
„ჩვენი და აშშ-ის ურთიერთობის გადატვირთვა დამოკიდებულია უკრაინაში ტრაგედიის დასრულებაზე და იმაზე, შეძლებს თუ არა დონალდ ტრამპი „დიფ სთეითის“ განადგურებას“, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ ლევან მაჭავარიანმა აშშ-საქართველოს ურთიერთობებზე საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, პარტნიორობა უნდა იყოს რეალური, ისეთივე, როგორიც ჩინეთთან აქვს საქართველოს.
„ღირებულებების ნაწილში თანხვედრა, გზავნილებში თანხვედრა, პოლიტიკურ ხედვებში თანხვედრა გვაძლევს იმის საფუძვლიან მოლოდინს, რომ საქართველო-ამერიკის ურთიერთობები გადაიტვირთება. რეალურ პარტნიორობაზე გვაქვს ჩვენ საუბარი, ფარატინა ფურცელზე დაწერილი პარტნიორობა ჩვენთვის არაფერს არ ნიშნავს
პარტნიორობა უნდა იყოს რეალური, მაგალითად ისეთივე სტრატეგიული პარტნიორობა, როგორიც ჩვენ ჩინეთთან გვაქვს. ჩვენი და აშშ-ის ურთიერთობის გადატვირთვა დამოკიდებული არის ერთის მხრივ, უკრაინაში ამ ტრაგედიის დასრულებაზე და მეორეს მხრივ, იმაზე შეძლებს თუ არა ბატონი ტრამპი „დიფ სთეითის“ დამარცხებას და განადგურებას ამერიკაში.
ჩვენ, რა თქმა უნდა, ვისურვებდით და ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ ეს ყველაფერი ასეც მოხდება. თვითონ ურთიერთობების გადატვირთვას რაც შეეხება, ჩვენ ძალიან თავშეკავებულები ვართ. რა არ დაუბრალებია რადიკალურ ოპოზიციას „ქართული ოცნებისთვის“, ყველაფერი გამოუგონებიათ და დაუბრალებიათ. ერთადერთი არ დაუბრალებიათ, რომ „ქართულ ოცნებას“ ახასიათებს სიმჩატე.
შესაბამისად, ჩვენ ყოველთვის ძალიან თავშეკავებულები ვართ, მოვლენებს წინ არ ვუსწრებთ. იყო ძალიან საინტერესო საუბარი ქალბატონ ელჩსა და ჩვენ საგარეო საქმეთა მინისტრს შორის, მაგრამ ეს იყო დახურულ კარს მიღმა საუბარი. შესაბამისად, ჩვენ უფლება არ გვაქვს, რომ რაღაც დეტალები გარეთ გამოვიტანოთ“, - აღნიშნა მაჭავარიანმა.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
🎥 „რა მოძრაობებია მერაბ“ - მერაბ დვალიშვილი ცნობილ ტრენდზე აცეკვდა
🎥 „სულ ბედნიერი იყავი მაგარო და ნიჭიერო გოგო“ - დოდონა ნამორაძე იუბილარია