ფრანგი მწერალი და 2020 წლის გონკურის პრემიის ლაურეატი ჰერვე ლე ტელე ხელოვნური ინტელექტის {AI} მიერ შექმნილი ლიტერატურის სწრაფ გავრცელებაზე შეშფოთებას გამოთქვამს. მისი აზრით, ტექნოლოგიის განვითარება მნიშვნელოვან კითხვებს აჩენს არა მხოლოდ ლიტერატურის მომავალზე, არამედ ადამიანის შემოქმედებით როლსა და საზოგადოებაზე მისი გავლენის შესახებ.
როგორც გამოცემა Le Parisien-თან ინტერვიუში მწერალმა აღნიშნა, ხელოვნური ინტელექტის გამოყენება ლიტერატურაში სულ უფრო აქტუალური ხდება. მისი თქმით, მთავარი საკითხია, შეიძლება თუ არა ავტორად ჩაითვალოს ადამიანი, რომელიც ტექსტის შესაქმნელად ხელოვნურ ინტელექტს იყენებს.
ლე ტელე, რომელიც მკითხველმა რომან „ანომალიით“ - L’Anomalie გაიცნო, ხელოვნური ინტელექტის შესაძლებლობებს დიდი ხანია აკვირდება. თუმცა მწერალი ხაზს უსვამს, რომ ტექნოლოგიური პროგრესის ფონზე აუცილებელია შემოქმედების არსისა და ავტორის პასუხისმგებლობის საკითხის გააზრება.
მისი შეშფოთება უკავშირდება კანადელი მწერლის, თელისონ ორელიენის გარშემო ატეხილ სკანდალსაც. მწერალი გონკურის პრემიის კანდიდატთა სიიდან ამოიღეს მას შემდეგ, რაც მისი წიგნის შექმნისას ხელოვნური ინტელექტის გამოყენების საკითხი წამოიჭრა. მოგვიანებით გამომცემელმა AI-ის გამოყენება გარე შეფასების საფუძველზე აღიარა. თავად ავტორი მანამდე ბრალდებებს უარყოფდა.
ლე ტელე ამ კონკრეტულ საქმეზე საბოლოო შეფასებისგან თავს იკავებს. მისი თქმით, მნიშვნელოვანია არა მხოლოდ იმის გარკვევა, გამოიყენა თუ არა ავტორმა ხელოვნური ინტელექტი, არამედ იმის გააზრებაც, თუ რას ნიშნავს ავტორობა თანამედროვე პირობებში.
მწერალი მიიჩნევს, რომ ტექნოლოგიას შეუძლია ტექსტების შექმნა, თუმცა ღიად რჩება კითხვა, რამდენად შეიძლება მანქანის მიერ გენერირებული ნაწარმოები ადამიანის პირად გამოცდილებას, ემოციებსა და შემოქმედებით პასუხისმგებლობას გაუტოლდეს.