საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ახალი ხელმძღვანელი ირაკლი ჩიქოვანი ჰყავს, რომელიც უწყების თანამშრომლებს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ წარუდგინა.
ახალ მინისტრს თავდაცვის სამინისტროში დახვდა ყოფილი თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე, რომელმაც მას თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და წარმატებები უსურვა.
თავდაცვის სამინისტროში გამართულ შეხვედრას თავდაცვის ძალების მეთაური გენერალ-მაიორი გიორგი მათიაშვილი, მისი მოადგილეები, სარდლები, გენერალური შტაბის დეპარტამენტების უფროსები და სამოქალაქო ოფისის სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელები დაესწრნენ.
„ბატონ ჯუანშერ ბურჭულაძეს მადლობა გადავუხადე მის მიერ გაწეული საქმიანობისთვის და წარვადგინე თავდაცვის ახალი მინისტრი, ირაკლი ჩიქოვანი. ბუნებრივია, საუბარი გვქონდა იმ საკითხებზე, რომლებიც უკავშირდება თავდაცვისუნარიანობის განვითარებას“, - განუცხადა ჟურნალისტებს ირაკლი კობახიძემ.
მედიასთან კომენტარი ასევე გააკეთა თავდაცვის ახალმა მინისტრმა. ირაკლი ჩიქოვანის თქმით, კონსულტაციები ექნება როგორც უწყების თანამშრომლებთან, ისე პრემიერთან, რის შემდეგაც, საკუთარ გადაწყვეტილებებს საზოგადოებას გააცნობს.
„ძალიან მნიშვნელოვანია ის მხარდაჭერა, რომელსაც ვგრძნობ ჩვენი პოლიტიკური გუნდის მხრიდან. რა თქმა უნდა, ჩემი ამოცანა იქნება, რომ ყველაფერი გავაკეთო იმისათვის, რათა გავაძლიერო ჩვენი ქვეყნის თავდაცვისუნარიანობა.
კონსულტაციები მექნება როგორც თავდაცვის სამინისტროში მომუშავე ადამიანებთან, ისე პრემიერ-მინისტრთან. გადაწყვეტილებებს, რა თქმა უნდა, ამ კონსულტაციების შემდეგ გაგაცნობთ“, - განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.
ინფორმაციისთვის, ეს მინისტრთა კაბინეტში ერთადერთი ცვლილებაა მას შემდეგ, რაც პრემიერ-მინისტრად ირაკლი კობახიძე წარადგინეს.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
⭕უბედურ შემთხვევას „ენერგო-პრო ჯორჯიას“ თანამშრომელი ემსხვერპლა