მომღერალი ნუცა ბუზალაძე მსმენელს გრანდიოზულ სიურპრიზებს ჰპირდება. 22 აგვისტოს ბათუმში მისი მასშტაბური შოუ, NUTSA’S LIVE SHOW გაიმართება, სადაც მაყურებელი სრულიად ახალ ნომრებსა და ცეკვის ელემენტებით დატვირთულ პერფორმანსს იხილავს.
მომღერლის თქმით, ბათუმის კონცერტი მხოლოდ დიდი გეგმების დასაწყისია.
შოუსთვის სპეციალურად ჩამოვლენ ამერიკელი მუსიკოსებიც, ხოლო პროგრამაში წარმოდგენილი იქნება როგორც ქართული სიმღერების ახალი არანჟირებები, ასევე სიმღერების პრემიერები.
„ეს არ იქნება მხოლოდ კონცერტი, მართლაც გრანდიოზული შოუ იქნება. ოქტომბერში გამოდის ჩემი ახალი ალბომი, საიდანაც ბათუმის სცენაზე ორ კომპოზიციას ექსკლუზიურად შევასრულებ“, - აღნიშნავს ნუცა ბუზალაძე.
ბათუმის შოუს შემდეგ მომღერლის მომდევნო გაჩერება ლოს-ანჯელესი იქნება, სადაც სექტემბრიდან ახალ პროექტებზე მუშაობას გააგრძელებს.
ღონისძიება 22 აგვისტოს, 20:00 საათზეა დაგეგმილი, ბილეთების გაყიდვა კი Biletebi.ge-ზე უკვე მიმდინარეობს.
ცნობისთვის, ცოტა ხნის წინ ცნობილმა ამერიკელმა მენეჯერმა, დარენ პრინსცმა სოციალურ ქსელში ემოციური მიმართვა გამოაქვეყნა, სადაც საჯაროდ დაადასტურა, რომ ქართველ მომღერალ ნუცა ბუზალაძესთან სასიყვარულო ურთიერთობა დაასრულა.
როგორც პრინსცის პოსტიდან ირკვევა, წყვილმა გზების გაყოფა ურთიერთშეთანხმებით, ცხოვრებისეული გარემოებებისა და განსხვავებული პირადი მიმართულებების გამო გადაწყვიტა:
„რა საოცარი გზა გამოვიარეთ ერთად. ჩვენ მუდამ ვამბობდით, რომ ღმერთმა რაღაც მიზეზის გამო შეგვყარა და პირად დონეზეც კი, ეს იყო რაღაც ისეთი, რასაც არცერთი ჩვენგანი არ მოველოდით, და ეს მოგონებები მთელი ცხოვრება გამყვება. შენი კარიერა ყოველთვის ჩვენი პრიორიტეტი იყო, მაგრამ ცხოვრებაში დრო ყველაფერს წყვეტს. ჩვენ ვიცით, რომ ჩვენმა პირადმა გზებმა სხვადასხვა მიმართულებით წაგვიყვანა. შენ ყოველთვის შთაგონების წყარო იქნები ჩემთვის და მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი ურთიერთობა არ გამოვიდა, იცოდე, რომ შენს ერთ-ერთ მთავარ გულშემატკივრად დავრჩები. მიყვარხარ სამუდამოდ“, – დაწერა დარენ პრინსცმა.
ცნობისთვის, ნუცა ბუზალაძე და დარენ პრინსცი 2025 წლის ივნისში დაინიშნენ, თუმცა, როგორც ახალი პოსტიდან ჩანს, მათი გზები ცოტა ხნის წინ გაიყო.
რაც შეეხება ნუცა ბუზალაძეს, ამ თემაზე მას კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია.
