
„ჩვენ ბევრჯერ განგვიცხადებია, რომ არანაირი კავშირი ამ კანონსა და ვიზალიბერალიზაციის თემას შორის არ არსებობს“, - ასე გამოეხმაურა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე, ლევან მაჭავარიანი „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის“ კანონზე საუბრისას ვიზალიბერალიზაციით ქართველი ხალხის შანტაჟის თემას.
„ჩვენ ბევრჯერ განგვიცხადებია, რომ არანაირი კავშირი ამ კანონსა და ვიზალიბერალიზაციის თემას შორის არ არსებობს. ეს უბრალოდ შანტაჟის მექანიზმია. ფიზიკურად ჩვენ ამასთან დაკავშირებით ვერანაირ არგუმენტს ვერ წარმოგვიდგენენ. თუ რაიმე ტიპის არგუმენტებს წარმოგვიდგენენ, რა თქმა უნდა, ჩვენ მზად ვართ, რომ მოვისმინოთ, მაგრამ ეს არის ჩვენთვის წითელი ხაზი“, - განაცხადა მაჭავარიანმა.
ოპოზიციაში აცხადებენ, რომ ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის კანონი ფუნდამენტურად სცდება ევროპულ კავშირს. ოპოზიციის ნაწილი ხელისუფლებას მიზანმიმართულ ქმედებებში ადანაშაულებს, ნაწილი კონკრეტულ კითხვებზე არ პასუხობს. „ქართული ოცნებისთვის“ კი ვიზალიბერალიზაციით ქართველი ხალხის შანტაჟი მიუღებელი და უსამართლოა.