Digest Logo

„რთული წარმოსადგენია „ნაპოლიმ“ უარი თქვას 120 მილიონიან შეთავაზებაზე, როდესაც ის მხოლოდ 10 მილიონად შეიძინა“ - Daily Mail

1677742012
ხვიჩა კვარაცხელია

ცნობილმა ბრიტანულმა გამოცემამ Daily Mail-მა „ნაპოლის“ ქართველ შემტევს, ხვიჩა კვარაცხელიას ვრცელი სტატია მიუძღვნა, სადაც მის შესახებ საკმაოდ საინტერესო ასპექტში ისაუბრა.

„ხვიჩა კვარაცხელია ესპანური და ინგლისური კლუბების ოცნება გახდა, თუმცა „ნაპოლის“ პრეზიდენტმა აურელიანო დე ლაურენტისმა განაცხადა, რომ იტალიურ კლუბს ფული არ სჭირდება და არანაირი მიზეზი არ არსებობს, რის გამოც ის თავის ბრილიანტებს შეელევა.“

„სამართლიანია ითქვას, რომ კვარაცხელიას ისევე უყვარს „ნაპოლი“, როგორც ნეაპოლში უყვართ ის, რომ აღარაფერი ვთქვათ ლუჩანო სორბილოს პიცაზე, წყნარ გარეუბნებზე და „მარადონას“ გარშემო შექმნილ ვითარებაზე. პირველად, როდესაც მან „ნაპოლის“ სტადიონზე საქართველოს დროშები დაინახა, მან იტალიურ კლუბს ერთგულება შეჰფიცა.“

„ქალაქში არიან ისეთები, ვინც ამბობენ, რომ ხვიჩა პიაცა მარადონაზე უნახავთ ისეთ დროს, როდესაც იქ ცოტა ხალხია, თუმცა ისინი ასევე იფიცებიან, რომ მათ არასოდეს დაუნახავთ, რომ კვარა მდიდრულ მანქანას მართავდეს. ქართველ შემტევს არ უყვარს ფუფუნება და სიმდიდრე. არც ტელევიზიის მოყვარულია და ინტერვიუებიც სძულს, რადგან ეშინია, რომ მას ვერ გაუგებენ და ასევე, არ უნდა ვარჯიშისგან ყურადღება გაეფანტოს. მას არ აქვს ტატუები, არც პირსინგი და მოკრძალებულად ცხოვრობს. ის იტალიური სამზარეულოთი, მოცარელით და კამპანია პასტათია აღფრთოვანებული. მისი საყვარელი კერძი „სან მარცანოს“ სოუსით მომზადებული პასტაა, რომელსაც სახლში ხშირად უკვეთს.“

„ქალაქში ახალი წლის წინა დღეს ასაფეთქებლების გამყიდველები „ბომბა კვარას“ ყიდდნენ, სადალაქოებში კი მის ფოტოებს ხშირად ნახავთ, რადგან ბავშვებს მისნაირი ვარცხნილობები სურთ.“

„ქართველმა Sky Sports-ს უთხრა, რომ 77 ნომრის არჩევის მიზეზი მისი აგენტი იყო. ეს ციფრი დაკავშირებულია ისეთ ცნობილ ფეხბურთელებთან, როგორებიც დევიდ ბექჰემი, კრიშტიანუ რონალდუ და ლუიშ ფიგუ იყვნენ, რომელთა ყურებაც საქართველოში მას ძალიან უყვარდა.“

„77 ნომერი ნეაპოლში მაგიურად ითვლება. ის კაბალაში ქალის ფეხებს ნიშნავს და მის მფლობელს, როგორც იღბალს, ასევე განსაკუთრებულ ძალას მატებს.“

„ნაპოლის“ ერთი სული აქვს ქართველს ახალი, გრძელვადიანი კონტრაქტი გაუფორმოს. იტალიური წყაროების მიხედვით, „ნაპოლის“ ქართველისთვის ხელფასის გაორმაგება და 5 წლით გახანგრძლივება სურს. თუმცაღა, ქართველის ბედი სხვა გუნდების შემოთავაზების დროს გადაწყდება. რთული წარმოსადგენია ის, თუ როგორ შეუძლია „ნაპოლიმ“ უარი თქვას 120 მილიონიან შეთავაზებაზე, როდესაც ის მხოლოდ 10 მილიონად შეიძინა. პრობლემა შესაძლოა „რეალ მადრიდი“ იყოს, რომელიც ახალ რონალდუს ეძებს. არ დავივიწყოთ „ბაიერნი“ და პრემიერლიგის ტოპ კლუბებიც. ამ მომენტში, კვარას არ სურს განცხადებების გაკეთება მომავლის შესახებ, თუმცა ერთი რამ კი ცხადია, ის იტალიაში „ნაპოლის“ გარდა სხვა არსად ითამაშებს.“

„შეუძლებელი იქნება კვარას „ნაპოლიში“ წარმოდგენა 2028 წლამდე, თუმცა თუ ფეხბურთელი ამ შემოთავაზებას დასთანხმდება, მისი გაზრდილი ღირებულება მხოლოდ კლუბს წაადგება. „ნაპოლის“ პრეზიდენტს უკვე დაგეგმილი აქვს ქართველი ტალანტის კონტრაქტი 2028 წლამდე და დადასტურებული აქვს ისიც, რომ არც მას და არც ლუჩანო სპალეტის არსად გაუშვებს.“

„რთული წარმოსადგენია ისეთი ფეხბურთელი, რომელიც ყველასავით გერმანიის, ინგლისის და ესპანეთის ტოპ გუნდებში თამაშზე ოცნებობს, მაგრამ ამავდროულად, სეზონის ბოლოს იტალიის დატოვებაც ვერ წარმოუდგენია“ - წერია სტატიაში.