Digest Logo

„სიცოცხლის დასრულება სურდა...“ - ბრიჯიტ ბარდოს უკანასკნელი სიტყვები და გარდაცვალების მიზეზი ცნობილია

1767865390
ბრიჯიტ ბარდო

სენ-ტროპეში ფრანგული კინოს ვარსკვლავი და სექსსიმბოლო, ბრიჯიტ ბარდო დაკრძალეს. მსახიობი ერთი კვირის წინ, 91 წლის ასაკში გარდაიცვალა. მისმა მეუღლემ, ბერნარ დ’ორმალმა, ჟურნალისტებს ბარდოს უკანასკნელ სიტყვებზე უამბოო და გარდაცვალების მიზეზიც დაასახელა.

ბრიჯიტ ბარდო ონკოლოგიური დაავადების შედეგად გარდაიცვალა, რის გამოც მას ორი ოპერაცია ჰქონდა გადატანილი. სიცოცხლის ბოლო დღეები მან მეუღლესთან და საყვარელ ცხოველებთან ერთად, მამულში — ლა-მადრაგში, სენ-ტროპეში გაატარა. დ’ორმალის თქმით, ძლიერი ტკივილების გამო ვარსკვლავს სიცოცხლის დასრულება სურდა.

„მის გვერდით მეძინა, ერთი თვალით ფხიზლად ვიყავი. წამოვჯექი, როცა გავიგონე, როგორ თქვა ‘პიუპიუ’ — ეს იყო ჩვენი საყვარელი ზედმეტ სახელი, რომელსაც მხოლოდ პირადში ვიყენებდით. და ამით ყველაფერი დასრულდა“, — გაიხსენა 84 წლის ბერნარ დ’ორმალმა Paris Match-თან ინტერვიუში.

ბრიჯიტ ბარდოს დაკრძალვას დაესწრნენ მისი მეგობრები, კოლეგები, ცხოველთა უფლებების დამცველები, მეუღლე, ასევე მისი 65 წლის ვაჟი — ნიკოლა-ჟაკ შარიე — ოჯახთან: მეუღლესთან ანე-ლინე ბიერკანთან, ქალიშვილებთან ანასთან და თეასთან და შვილიშვილებთან ერთად.

კარიერის განმავლობაში ბრიჯიტ ბარდომ უამრავ ცნობილ ფილმში ითამაშა. მან მსახიობობა 1973 წელს დაასრულა, თუმცა დღემდე რჩება ფრანგული კინოს ერთ-ერთ მთავარ ხატად. მსოფლიო აღიარება მას მოუტანა მთავარმა როლმა ფილმში „და ღმერთმა შექმნა ქალი“ (1956). მის ყველაზე გამორჩეულ ნამუშევრებს შორისაა ასევე: „ბაბეტა მიდის ომში“ (1959), „სიმართლე“ (1960), „პირადი ცხოვრება“ (1962), „მამაკაცი-ქალი“ (1966), „ვივა, მარია!“ (1965), „სამი ნაბიჯი სიგიჟემდე“ (1968), „შალაკო“ (1968) და სხვა ფილმები.

მსახიობი ოთხჯერ იყო დაქორწინებული და ცნობილია მისი არაერთი რომანი კოლეგებთან. 1960 წელს, მეორე ქორწინებაში — მსახიობ ჟაკ შარიესთან — მას ვაჟი, ნიკოლა-ჟაკი შეეძინა. განქორწინების შემდეგ ბავშვი მამასთან დარჩა საცხოვრებლად. ბარდო არაერთხელ აღიარებდა, რომ არასდროს სურდა დედობა და აბორტის გაკეთებაზეც ფიქრობდა. მისი თქმით, ბავშვის გაჩენის გადაწყვეტილება მეუღლის დაჟინებული თხოვნით მიიღო, თავად კი იმ პერიოდში საკუთარ თავზეც ვერ ზრუნავდა და ამბობდა, „სჯობდა, ლეკვი გამეჩინა“.

წლების შემდეგ ბარდო ნანობდა ვაჟის მიმართ დისტანციურ დამოკიდებულებას, რომელიც მისთვის სულიერი ტრავმა აღმოჩნდა. მათ შორის ურთიერთობა მხოლოდ მაშინ დალაგდა, როცა ნიკოლა-ჟაკი გაიზარდა და საკუთარი ოჯახი შექმნა. ამ პროცესში მას მეოთხე მეუღლე — ბერნარ დ’ორმალი დაეხმარა. მათ 1992 წელს გაიცნეს ერთმანეთი და ერთი თვის შემდეგ პატარა ეკლესიაში, ნორვეგიაში, იქორწინეს. მსახიობი იქ შვილის ოჯახის მოსანახულებლად იყო ჩასული.

მსახიობობის გარდა, ბრიჯიტ ბარდო ცნობილი იყო როგორც აქტივისტი და ცხოველთა უფლებების დამცველი. 1986 წელს მან დააარსა ბრიჯიტ ბარდოს ფონდი, რომელიც აქტიურად იბრძოდა ველური ცხოველების დაჭერის, ბეწვით ვაჭრობის, ცხოველებზე ექსპერიმენტების, ბრაკონიერობის, სელაპებსა და ვეშაპებზე ნადირობის წინააღმდეგ, ასევე მრავალი სახეობის გადაშენების საფრთხის შესამცირებლად.

🔵აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🔵„თოვა, ზოგან ძლიერი, ნისლი, ქარბუქი, ზღვაზე 3-4 ბალიანი შტორმული ღელვა“ - ამინდის პროგნოზი

🔵საქართველოში მიწისძვრა მოხდა

🔵„შრომა არ არის დამღლელი, პირიქით – ის სიამოვნებისა და თვითრეალიზაციის წყაროა“- 8 იანვრის ასტროპროგნოზი

წყარო: www.beaumonde.ge