სახალხო დამცველის კონსილიუმმა საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ბრიფინგი გამართა.
კონსილიუმმა აღნიშნა, რომ სააკაშვილს, მათ აზრით, კახექსია სჭირს, რაც სიცოცხლისთვის საშიში დაავადებაა.
„წინა გასინჯვასთან შედარებით პაციენტის მდგომარეობა იყო გაცილებით გაუარესებული და შეფასდა მძიმედ, რაც გამოხატული იყო წონის კლებაში, კუნთების განლევაში. პაციენტი ვერ დგება, საუბარი უჭირს, აქვს ცხელება, ამ ყველაფერმა მოგვცა უფლება, რომ გვესაუბრა ისეთ მძიმე გართულებაზე, რომელიც არის კახექსია, რომელიც არის ინფლამატორული პროცესის საბოლოო გართულება, რომლის დროსაც ხდება ნივთიერებათა ცვლის აჩქარება და მდგომარეობის მკვეთრი დამძიმება. ჩვენი აზრით, ის ახლა შეიძლება შეფასდეს მე-4 ხარისხის კახექსიით, რასაც სიცოცხლისთვის მძიმე პროგნოზი შეიძლება მოჰყვეს, თუ ეს ასე გაგრძელდა, მას რამდენიმე თვე დარჩა.
მიუხედავად იმისა, რომ პაციენტი სხვადასხვა მრავალპროფილურ კლინიკაში მკურნალობდა, მისი მდგომარეობა მაინც სწრაფად გაუარესდა და ვფიქრობთ, რომ იგი უნდა მოაცილონ ამ გარემოს და სხვაგან გადაიყვანონ. პაციენტი ქვეყნიდან უნდა გაიყვანონ და სხვაგან უნდა უმკურნალონ. ჩვენი კოლეგები ყველაფერს აკეთებენ, არაფერს არ აკლებენ, მაგრამ ჩვენს ქვეყანას ასეთი პაციენტის მკურნალობის დიდი გამოცდილება არ აქვთ“, - განაცხადა კონსილიუმის წევრმა, თენგიზ წულაძემ.