Digest Logo

თურქეთმა 15 წლამდე მოზარდებისთვის სოციალური ქსელები აკრძალა - რას გულისხმობს ახალი კანონი?

1777027881
თურქეთითურქეთი

თურქეთის პარლამენტმა დაამტკიცა რეზონანსული კანონპროექტი, რომელიც 15 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის სოციალური მედიის პლატფორმებზე წვდომას სრულად კრძალავს.

გადაწყვეტილება 22 აპრილს, გვიან ღამით იქნა მიღებული და მას საფუძვლად ბოლო დროს მომხდარი ტრაგიკული შემთხვევები დაედო.

ახალი კანონპროექტი უკვე დამტკიცებულია პარლამენტის მიერ. ახლა ის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანს გადაეგზავნა ხელმოსაწერად, რისთვისაც მას 15-დღიანი ვადა აქვს. პრეზიდენტი ამ ინიციატივას აქტიურად უჭერს მხარს, ასე რომ, კანონის ამოქმედება გარდაუვალია.

სავალდებულო იდენტიფიკაცია:

ნებისმიერი პირი, ვინც სოციალურ ქსელში (TikTok, Instagram, Facebook, X) დარეგისტრირდება, ვალდებული იქნება გაიაროს ვერიფიკაცია პირადი ნომრის (ID ბარათის) მეშვეობით.

15 წლამდე ბლოკირება:

სისტემა ავტომატურად დაბლოკავს ყველა მომხმარებელს, ვისი ასაკიც 15 წელზე ნაკლებია. ამ შემთხვევაში მშობლის თანხმობაც კი აღარ იქნება საკმარისი რეგისტრაციისთვის.

სანქციები ტექნოლოგიურ გიგანტებზე:

კომპანიებს, რომლებიც ვერ უზრუნველყოფენ ასაკის კონტროლს, დაეკისრებათ მრავალმილიონიანი ჯარიმები, ხოლო განმეორებითი დარღვევის შემთხვევაში, ქვეყნის მასშტაბით მათი ინტერნეტ-ტრაფიკი (სიჩქარე) 90%-ით შეიზღუდება.

ტრაგედია, რომელმაც პროცესი დააჩქარა

ხელისუფლებამ გადაწყვეტილება მას შემდეგ დააჩქარა, რაც ქალაქ კაჰრამანმარაშში 14 წლის მოზარდის მიერ სკოლაში გახსნილ ცეცხლს მსხვერპლი მოჰყვა. გამოძიების ვერსიით, მოზარდი მოექცა დესტრუქციული ონლაინ-ჯგუფების გავლენის ქვეშ, რაც სოციალურ ქსელებში ფილტრაციის არარსებობამ გამოიწვია.

კონტროლი ონლაინ თამაშებზეც

აკრძალვა არ შემოიფარგლება მხოლოდ სოციალური მედიით. კანონი ეხება ონლაინ სათამაშო პლატფორმებსაც. ნებისმიერი თამაში, რომელიც შეიცავს ძალადობის ელემენტებს და არ გააჩნია შესაბამისი ასაკობრივი მარკირება, თურქეთის ტერიტორიაზე დაიბლოკება. 

აღნიშნულ კანონს საზოგადოების ნაწილი „ციფრულ რევოლუციას“ უწოდებს, თუმცა საზოგადოების მეორე ნაწილი მიიჩნევს, რომ ეს პირადი სივრცის ზედმეტი კონტროლია.