Digest Logo

„სულიერებამ ჩემი სიცოცხლე გადაარჩინა“ - მადონას გულახდილი აღსარება კაბალაზე, ტრავმებსა და შინაგან სინათლეზე

1785417337
მადონამადონა

პოპმუსიკის დედოფალმა, მადონამ, ბოლო თითქმის 10 წლის განმავლობაში ერთ-ერთ ყველაზე გულახდილ ინტერვიუში საკუთარ სულიერ გზაზე, გადატანილ ძალადობასა და კარიერულ გადარჩენაზე ისაუბრა.

პოდკასტში On Purpose ჯეი შეტისთან სტუმრობისას 67 წლის ვარსკვლავმა განაცხადა, რომ მედიასთან გამოჩენის მიზანი არა ახალი ალბომის ან ტურის პოპულარიზაცია, არამედ იმ გამოცდილების გაზიარებაა, რამაც ის ფიზიკურად და სულიერად გადაარჩინა.

მადონა: წარსულში ინტერვიუებს ჩემი შემოქმედების, მუსიკის, ტურის ან ფილმის პოპულარიზაციისთვის ვიძლეოდი. დღეს კი მინდა ვისაუბრო ჩემს სულიერ ცხოვრებაზე და იმ გზაზე, რომელსაც უკვე 28 წელზე მეტია მივყვები.

წლების განმავლობაში ხშირად მეკითხებოდნენ: ა არის მიზეზი, რომ ჯერ კიდევ გონებაზე ვარ? რატომ არ გავტყდი ისე, როგორც სხვები?, როგორც განსაკუთრებით ჩემი კოლეგები, რომლებიც დღეს ცოცხლები აღარ არიან... ჩემი პასუხია - ჩემი სულიერი ცხოვრება. ამის გარეშე მე დღეს აქ ვერ ვიქნებოდი. მე არ მოვსულვარ პროდუქტის გასაყიდად, მინდა გავუზიარო ხალხს ის, რამაც, შესაძლოა დრამატულად ჟღერს, მაგრამ მართლაც გადაარჩინა ჩემი სიცოცხლე.

- რას ნიშნავს თქვენთვის სულიერება?

მადონა: 1996 წლიდან კაბალას ვსწავლობ. მე არ ვარ ზედაპირული ადამიანი. რამე ყალბი რომ ყოფილიყო, ამდენ ხანს ვერ დარჩებოდი. სულიერი ცხოვრება ნიშნავს შინაგანი ცხოვრების ქონას. თუ დავიჯერებთ, რომ ჩვენი ფასი განისაზღვრება იმით, თუ რამდენად ვუყვარვართ სხვებს, რამდენი ფული, ლამაზი ტანსაცმელი ან გამომწერი გვყავს ინსტაგრამზე, ეს ბედნიერებას ვერ მოგიტანს.

დღეს ადამიანებს საკუთარ თავთან მარტო დარჩენის ეშინიათ. ყოველთვის სჭირდებათ ვიზუალური სტიმულაცია, მუსიკა... თუ სულიერი ცხოვრება არ გაქვს, ყველაფერს, რაც გემართება, შემთხვევითობად აღიქვამ. მე კი არ მჯერა, რომ რაიმე შემთხვევით ხდება. ყველაფერი გაკვეთილია. არ მინდა ვიყო მსხვერპლი. ჩემი ბავშვობიდან მოყოლებული, უამრავი ტრავმა და გამოწვევა მქონია, მაგრამ სულიერება გეხმარება, გამოხვიდე ამ თამაშიდან. როცა კაბალას სწავლა დავიწყე, მალევე ჩავწერე ალბომი Ray of Light, რომელიც 100%-ით ამ მოძღვრებით იყო შთაგონებული. ჩემმა მასწავლებელმა მასწავლა მთავარი: მე არ ვარ ჩემი ნიჭის მფლობელი, მე ვარ მისი მმართველი. მე ვარ ჭურჭელი სინათლისთვის.

ბევრი ხელოვანი, მათ შორის, მაიკლ ჯექსონი და პრინცი ატარებდა ამ უდიდეს სინათლეს, მაგრამ მათ არ ჰქონდათ სულიერი „ფილტრი“ თუ შეზღუდვა. როცა ზედმეტად უახლოვდები სინათლეს სულიერი საყრდენის გარეშე, ის უბრალოდ გწვავს.

ნიუ-იორკში როცა ჩავედი, არაფერი მქონდა. იარაღით დამაყაჩაღეს, გამქურდეს, გაუპატიურების მსხვერპლი გავხდი... საშინელი რაღაცები გადავიტანე. მაგრამ ყოველთვის ვგრძნობდი, რომ მფარველი ანგელოზი მყავდა.

ჩემმა მძიმე ბავშვობამ და დედის დაკარგვამ მასწავლა ბრძოლა. ყველაზე ცუდი რამ, რაც იმჟამად მომხდარა, საბოლოოდ საუკეთესო აღმოჩნდა ჩემი სულის გასაძლიერებლად. თუ სულიერი ცხოვრება არ გაქვს, სულ იტანჯები. ფიქრობ, რომ ეს ტანჯვა არასოდეს დასრულდება და რომ „არასწორი კარტი“ გარგუნა ცხოვრებამ. მეც ასე ვფიქრობდი.

სწავლის დაწყების შემდეგაც მქონია პერიოდები, როცა უდიდესი გამოწვევები და ტანჯვა მქონდა. სულიერი ცხოვრება რომ არ მქონოდა, არ ვიცი, რა მოხდებოდა... ჩემს ცხოვრებაში იყო მომენტები, როცა მკლავების მოჭრა მინდოდა, სერიოზულად ვფიქრობდი თვითმკვლელობაზეც.

ეს ალბათ უცნაურად ჟღერს ჩემგან, რადგან დეპრესიულ, „ემო“ ადამიანს არ ვგავარ, მაგრამ ვგრძნობდი, რომ ამ ტკივილს ვეღარ გავუძლებდი. თუმცა, როგორც კი აცნობიერებ, რომ ის, რაც გემართება, არის კარმული გამოწვევა, რომელიც უნდა გამოცადო, ისწავლო და ცნობიერების უფრო მაღალ საფეხურზე ავიდე, მაშინ ამ მოვლენას უყურებ როგორც გაკვეთილს და არა როგორც სასჯელს.

მე აღარ ვთამაშობ „დაბრალების თამაშს“. წარსულში ასე ვიყავი, შურისძიებას ვეძებდი... ხანდახან ხმამაღლა ვამბობდი: „არაუშავს, თავის კარმას მიიღებენ“. მაგრამ კარმის შესახებ ცოდნაც კი არ ნიშნავს, რომ გაიზარდე ან მსხვერპლის როლიდან გამოხვედი. თუმცა, ჩემს ცხოვრებაში ერთ-ერთი ყველაზე მტკივნეული მომენტი, როცა ხეების მიღმა ტყეს ვერ ვხედავდი, ეს იყო ჩემს ვაჟთან დაკავშირებული მეურვეობისას სასამართლო დავა. მიუხედავად იმისა, რომ ჩემი ქორწინება არ შედგა, (იცინის) ბევრი ქორწინება არ გამოდის, როდესაც არასწორ ადამიანზე ქორწინდებიან, იყო მცდელობა, რომ ჩემი შვილი წაერთმიათ, ეს მაშინ დაახლოებით ისეთივე ტკივილი იყო, რომ ჩემთვის იგი მოეკლათ. 

მიზეზი, რატომაც ვერ განვიცდით საკმარის მშვიდობას, სინათლესა და სავსეობას, ძალიან მარტივია: მსგავსი იზიდავს მსგავსს. თუ გინდა გამოცადო სინათლე, იყავი სინათლის მსგავსი. იყავი გაცემისუნარიანი არსება. მაგრამ ის, რასაც სინათლე წარმოადგენს, არის შემოქმედი. ასე რომ, შინაგანი ნეგატივის დაძლევის საჩუქარი არის საჩუქარი იმისა, რომ იყო შემოქმედი.

წარმოიდგინეთ, რომ სამყაროში ყველაფერი მოგეცათ. დაიბადეთ ტალანტებით, სიყვარულით, და მთელი დღე უბრალოდ ხალხის დახმარებაა თქვენი ბუნებრივი მიდრეკილება. არანაირი უარყოფითი ძალა არ ცდილობს თქვენს დაბლა დაქაჩვას, არანაირი ეგოიზმი...როგორ ფიქრობთ, მართლა შეძლებდით შემოქმედის ძალის, სიყვარულის, სინათლისა და ჭეშმარიტი სავსეობის განცდასა და დაფასებას? პასუხია - არა.

მადონას ვრცელი ინტერვიუ მის სულიერებასა და გადარჩენის გზაზე, 2025 წლის 29 სექტემბრით თარიღდება. 

თარგმნა და მოამზადა digest.ge-ს რედაქციამ.