეასრულა ლეგენდარული „მთვარის სიარული“ გამოყენებული ბროლის ხელთათმანი; 

ცნობილი ფეხსაცმელი, რომლითაც შემსრულებელი „ანტიგრავიტაციულ ილეთს“ ასრულებდა. 

აუქციონზე გატანამდე, ლეგენდარული ლოტები ლოს-ანჯელესში, Palace Theatre-ში გამართულ სპეციალურ ღონისძიებაზე გამოიფინება, სწორედ იმ თეატრში, სადაც 1983 წელს Thriller-ის ვიდეორგოლის ნაწილი გადაიღეს.

✕