Digest Logo

„ტელეგრამი“ ინტიმური ფოტოებით ვაჭრობაში ამხილეს

1775732583
ტელეგრამიტელეგრამი

8 აპრილს, სოციალური მედიის მკვლევრებმა გაავრცელეს ინფორმაცია, რომლის თანახმად, „ტელეგრამის“ ჯგუფებსა და არხებში ქალების ათიათასობით ინტიმური ფოტო მათი თანხმობის გარეშე გავრცელდა და გაიყიდა.

ესპანური და იტალიური ჯგუფების ექვსკვირიანი მუშაობის შედეგად, მკვლევართა ორგანიზაცია AI Forensics-მა 25 000-მდე აქტიური მომხმარებელი აღმოაჩინა, რომლებიც ხშირად, ფულის სანაცვლოდ, მაგალითად, შიშველი ქალების ფოტოებს აზიარებდნენ.

2025 წლის დეკემბრიდან 2026 წლის თებერვლამდე, მკვლევრებმა „ტელეგრამის“ 16 არხზე გაზიარებული 80 000-ზე მეტი ფაილი შეისწავლეს. მათი თითქმის 75 პროცენტი ფოტომასალას, 24 პროცენტი - ვიდეოფაილს, ხოლო ერთი პროცენტი - აუდიოჩანაწერს წარმოადგენდა.

როგორც AI Forensics-მა საინფორმაციო სააგენტო „ფრანს პრესს“ განუცხადა, ფაილები „ძირითადად სექსუალური ხასიათის“ იყო, ზოგიერთი მათგანი კი თინეიჯერი გოგონების გამოსახულებებსაც შეიცავდა. ფოტო და ვიდეო-მასალის ნაწილი ნამდვილი გამოდგა, ნაწილი კი ხელოვნური ინტელექტის ინსტრუმენტებით შექმნილ ე.წ. „დიპფეიკს“ წარმოადგენდა. კვლევის ავტორებმა ასევე დაადგინეს, რომ „ტელეგრამის“ ჯგუფების მონაწილეები ჩართულნი იყვნენ ისეთ ქმედებებში, როგორიცაა „დოქსინგი“ - პირადი ინფორმაციის გასაჯაროება - ან კოორდინირებული შევიწროების კამპანიები. ზოგიერთი წევრი ფოტოებზე გამოსახული ქალების გაუპატიურების მოწოდებით გამოდიოდა, ან ბავშვების სექსუალური შინაარსის ფოტოებზე მსჯელობდა.

ჯგუფებში გაზიარებული ფოტოების დიდი ნაწილი სხვა პლატფორმებიდან, მათ შორის „ტიკტოკიდან“, „ინსტაგრამიდან“ ან „სნეპჩატიდან“ იყო წამოღებული. „სოციალური მედიის რიგი პლატფორმები ან სხვა სამესიჯო აპლიკაციები საწყის წყაროს წარმოადგენს, მაშინ როცა „ტელეგრამი“, როგორც ჩანს, შეურაცხმყოფელი კონტენტის ორგანიზების, გლობალური გავრცელების და ცირკულაციის ჰაბად გვევლინება“, - აღნიშნავენ მკვლევარები.

ისინი „ტელეგრამს“ იმის გამო აკრიტიკებენ, რომ მან თავის პლატფორმაზე ასეთი ჯგუფების არსებობის აღკვეთა ვერ შეძლო. „დაკვირვების პერიოდში „ტელეგრამის“ რამდენიმე ჯგუფი დახურა, თუმცა რამდენიმე საათის შემდეგ, ისინი იმავე სახელწოდებით კვლავ გაიხსნა, რაც იმაზე მიუთითებს, რომ „ტელეგრამის“ მოდერაციის მექანიზმები არასაკმარისია“, - აცხადებენ ისინი.

„ანგარიშის მომზადების მომენტისთვის, ყველა ჯგუფი აქტიური იყო“, - დაუდასტურა AI Forensics-მა „ფრანს პრესს“. მკვლევარების განმარტებით, „ტელეგრამს“ გააჩნია კონფიდენციალურობის ისეთ ფუნქციები, როგორიცაა გაუმჭვირვალე შიფრაცია, რომლის დროსაც შეტყობინების წაკითხვა მხოლოდ გამგზავნსა და ადრესატს შეუძლიათ, მასობრივი გავრცელებისთვის კი - კონტენტზე წვდომისთვის სააბონენტო გადასახადის ან ერთჯერადი მოსაკრებლის დაწესება. „ეს ქმნის პირობებს, როდესაც უსაფრთხოებისა და დაუსჯელობის შედარებით მაღალი განცდიდან გამომდინარე, შეურაცხმყოფელი ქცევა შეიძლება უფრო მაღალ საფეხურზე ავიდეს“,- აღნიშნეს მკვლევარებმა.

AI Forensics-მა მოუწოდა ევროკავშირს, „ტელეგრამი“ „ძალიან დიდ ონლაინ პლატფორმად“ (VLOP - Very Large Online Platform) დააკვალიფიციროს, რის საფუძველზეც, მას, ციფრული სერვისების აქტის (DSA) ფარგლებში, უფრო მკაცრ ზედამხედველობას დაუქვემდებარებს.

„ტელეგრამმა“„ფრანს პრესს“ განუცხადა, რომ „კომპანიის წესებით, არაკონსენსუალური ინტიმური ფოტოების, მათ შორის პორნოგრაფიული დიპფეიკების გაზიარება, მკაცრად იკრძალება“. კომპანიაში ასევე აღნიშნეს, რომ მისი „მოდერაციის სისტემები უფრო ეფექტურია მავნე შინაარსის მასობრივი გავრცელების თავიდან ასაცილებლად, ვიდრე ამჟამინდელი VLOP-ების“. პლატფორმის თანადამფუძნებელი, რუსეთში დაბადებული პაველ დუროვი 2024 წელს საფრანგეთში დააკავეს და მის წინააღმდეგ საფრანგეთის ხელისუფლება ოფიციალურ გამოძიებას აწარმოებს.

მან უარყო ბრალდებები ისეთ ონლაინ პლატფორმის მართვაში თანამონაწილეობის შესახებ, რომელიც არალეგალური ტრანზაქციების, ბავშვებზე სექსუალური ძალადობის ამსახველი ფოტოების და სხვა უკანონო კონტენტის განთავსების საშუალებას იძლევა.