ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე ლევან მაჭავარიანი აცხადებს, რომ ოპოზიციას ქვეყნის არანაირი წარმატება არ უხარია, მხოლოდ მავნებლობით არიან დაკავებული ვიწრო პოლიტიკური ინტერესებიდან გამომდინარე, მათთვის ეს ჩვეულებრივი დღის წესრიგია.
„ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე საქართველოს დელეგაციის უფლებამოსილების აღიარების თაობაზე ჯანსაღი მოლოდინი გვაქვს, რომ საკითხის განხილვა ობიექტურობას და ფაქტებს დაეფუძნება. ჩვენი მხრიდან ძალიან აქტიური მუშაობა მიდის.
ოპოზიციისგან ეს გასაკვირი არ არის, ვინაიდან, მაგალითად, 18 ნოემბერს ევროკავშირში მსგავსი წერილი გააგზავნეს, სადაც, ფაქტობრივად, იხვეწებოდნენ, ევროკავშირს ყველანაირი ურთიერთობა გაეჩერებინა საქართველოსთან ნებისმიერ დონეზე, ყველანაირი ვიზიტი და ყველა ტიპის დახმარება, თუ რამე იყო გათვალისწინებული, რომ გადაემისამართებინათ „ენჯეოებისთვის“ და ა.შ.
ჩვენთვის ეს გასაკვირი არ არის. ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის თემა გავიხსენოთ, როდესაც ისინი ცდილობდნენ, ხელი შეეშალათ საქართველოსთვის, კაბინეტებში დარბოდნენ, რომ თითქოს კანდიდატის სტატუსს არ ვიმსახურებდით. მათთვის ეს ჩვეულებრივი დღის წესრიგია, ჩვენი ქვეყნის არანაირი წარმატება არ უხარიათ და, სამწუხაროდ, მხოლოდ მავნებლობით არიან დაკავებულები თავიანთი ვიწრო პოლიტიკური ინტერესებიდან გამომდინარე“, - აღნიშნა მაჭავარიანმა.
მისი თქმით, ოპოზიცია დამოუკიდებლად რომ არ მუშაობს, ეს უკვე ყველასთვის ცნობილია.
„გლობალური ომის პარტია, იგივე „დიფ სთეითი“ რომ „ქართული ოცნების“ შეთქმულების თეორია არ არის, ამას უკვე ნებისმიერი ლოგიკურად მოაზროვნე ადამიანი ხვდება, ვინაიდან ბატონი ტრამპი და მისი ადმინისტრაცია ასე ღიად უპირისპირდებიან მათ გავლენებს და ღიად საუბრობენ „დიფ სთეითის“ გავლენებზე როგორც ამერიკის, ისე ევროპის ბიუროკრატიაზე. მათი ინტერესია, ჩვენ შეგვიჩერდეს უფლებამოსილება, მაგრამ ჩვენ მაინც ჯანსაღი მოლოდინი გვაქვს.
წლების წინ, როდესაც ამ დელეგაციას ბატონი ირაკლი კობახიძე ხელმძღვანელობდა, იქ სწორედ ჩვენი დელეგაციის მხრიდან დღის წესრიგში რუსეთისთვის უფლებამოსილების შეჩერების საკითხი იყო დაყენებული, რომელიც არ განიხილეს. ახლა ძალიან უცნაურია, რომ, თითქოსდა ჩვენი და რუსეთის „ახლო ურთიერთობების“ გამო, შეიძლება ეს კითხვის ნიშნის ქვეშ დადგეს“, - დასძინა ლევან მაჭავარიანმა.