Digest Logo

საფრანგეთმა ქრონიკული დაღლილობის სინდრომი ცალკე დაავადებად ოფიციალურად აღიარა

1787738134
დაავადებადაავადებადაავადება

საფრანგეთის ჯანმრთელობის დაზღვევის სამსახურმა Ameli-მ ქრონიკული დაღლილობის სინდრომი, იგივე მიალგიური ენცეფალომიელიტი (ME/CFS), ოფიციალურად ცალკე ქრონიკულ დაავადებად აღიარა.

გადაწყვეტილება საერთაშორისო სამედიცინო რეკომენდაციებსა და დაავადების შესახებ დაგროვილ ახალ სამეცნიერო მონაცემებს ეფუძნება.

Ameli-ს განახლებულ ინფორმაციაში უკვე აღარ არის მითითებები, რომლებიც დაავადებას ფსიქიატრიულ ან ფსიქოლოგიურ აშლილობას უკავშირებდა. ოფიციალური განმარტებით, ME/CFS არის ქრონიკული მდგომარეობა, რომელსაც ახასიათებს ძლიერი და ხანგრძლივი დაღლილობა, რომელიც დასვენებისა და ძილის შემდეგაც არ ქრება.

ერთ-ერთი მთავარი სიმპტომია მინიმალური ფიზიკური ან გონებრივი დატვირთვის შემდეგ მდგომარეობის გაუარესება ე.წ. პოსტ-ექსერტციული შეუძლოდ ყოფნა.

საფრანგეთში დაავადება, სავარაუდოდ, დაახლოებით 200 000 ზრდასრულ ადამიანს აქვს და მათი უმეტესობა ქალია.

ME/CFS-ის განვითარება ზოგიერთ შემთხვევაში დაკავშირებულია ვირუსული ინფექციის, ქირურგიული ჩარევის, ფიზიკური ტრავმის ან სხვა ძლიერი ფიზიოლოგიური სტრესის შემდეგ დაწყებულ სიმპტომებთან.

ამ დროისთვის დაავადების სრულად განკურნების დამტკიცებული თერაპია არ არსებობს. მკურნალობა ძირითადად სიმპტომების მართვასა და პაციენტის შესაძლებლობებზე მორგებული ფიზიკური და გონებრივი დატვირთვის სწორ დაგეგმვას მოიცავს.

მიალგიური ენცეფალომიელიტის ფრანგული ასოციაციის პრეზიდენტის, პიეტრო ტომეს შეფასებით, დაავადების ოფიციალურ აღიარებას მნიშვნელოვანი დატვირთვა აქვს იმ პაციენტებისთვის, რომლებიც წლების განმავლობაში ცდილობდნენ დაემტკიცებინათ, რომ მათი მდგომარეობა მხოლოდ ფსიქოლოგიური პრობლემა არ იყო.

ახალი სტატუსი ასევე მნიშვნელოვანია სოციალური და ჯანდაცვის სისტემისთვის - პაციენტები, რომელთა მდგომარეობაც შრომისუუნარობას იწვევს, ოფიციალურად განიხილებიან ქრონიკული დაავადების მქონე პირებად და შესაბამისი სამედიცინო და ადმინისტრაციული მხარდაჭერის მიღება შეუძლიათ.

წყარო: ru.euronews.com