აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ნორვეგიას შეურაცხმყოფელი სიტყვებით მიმართა და განაცხადა, რომ ქვეყანაში ნორვეგიიდან ემიგრანტების მიღება არ სურს. ამის მიზეზად მან მშვიდობის დარგში ნობელის პრემიის ვერ მიღება დაასახელა.
სააგენტო Reuters-ის ინფორმაციით, მან ეს განცხადებები მიჩიგანის შტატის ქალაქ პორტ-ჰურონში, რესპუბლიკელი კანდიდატის მხარდასაჭერ საარჩევნო ღონისძიებაზე გააკეთა.
„ნორვეგია, სინამდვილეში, ნაგვის ქვეყანა გახდა. რადგან ნობელის პრემია არ მივიღე... ამიტომ ნორვეგიიდან არავინ მინდა“, - თქვა აშშ-ის პრეზიდენტმა.
ცნობისთვის, ნობელის პრემიის ლაურეატს ნორვეგიის ნობელის კომიტეტი ირჩევს, რომლის შტაბ-ბინაც ოსლოში მდებარეობს.
ტრამპის განცხადებები წინ უძღვის შეერთებულ შტატებში 3 ნოემბერს დაგეგმილ შუალედურ არჩევნებს. ღონისძიებაზე მან ასევე ისაუბრა საფრანგეთში მიმდინარე არეულობებზე და მათი მიზეზების განხილვისას იმიგრაციის საკითხი წამოჭრა.
Reuters-ის ცნობით, ამ დროისთვის არ არსებობს ინფორმაცია, რომ ტრამპის ადმინისტრაცია ნორვეგიელი ემიგრანტებისთვის აშშ-ში შესვლის შეზღუდვის ახალ ოფიციალურ პოლიტიკას ამზადებს.
აღსანიშნავია, რომ ნორვეგია ერთ სულ მოსახლეზე მთლიანი შიდა პროდუქტის მაჩვენებლით მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე მაღალშემოსავლიან ქვეყანას წარმოადგენს.
ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტროსა და ნორვეგიის ნობელის კომიტეტის წარმომადგენლებს სააგენტოს კომენტარი ჯერ არ გაუკეთებიათ.