
როდესაც აყენებენ მოთხოვნებს ცესკოს თავმჯდომარის გადაყენებასთან, რიგგარეშე არჩევნებთან დაკავშირებით, კეთილი უნდა ინებონ და ჯერ დაამტკიცონ ის, რის საფუძველზეც ითხოვენ ამას და ამის შემდეგ შეიძლება, გააგრძელონ რაიმეს მოთხოვნა, - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ „იმედის კვირასთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა.
მისივე თქმით, ოპოზიციის მოთხოვნებს არავითარი საფუძველი არ აქვს, ისევე როგორ მათ მოთხოვნებს ე.წ. პოლიტპატიმრებთან დაკავშირებით. კობახიძის თქმით, ქართულმა საზოგადოებამ ძალიან კარგად იცის, რომ საქართველოში პოლიტპატიმრები არ არსებობენ.
„ბიბლიური ჭეშმარიტებაა, რომ არ არსებობს დაფარული, რომელიც შემდეგ არ გაცხადდება. ჩვენ როდესაც გვჯეროდა იმის, რომ არა არჩევნები, არამედ პარალელური ხმის დათვლის მონაცემები და 8%-იანი მაჩვენებელი იყო გაყალბებული, გახსოვთ, მივყევით ამ პროცესს და საბოლოო ჯამში, დავუმტკიცეთ, რომ ISFED-ის ეს ორი მონაცემი იყო გაყალბებული.
თუ მათ სჯერათ, რომ მართლები არიან, ხომ ბოლომდე უნდა მიჰყვნენ ამ პროცესს და ამის საუკეთესო ინსტრუმენტია დროებითი საგამოძიებო კომისია, მაგრამ მათ ძალიან კარგად იციან, რომ სინამდვილეში არც არაფერი გაყალბებულა. მით უფრო იმის გათვალისწინებით, რომ ამ პოლიტიკურ პარტიებს საარჩევნო კომისიებში საკუთარი კომისიის წევრები ჰყავდათ. 11 ათასზე მეტმა კომისიის წევრმა ოპოზიციიდან, ხელი მოაწერა იმ საარჩევნო ოქმებს, რომლებსაც შემდეგ ისინი თავად აკრიტიკებდნენ. ძალიან კარგად იციან, რომ არჩევნები არ გაყალბებულა და სწორედ ამიტომ არ არიან დაინტერესებული არც დებატებით, არც კამერების ჩანაწერების ნახვით, არც გადათვლითა და არც საგამოძიებო კომისიის შექმნით. აქედან გამომდინარე, კარგად იკვეთება, რომ მათ კარგად იციან სიმართლე და ეს სიმართლე არის ის, რომ არჩევნები არ გაყალბებულა.
შესაბამისად, როდესაც ისინი აყენებენ მოთხოვნებს ცესკოს თავმჯდომარის გადაყენებასთან, რიგგარეშე არჩევნებთან დაკავშირებით, კეთილი უნდა ინებონ და ჯერ დაამტკიცონ ის, რის საფუძველზეც ითხოვენ ამას და ამის შემდეგ შეიძლება, გააგრძელონ რაიმეს მოთხოვნა, მაგრამ არა აქვს არავითარი საფუძველი, ისევე როგორ მათ მოთხოვნებს ე.წ. პოლიტპატიმრებთან დაკავშირებით. ქართულმა საზოგადოებამ ძალიან კარგად იცის, რომ საქართველოში პოლიტპატიმრები არ არსებობენ“, - განაცხადა კობახიძემ.