Digest Logo

სიცოცხლის ხანგრძლივობა მსოფლიო მასშტაბით თითქმის დაუბრუნდა კოვიდ პანდემიამდელ დონეს

1791046320
ხალხიხალხიხალხი

მსოფლიოში სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა თითქმის დაუბრუნდა COVID-19-ის პანდემიამდე არსებულ დონეს, თუმცა ჯანმრთელად გატარებული წლების მაჩვენებელი უფრო ნელა აღდგება.

ამის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) 2026 წლის გლობალური შეფასებები მიუთითებს.

WHO-ს მონაცემებით, 2023 წელს მსოფლიოში სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობამ 73,3 წელი შეადგინა, მაშინ როცა 2019 წელს, პანდემიამდე, ეს მაჩვენებელი 73,4 წელი იყო. COVID-19-ის პანდემიის პერიოდში მაჩვენებელი მნიშვნელოვნად შემცირდა და 2021 წელს დაახლოებით 71,5 წლამდე დაეცა.

თუმცა სიცოცხლის ხანგრძლივობის აღდგენა ავტომატურად არ ნიშნავს ჯანმრთელად გატარებული წლების სრულ აღდგენას. 2023 წელს ჯანმრთელი სიცოცხლის ხანგრძლივობა 62,8 წელს შეადგენდა, რაც 2019 წლის მაჩვენებელზე 0,4 წლით ნაკლებია.

ჯანმო-ს ახალი შეფასებების კიდევ ერთი მნიშვნელოვანი დასკვნაა არაგადამდები დაავადებების მზარდი წილი. 2023 წელს ისინი მსოფლიოში სიკვდილიანობის 74%-ს შეადგენდა, მაშინ როცა 2000 წელს ეს მაჩვენებელი 58% იყო. მსოფლიოს სიკვდილიანობის 10 ყველაზე გავრცელებულ მიზეზს შორის რვა სწორედ არაგადამდები დაავადებაა.

ყველაზე მეტი ადამიანი გულ-სისხლძარღვთა დაავადებებით იღუპება.

მხოლოდ გულის იშემიურმა დაავადებამ 2023 წელს დაახლოებით 9,5 მილიონი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა.

ამავე პერიოდში ალცჰაიმერის დაავადებითა და სხვა დემენციებით გარდაცვალების შემთხვევები მნიშვნელოვნად გაიზარდა - დემენცია სიკვდილიანობის მიზეზებს შორის მეხუთე ადგილზე გადავიდა.

ამასთან, COVID-19-მა 2023 წელს პირველად დატოვა მსოფლიოში სიკვდილიანობის 10 წამყვანი მიზეზის ჩამონათვალი.

ჯანმო-ს წარმომადგენლის, ალენ ლაბრიკის განცხადებით, ადამიანების უფრო დიდხანს ცხოვრება საზოგადოებრივი ჯანდაცვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიღწევაა, თუმცა მთავარი გამოწვევა ახლა ისაა, რომ დამატებითი წლები ადამიანებმა ჯანმრთელად გაატარონ.

წყარო: sante.lefigaro.fr

✕