„შორს ვარ იმ აზრისგან, რომ ყველაფერი საშინლად შეიცვალა რაც „ქართული ოცნების“ ხელისუფლება მოვიდა. რაღაცები გაუმჯობესდა, საზოგადოებას გაუჩნდა თავისუფლების შეგრძნება, თავისუფლად ვსუნთქავთ. არ ვიცი, გახსოვთ თუ არა, ტელეფონს ვშლიდი, ყველა ასე იყო, სამეგობრო, ჩანერგილი იყო შიში,“ - ამის შესახებ აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის თოქშოუში „ვახო ხუზმიაშვილის თავისუფალი სივრცე“ „ნაცმოძრაობის“ ყოფილმა მაღალჩინოსანმა მამუკა გამყრელიძემ განაცხადა.
მისი თქმით, ახლა განსხვავებული აზრის გამოთქმა ბევრად უფრო მარტივია.
„ჩემთვის მიუღებელია ერთადერთი - დემოკრატიული პროცესის არგაგრძელება, მე ვთვლი, რომ აუცილებლად წინ უნდა წავიდეთ. ხელისუფლების ყოველი ახალი ცვლილება რაღაც სიკეთით უნდა მთავრდებოდეს. შორს ვარ იმ აზრისგან, რომ ყველაფერი საშინლად შეიცვალა რაც „ნაციონალები“ წავიდნენ და „ქართული ოცნების“ ხელისუფლება მოვიდა. რაღაცები გაუმჯობესდა, მაგალითად, საზოგადოებას გაუჩნდა თავისუფლების შეგრძნება, ეს უდავოა. თავისუფლად ვსუნთქავთ, მართლა ასეა. მე არ ვიცი, გახსოვთ თუ არა, მაგალითად, ტელეფონს ვშლიდი, ყველა ასე იყო, სამეგობრო, ჩანერგილი იყო შიში. სიმართლე გითხრათ დიდი საფრთხის შეგრძნებით არ გამოვირჩევი, თავისუფლად მოაზროვნე ადამიანი ვარ, მაგრამ იყო ასეთი პრობლემა, იყო წნეხი პრესაზეც, მე მქონდა ახლო კავშირი მედიასთან და შესაბამისად, ეს ძალიან კარგად ვიცი, ჩვენიანია, არ არის ჩვენიანი, ეს იყო, ამის უარყოფა არ შეიძლება, ეს ახლა ნამდვილად აღარ არის, განსხვავებული აზრის გამოთქმა ბევრად უფრო მარტივია“, - განაცხადა მამუკა გამყრელიძემ.