Digest Logo

ტრამპის პრესმდივანს ადვოკატის ლიცენზია არ აქვს? - რა უპასუხა პრეზიდენტმა ჟურნალისტის უხერხულ კითხვას

1792050632
ქეით ზაქარია

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ახალი პრესმდივნის ქეითი ზაქარიას პროფესიულ გამოცდილებასა და იურიდიულ კვალიფიკაციასთან დაკავშირებით კითხვები გაჩნდა.

Associated Press-ის ცნობით, მიუხედავად იმისა, რომ ზაქარია საკუთარ თავს იურისტად წარადგენს, ამ დრომდე არ გამოქვეყნებულა მტკიცებულება, რომ მას აშშ-ის რომელიმე შტატში ან ჩინეთში ადვოკატად მუშაობისთვის აუცილებელი საკვალიფიკაციო გამოცდა აქვს ჩაბარებული. 

საკითხი მას შემდეგ გახდა აქტუალური, რაც ჟურნალისტებმა ტრამპს ჰკითხეს, რომელ შტატში ჩააბარა ზაქარიამ ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდა. პრეზიდენტმა პრესმდივანს პასუხის გაცემის შესაძლებლობა მისცა, მან კი უპასუხა: „როდესაც ჩინეთში გადავედი“. ამ პასუხით გაურკვეველი დარჩა, კონკრეტულად სად და რა გამოცდა ჰქონდა ჩაბარებული.

ზაქარიას იურიდიული განათლება ნამდვილად აქვს მიღებული - მან 2007 წელს Pepperdine University-ში ბაკალავრის ხარისხი, 2011 წელს კი Pepperdine Caruso School of Law-ში იურიდიული განათლების დამადასტურებელი ხარისხი მიიღო. მისი პროფესიული ბიოგრაფიის მიხედვით, 2011-2013 წლებში პეკინში, Zhong Lun-ის იურიდიულ ფირმაში მუშაობდა, მოგვიანებით კი კონსერვატიულ ორგანიზაცია Fix California-ში გენერალური იურისტის პოზიცია ეკავა. თუმცა, კალიფორნიის ადვოკატთა ასოციაციის წარმომადგენლის განცხადებით, უწყებას არ აქვს ჩანაწერი, რომ ზაქარია - როგორც ქეითი ზაქარია, ისე მისი ქალიშვილობის გვარით, ქეით შერონ ბლექით - კალიფორნიაში ადვოკატად მუშაობის ლიცენზიას ფლობდა.

გამოცემა Popular Information-ის ინფორმაციით, მსგავსი ჩანაწერი ვერ მოიძებნა აშშ-ის 50 შტატსა და ვაშინგტონში ჩატარებული შემოწმების შედეგადაც. 

თავად ზაქარიამ თეთრი სახლის მეშვეობით გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნა:

„მე საერთაშორისო ტრანზაქციულ სამართალში ვმუშაობდი და შესაბამისი კვალიფიკაცია მქონდა“.

თეთრი სახლის კომუნიკაციების დირექტორმა სტივენ ჩუნგმა კი განაცხადა, რომ ზაქარია ამ პოზიციისთვის „განსაკუთრებულად კვალიფიციური“ კანდიდატია.

ამასთან, ორგანიზაციამ Campaign for Accountability კალიფორნიის ადვოკატთა ასოციაციას საჩივრით მიმართა და ზაქარიას პროფესიული სტატუსის შესახებ შესაძლო არასწორი ინფორმაციის მიწოდების საკითხის შესწავლა მოითხოვა. უწყებას არ დაუდასტურებია, დაიწყო თუ არა გამოძიება.

ზაქარიას დანიშვნამ დამატებითი კითხვები გააჩინა მას შემდეგაც, რაც მისი პირველი პრესკონფერენცია კრიტიკის საგანი გახდა. ტრამპის პრესმდივნად დანიშვნამდე იგი პრეზიდენტის მედიაკომპანიაში მუშაობდა და კონსერვატიულ ტელეარხებზე ხშირად გამოდიოდა კომენტატორის რანგში.

✕