საფრანგეთში მაღალი შემოსავლის მქონე მოქალაქეების ნაწილი ქვეყნის დატოვებას გეგმავს. მიზეზი საგადასახადო პოლიტიკის გარშემო მზარდი გაურკვევლობა და საპრეზიდენტო არჩევნების წინ კანდიდატების მიერ შეთავაზებული ახალი საგადასახადო ინიციატივებია.
ამის შესახებ ფრანგული გამოცემა Le Figaro წერს.
სტატიის მიხედვით, საუბარია იმ ადამიანებზე, რომლებიც გადასახადების ყველაზე მაღალი გადამხდელების, დაახლოებით 1%-ს მიეკუთვნებიან და წლების განმავლობაში მიიჩნევდნენ, რომ ქვეყნის საერთო კეთილდღეობაში საკუთარი წვლილი უნდა შეეტანათ, თუმცა ახლა საფრანგეთიდან საბოლოოდ წასვლას განიხილავენ.
გამოცემის ინფორმაციით, ბოლო სამი თვის განმავლობაში საგრძნობლად გაიზარდა კერძო ბანკირების, საოჯახო ოფისებისა და ქონების მართვის სპეციალისტების კლიენტების მიმართვები, რომლებიც საზღვარგარეთ გადასვლის შესაძლებლობას სწავლობენ.
„ეს მოძრაობა ბოლო სამი თვის განმავლობაში აშკარად დაჩქარდა“, - აცხადებს Pierre-Marie de Forville, საოჯახო ოფის iVesta-ს თანადამფუძნებელი.
მსგავს ტენდენციაზე საუბრობს La Financière d’Orion-ის გენერალური დირექტორის მოადგილე ალექსანდრე ბოუტინიც. მისი თქმით, საზღვარგარეთ გადასვლის შესახებ კონსულტაციების მსურველთა რაოდენობა მნიშვნელოვნად გაიზარდა.
სტატიის მიხედვით, ამჯერად განსხვავებულია თავად მოქალაქეების დამოკიდებულებაც. თუ წარსულში ქვეყნის დატოვების საკითხი საპრეზიდენტო არჩევნების წინ ხშირად პოლიტიკური და საგადასახადო დებატების ფონზე წამოჭრილი მუქარა იყო, ახლა სპეციალისტები უფრო სერიოზულ განზრახვასა და საბოლოო ემიგრაციის სურვილზე საუბრობენ.
ერთ-ერთი მოქალაქე, რომელიც წასვლას განიხილავს, გამოცემასთან ამბობს, რომ მისი გადაწყვეტილების უკან არა ბრაზი, არამედ შეშფოთებაა. მისი თქმით, მტკივნეულია, როდესაც ადამიანს საკუთარ ქვეყანაში დარჩენის საკითხის დაყენება უწევს.